შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასამართლომ ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო. ერთ-ერთი განსასჯელი დამნაშავედ სცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორეს კი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა და არა მკვლელობა დაედო ბრალად.
შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მოზარდების მკვლელობიდან ექვსი თვის თავზე, დღემდე გაუკრვეველი რჩება, ვინ მოკლა 16 წლის დავით სარალიძე.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დიდი საპროტესტო აქცია საქართველოს პროკურატურასთან. დავით სარალიძის მამამ – ზაზა სარალიძემ ყველას მოუწოდა აქციაზე მოსვლისკენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა – შოთაძის გადადგომა იყო.
ზაზა სარალიძე თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ პროკურატურა ხელს აფარებს ნამდვილ დამნაშავეებს და ისინი დაკავებულები არ არიან. სარალიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ, დაადასტურა, რომ პროკურატურამ საქმე არასწორად წარმართა და მკვლელები არ დაუკავებია.
აქციაზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ასევე იმ სკოლის მოსწავლეები მივიდნენ, სადაც ხორავას ქუჩაზე დაღუპული მოზარდები სწავლობდნენ.