საქართველოში აქციების მეთოთხმეტე დღე. ორგანიზატორები ტაქტიკას ცვლიან
უკვე მეთოთხმეტე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან არ წყდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.
ბოლო სამი დღეა აქცია აღარ არის ისეთი ხალხმრავალი, როგორც მანამდე იყო, თუმცა ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ ვიდრე აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია – არ დაკმაყოფილდება. მათი თქმით, პროტესტი უბრალოდ ახალ ფორმებს შეიძენს და საქმეში “პარტიზანული ტაქტიკა” ჩაერთვება – აქციის მონაწილეები აპირებენ მივიდნენ ყველგან, სადაც მივა შს მინისტრი და მას დიდი დისკომფორტი შეუქმნან.
___________________
3 ივლისს, ჩვეულ დროს, საღამოს 19 საათზე პარლამენტის წინ მომიტინგეები კვლავ შეიკრიბებიან. “სამსახურში მივდივართ,” – უკვე ასე ეძახიან ისინი ყოველ საღამოს პარლამენტის წინ დგომას.
აქციას უკვე აქვს თავისი სიმბოლიკა -წითელი ფერის თვალის სახვევი, რომელსაც აწერია “20%”. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ეს სახვევი ორ რამეს გამოხატავს – 21 ივნისის აქციის დარბევისას თვალდაკარგული ადამიანების მიმართ სოლიდარობას და ასევე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.
როგორ და რატომ დაიწყო თბილისის აქციები
ქუჩის აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო. ათასობით ადამიანის პროტესტის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გახდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.
პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ეკითხებოდნენ ხელისუფლება – “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? “
21 ივნისს, გამთენიას პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა მხედველობა დაკარგა, ერთი კი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება მას შემდეგ, რაც რეზინის ტყვია თავში მოხვდა. აქციის დაშლა ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აქციაზე მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.
21 ივნისს, დღისით საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. 24 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეთა კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.
ამჟამად პროტესტანტების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.
ორი კვირის თავზე ორგანიზატორები პროტესტის ახალ ფორმებზე ფიქრობენ.
აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს, 4 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება კონცერტი, ხოლო შაბათისთვის (6 ივლისი) იგეგმება მასშტაბური მსვლელობა თბილისის ცენტრში.
შემდეგი კვირიდან კი, პარლამენტის შენობის წინ „მუდმივი სამუშაო სივრცე“ მოეწყობა.
„ყოველ საღამოს დიდ მონიტორზე ვაჩვენებთ ფილმებს რუსულ ნარატივზე. იქნება წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები. ვილაპარაკებთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ პროტესტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გასცდეს.
„მივალთ ყველგან, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია და სხვა თანამდებობის პირები მივლენ. იქნება აქციაც, რომლის პარალელურად პროტესტი პარტიზანული ტაქტიკით გაგრძელდება“, – ამბობს მაქარაშვილი.
ვინ არიან აქციის ორგანიზატორები
აქციას ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს. 30მდე ახალგაზრდა, რომელთა შორის არიან წარმატებული მედიამენეჯერები, პროდიუსერები, ექიმები, იურისტები, სოციალური მედიის მენეჯერები, ჟურნალისტები, სტუდენტები, უკვე ორი კვირაა ჩვეულ ცხოვრებას ნაწილობრივ მოწყვეტილია. გარდა იმისა, რომ საღამოს შვიდ საათზე ისინი აქციაზე მიდიან, მანამდე ყოველ დღე მართავენ შეხვედრებს, სადაც საორგანიზაციო საკითხები წყდება.
აქციის ორგანიზატორები არ მალავენ, რომ კონსულტაციებს გადიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, თუმცა ამბობენ, დღის წესრიგს და მოთხოვნებს თავად განსაზღვრავენ და მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობენ, ვინც ამ დღის წესრიგს იზიარებს.
„ჩვენ გვგონია, რომ ხელისუფლება პოკერს გვეთამაშება. ელოდებიან პირველი ვინ დაახამხამებს თვალს. ხელისუფლებამ იცის, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს, რადგან ის ტოქსიკურ პოლიტიკოსად იქცა. მას ლეგიტიმაციაც აღარ აქვს,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალ Forbes Georgia-ს რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე ფიქრობს, რომ ორკვირიანმა საპროტესტო აქციებმა სამოქალაქო საზოგადოებაში ცვლილებების იმედი და რწმენა გააჩინა.
„ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო ასეთი აქციების ორგანიზება. მართალია, პოლიტიკური პარტიებიც არიან წარმოდგენილები, თუმცა ისინი არ არიან ლიდერები. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება ვერ დაუშვებს, რომ ეს რწმენა, გაქრეს,” – ამბობს ის.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს პროტესტმა, მოთხოვნა უცვლელი დარჩება:
“ფორმები იქნება მრავალფეროვანი. აქციებიც იქნება შენარჩუნებული, თუმცა [ხელისუფლებასთან] მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლებაზე საერთოდ არ არის საუბარი”.
ხელისუფლების პასუხი და ტაქტიკა
ხელისუფლება არ აპირებს აქციის მონაწილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მეტიც, მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მინისტრმა გახარიამ მიტინგის დაშლის გადაწყვეტილების მიღებით ქვეყანა იმ რევოლუციური სცენარისგან იხსნა, რომელსაც ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავდა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო იმ ადამიანების დევნა, რომლებიც მიტინგებს ესწრებიან. აქციაზე გამომსვლელმა მინიმუმ ორმა ადამიანმა თქვა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს აქციებში მონაწილეობის გამო.
ერთი მათგანი მეეზოვე თეიმურაზ ჯიმშელიშვილია. მეორე – გლდანის საცურაო აუზის თანამშრომელი გია წოწორია.
გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ სერიოზული ინტერნეტ-კამპანიაა გაჩაღებული. ქართული ფეისბუკსა სა ინტერნეტსივრცეში მომრავლდა აქციის ორგანიზატორთა წინააღმდეგ მომზადებული ვიდეოები თუ სტატიები. მათ წინააღმდეგ ბრძოლას რომ კამპანიური და ორგანიზებული ხასიათი აქვს, ამას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაც მოწმობს.
ხელისუფლების ტაქტიკაა აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია, ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულებად წარმოაჩინოს.
ასევე ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ ის რაც პარლამენტთან ხდება საერთო ახალგაზრდული პროტესტი სულაც არ არის და რომ არიან ხელისუფლების მთავარი კურსის მხარდამჭერი ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგს და მის კონსტრუქციულ რეჟიმში კრიტიკას ამჯობინებენ.
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ უკვე დაანონსა, რომ ხელისუფლება აპირებს შექმნას „ახალგაზრდული პლატფორმა“, რომელიც „მთავრობის დაქვემდებარებაში“ იქნება.
[toggle title=”საპროტესტო აქციების ქრონოლოგია (სანახავად ჩამოშალეთ)“]
20 ივნისი, საპროტესტო აქციების 1-ლი დღე:
• დილით საინფორმაციო გამოშვებებმა გადმოსცეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი იჯდა და რუსულ ენაზე მიჰყავდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა.
• ძალიან მალე ფეისბუკზე გაჩნდა ათასობით სტატუსი, სადაც ადამიანები აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ “ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სავარძელზე იჯდა”.
• ფეისბუკით დაიგეგმა მიტინგი პარლამენტის შენობასთან – მთავარი მოთხოვნა – გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
• საღამოს შვიდი საათისთვის აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა, მათ შორის თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი. აქციას ერქვა “სირცხვილია”. ხელისუფლებამ რუსი დეპუტატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “პროტოკოლური შეცდომა” უწოდა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა საჭიროდ არ ჩათვალა.
• გვიან ღამე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მიტინგი წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მანამდე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მომიტინგეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, რაც მოგვიანებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი გახდა. პოლიციამ ხელი შეუშალა რამდენიმე ათეულ მომიტინგეს პარლამენტის შენობის ეზოში შესულიყვნენ. მიტინგის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამმა მხედველობა დაკარგა, ერთი კი, რომელსაც რეზინის ტყვია თავში მოხვდა, დღესაც კომაშია. პოლიციამ იმ ღამეს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ხელისუფლებამ მიტინგს “ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია” უწოდა და მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე ოპოზიციას დააკისრა.
21 ივნისი, საპროტესტო აქციების მე-2 დღე:
• გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
• სადეპუტატო მანდატი დატოვა უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საორგანიზაციო საკითხებში იყო ჩართული.
• აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ მომიტინგეების მოთხოვნები შეიცვალა. გაჩნდა სამი მთავარი მოთხოვნა:
1) გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია;
2) გათავისუფლდნენ 20 ივნისის დაკავებული მოქალაქეები;
3) შეიცვალოს საარჩევნო სისტემა – გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები და პარლამენტის არჩევა მოხდეს მხოლოდ პროპორციული წესით.
