უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა.
განცხადება ამის შესახებ სასამართლოს ვებ-გვერდზე ვრცელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვენეტაძემ პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ის საზღვარგარეთ, რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებს.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2015 წლის 20 მარტს პარლამენტმა 10 წლიანი ვადით აირჩია. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შერჩეული კანდიდატურა იყო.
წერილში, რომელიც სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოკლედაა მიმოხილული ნინო გვენეტაძის სამწლიანი მუშაობის შედეგები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვენეტაძის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღა.
გვენეტაძის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია მანამდეც გავრცელებულა. 2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელიცაა განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 34 კაციანი სიის ხელმოწერას აიძულებდნენ. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ მოხდა. მაშინ გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მაინც მოაწერა.