ქრისტეს შესახებ ხუმრობის გამო, "ქართული მარშის" წევრები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ მიერ თბილისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ექვს ადამიანს „წვრილმან ხულიგნობასა“ და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლები 19 მარტს ტელეკომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, რათა თავიანთი აღშფოთება გამოეხატათ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას იმ გამონათქვამის გამო, რომელშიც ქრისტე მოიხსენიებოდა.
საკუთარ ტელეშოუში „პოსტსკრიპტუმი“, გაბუნიამ აჭარიდან და გურიიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვასთან დაკავშირებული სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ „იესო ქრისტემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ორი ათასი წლის წინ ისრაელში დაიწყო ქადაგება – ის აჭარაში უნდა ჩასულიყო, რადგან იქ მას ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ამ რეგიონში ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ დარჩა“.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა ამ ხუმრობას „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა“ უწოდეს. მათ ტელეკომპანიის შესასვლელთან გზა გადაუკეტეს მანქანას, რომელშიც გაბუნია და „რუსთავი 2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ისხდნენ და ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.
ამის შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა ჟურნალისტების მონაწილეობით. შედეგად, ქართული მარშის წარმომადგენლებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც მურადაშვილი და გაბუნია ისხდნენ, და ცხვირი გაუტეხეს სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს.
•„ქართული მარში“ — არის გაერთიანება, რომელიც ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობების პროპაგანდას ეწევა, და თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს მართავს. გასული წლის შემოდგომაზე მათ თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ჩაატარეს აქცია, რომელზეც მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრებას და საქართველოდან „არალეგალი და კრიმინალი უცხოელების“ გაძევებას მოითხოვდნენ.
• ამ ორგანიზაციის წევრებმა ასევე ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინაც გამართეს აქცია, რომელზეც ლგბტ მოძრაობის დროშა დაწვეს. ისინი მოითხოვდნენ, ეროვნული ნაკრებიდან გაერიცხათ გურამ კაშია, რომელიც მოედანზე ლგბტ-ს დროშის სამკლაურით გამოვიდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წინ გამართული კიდევ ერთი აქციის დროს „მარშის“ მონაწილეები ტელეკომპანიის შენობას ცოცხალ ქათმებს ესროდნენ.
მომხდართან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ამ ინციდენტს დანაშაული უწოდა და ხელისუფლებისგან ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
ამავდროულად, გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას ასევე არ მოეწონა ჟურნალისტის გამონათქვამში ქრისტეს მოხსენიება, რის გამოც, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადეს – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ეთიკის საბჭომ.
„მინდა ტელეკომპანიის სახელით ბოდიში მოვიხადო ყველა მორწმუნეს წინაშე, ვისი გრძნობებიც შეილახა. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ამ განცხადების გამო საყვედური გამოუცხადეს“, – განაცხადა გვარამიამ. მან იქვე დასძინა, რომ მობოდიშების ადრესატები ჟურნალისტებზე თავდასხმის მომწყობი ადამიანები არ არიან და ისინი ქრისტეს მიმდევრებად არ მოიაზრებიან.
გვარამიას მობოდიშების შემდეგ სოციალურ ქსელებში ახალი სკანდალი გაჩაღდა: ბევრმა სეკულარულ სახელმწიფოში ქრისტეს შესახებ ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდა მიუღებლად მიიჩნია, რადგან ეს გამოთქმის თავისუფლების ზღვარის შელახვაა.
„რელიგიური გრძნობები არ არსებობს. ეს ტერმინი „კგბ“-ში მოიგონეს და მას ხშირად იყენებენ დღევანდელ რუსეთში რეპრესიების ინსტრუმენტად. ამიტომ, ამ ტერმინის გამოყენება, იმავე წესებით თამაშს ნიშნავს, რასაც რუსეთი გვკარნახობს“, – დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ.
„პრორუსული ულტრანაციონალისტების აგრესიული ქმედებების შემდეგ ქრისტეს შესახებ ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდით „რუსთავი 2“-მა საშიში პრეცედენტი შექმნა ყველა იმ ჟურნალისტისთვის, ვინც რელიგიის თემაზე მუშაობს. ეს მობოდიშება, შესაძლოა, მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზეზად იქცეს“, – მიაჩნია რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტს, ლევან სუთიძეს.
ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ და „ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით“ არის აღძრული, რაც ან ჯარიმით, ან 100-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ანდა თავისუფლების 1 წლიდან 3 წლამდე აღკვეთით ისჯება.