ფილმში საუბარია საქართველოში ლიბერალი და კონსერვატიულად განწყობილი ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფების დაპირისპირებაზე, რაც წლებია გრძელდება და უფრო და უფრო მძაფრდება.
BBC-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ღამის კლუბები არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი საქართველოში LGBT პირებისათვის და აქ უამრავი ახალგაზრდა იკრიბება განსატვირთად. ქართველი ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდები ფილმში საუბრობენ საქართველოს მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე, ასევე ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრაზე და იმ სიტუაციაზე, რაც კლუბში მოცეკვავე ადამიანებს შეექმნათ. მათ გააკრიტიკეს ამ ფორმით ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების პროტესტი. ლიბერალურად განწყობილმა ახალგაზრდებმა მათი თავისუფლების შეზღუდვა ცეკვით გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან.
ფილმში წარმოდგენილია ლიბერალებთან დაპირისპირებული ნეონაცისტური ჯგუფების პოზიციაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ქართული იდეოლოგიის დასაცავად იბრძვიან. მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ფილმში განაცხადა, რომ მათი იდეოლოგია, დონალდ ტრამპის იდეოლოგიის მსგავსია და ქართული მემარჯვენე კონსერვატიული ძალების იდეოლოგია ქრისტიანულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს ეფუძნება.
ფილმში ასევე საუბარია ამ პროცესებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე გარე ძალის – რუსეთის გავლენაზე. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ჟურნალისტს უყვება ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციების ზოგიერთი ხელმძღვანელის რუსეთთან კავშირზე და რუსეთიდან მათ დაფინანსებაზე. თუმცა, სანდრო ბრეგაძე ინტერვიუში მისი ორგანიზაციის რუსეთთან კავშირს უარყოფს.