საქართველოს პრემიერი: ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ჰუმანიტარული კატასტროფაა
“ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, არის ჰუმანიტარული კატასტროფა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ .
მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის აუცილებელია საქართველოში ძლიერი ევროპული დემოკრატია და ძლიერი ეკონომიკა შეიქმნას.
„ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ დღეს. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც იმ ტერიტორიებზე ხდება – ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა.
მინდა შეგახსენოთ, რომ ომამდე ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა იყო 120 ათასი. ახლა არის 20 ათასი და აქედან 7 ათასი არის რუსეთის ჯარი.
ასევე, ომამდე აფხაზეთის მოსახლეობა იყო 550 ათასი, ახლა 120 ათასს არ აღემატება. მაშასადამე, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული გამოწვევაა. ჩვენ ვცდილობთ გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე,” – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა გვაქვს – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
“ამ ინიციატივის მთავარი იდეაა ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგია“, – ციტირებს მამუკა ბახტაძის სიტყვებს სააგენტო “ინტერპრესნიუსი”.
პრემიერის თქმით, ამ ყველაფერზე საუკეთესო პასუხი საქართველოში ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება იქნება.
„ჩვენ ილუზიები არ გვაქვს. ეს გზა ნამდვილად არის გამოწვევებით სავსე, თუმცა, მტკიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე. იმისთვის, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება შევძლოთ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპული დემოკრატია და ძლიერი ეკონომიკური გარემო, სადაც ყველას ექნება საკუთარი პოტენციალის რეალიზების შანსი. ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ორი ძირითადი წინაპირობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„ფაინენშელ თაიმსის“ რედაქტორის კითხვაზე, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის საკითხი, ბახტაძემ უპასუხა, რომ საქართველოში ეს თემა აქტუალურია.
ბახტაძის თქმით, რუსეთი ცდილობს მოახდინოს გავლენა საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალოს ქართველი ხალხის პოზიტიური დამოკიდებულება ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიმართ.
“ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე და ეს იქნება საუკეთესო პასუხი რუსეთის მხრიდან გამოწვევაზე. სამწუხაროდ, სიღარიბე ხშირად ქმნის საუკეთესო ფონს და წინაპირობას ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის აღმოცენებისთვის. რუსული პროპაგანდა ამ სისუსტეების გამოყენებას ცდილობს.”
თუმცა, მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწია, ამბობს საქართველოს პრემიერი.
“რუსეთის პროპაგანდა ვერასდროს მიაღწევს წარმატებს საქართველოში. თუ შეხედავთ უკანასკნელი არჩევნების შედეგებს, პრორუსული პარტიები ხუთ პროცენტზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
• საერთაშორისო კონფერენციის “მსოფლიო თავდაყირა 2018” მთავარი თემა რუსეთი და მის მიერ გავრცელებული პროპაგანდაა.
კონფერენცია მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით უკვე მეოთხედ იმართება საქართველოში.
ორგანიზატორების ცნობით, ყოველი წლის სექტემბერში, კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.