• აქციის ორგანიზატორებმა, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, უარი უთხრეს პოლიტიკოსებს აქციაში მონაწილეობაზე.
• ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლითაც რუსულ კომპანიებს საქართველოში ჩამოფრენა აუკრძალა, ქართულ კომპანიებს კი, რუსეთში გაფრენა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა რუს ტურისტებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, რადგან ანტირუსული განწყობების გამო ეს მათთვის უსაფრთხო არ იქნება.
22 ივნისი, მე-3 დღე:
• ხალხმრავალი აქცია პარლამენტის წინ. აქციის მოთხოვნები უცვლელია. აქციის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი და დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
23 ივნისი, მე-4 დღე:
• აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პროვოკაციების მოწყობის მცდელობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ აქციაზე არეულობის შესატანად რიგითი მოქალაქეების სახით, ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიდიან და შეკრებილებში განხეთქილების შეტანას ცდილობენ.
24 ივნისი, მე-5 დღე:
• “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მომიტინგეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
• ასევე ცნობილი გახდა, რომ საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 20 ივნისს დაკავებული ყველა მოქალაქე, რაც ასევე მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გადადგეს შს მინისტრი.
• გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
• აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან საღამოს შვიდ საათზე. “ყველანი სამსახურში” – ასე მოუწოდებენ ისინი ერთმანეთს აქციისკენ ფეისბუკზე. პარლამენტთან გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს, რომელსაც სიმბოლურად ცალი თვალი აუხვიეს [რეზინის ტყვიების შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა]
25 ივნისი, მე-6 დღე:
• პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე აირჩია – უმრავლესობის ლიდერი 36 წლის არჩილ თალაკვაძე.
• მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას. მას ბრალდება პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
26 ივნისი, მე-7 დღე:
• 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა ნიკა მელიას. 91-ვე ხმა უმრავლესობის წევრებს ეკუთვნით. ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
27 ივნისი, მე-8 დღე:
• თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად არა პატიმრობა, არამედ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
• შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ორსაათიანი ინტერვიუ მისცა ტელევიზიის ჟურნალისტებს. 20-21 ივნისს გახარიამ მძიმე დღეები უწოდა და თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით გრძნობს პირად პასუხისმგებლობას და გადადგომას არ აპირებს, რადგან უნდა გამოიძიოს ვინ და რატომ გადააჭარბა ძალას მიტინგის დაშლისას. მან ასევე ხელისუფლების სხვა წევრების მსგავსად გაიმეორა, რომ ოპოზიცია აქციის მონაწილეებს ძალადობისკენ აქეზებდა და მომხდარში მათი დიდი წვლილია.
• საპროტესტო აქციის მერვე დღე ბიძინა ივანიშვილის სახლთან მსვლელობით დასრულდა. დემონსტრანტებმა ყვითელი ბარათები აჩვენეს ოლიგარქს. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი რეზიდენციასთან “წითელ ბარათებით” მოვლენ.
28 ივნისი, მე-9 დღე:
• აქცია პარლამენტთან კვლავ შვიდ საათზე დაიწყო. მოთხოვნები უცვლელია. აქციის ორგანიზატორებისა და აქციაში მონაწილე ადამიანების აზრი ორად გაიყო – ნაწილის აზრით, აქცია პოლიტიკოსებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, განსაკუთრებით კი, მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ “ნაციონალური მოძრაობის წევრებმა”. მეორე ნაწილის აზრით, შედეგის მისაღწევად პოლიტიკოსების პროცესებში მონაწილეობა აუცილებელია.
29 ივნისი, მე-10 დღე:
• საპროტესტო აქციების მეათე დღეს, ათასობით მოქალაქე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით “თავისუფლების მარშზე” გამოვიდა. “გახარია, წადი!”, – ამ ლოზუნგით საპროტესტო მსვლელობა საღამოს 7 საათზე დაიწყო.
“თავისუფლების მარშში”ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
სამთავრობო მედია აქციის გაშუქებისას ამ აქციას ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულს უწოდებს.
თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები ბათუმსა და ზუგდიდშიც გაიმართა.
30 ივნისი, მე-11 დღე:
• 20 ივნისის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ მომიტინგეებმა ხალხის სიმცირის გამო რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ვერ შეძლეს. თუმცა, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
[/toggle]