სად ატარებენ ბაქოელები შვებულებას?
დღეს მანათის რეალური ღირებულება ერთნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე ერთნახევარი წლის წინათ. და აი, უკვე მეორე ზაფხულია, რაც ბევრ ბაქოელს საზღვარგარეთ დასვენების საშუალება აღარ აქვს. მცირე ქსპრესგამოკითხვა ჩავატარეთ იმის გასარკვევად, თუ სად ისვენებდნენ ბაქოელები. აი, ყველაზე პოპულარული მიმართულებები:
შიდა ტურიზმი
ეს მიმართულება ყოველთვის პოპულარული იყო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ყველაფერი, რასაც მიჩვეულები ვართ – სამზარეულო, გარემო, მარშრუტი და ა.შ. ამას გარდა, მანათის კურსის დაცემის შემდეგ აზერბაიჯანში დასვენება, ბევრისთვის მოულოდნელად, მეზობელ საქართველოში ჩასვლაზე იაფიც კი გახდა.
ადნანი (29 წლის). ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ნაბრანში ჩავა. ეს რეგიონი ზღვის ნაპირზე მდებარეობს და ტყის მასივებითაა დაფარული. ნაბრანში ბევრი ძვირადღირებული სასტუმრო და იაფი კოტეჯია. “გასულ წელს ცოლის ნათესავებს ვესტუმრეთ რუსეთში, მანამდე კი ევროპაში ვიყავით, – ამბობს ადნანი, – წელს ალბათ არსად წავალთ. თუ მოვახერხებ, ან ნაბრანში ჩავალ, ან – შექიში. როგორც ვიცი, ამ მიმართულებებით იაფი ტურები არსებობს და მცირე თანხით ოთახის, ან მთელი ბინის დაქირავებაა შესაძლებელი.”
ვაგიფი (30 წლის): “ჩემს სამსახურში განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნება რეგიონების მიმართ. კერძოდ, ბევრს სურს, სადმე ოთახი იქირაოს. ერთი ადამიანისთვის საშუალო ფასი 10 მანათია [დაახლოებით 6 დოლარი] დღე-ღამეში, რაც სასტუმროების ნომრებზე 3-4-ჯერ უფრო იაფია.”
საქართველო
ზოგიერთი ამჯერადაც საქართველოში ისვენებს. თუმცა, ბევრი აღნიშნავს, რომ იქ მკვეთრადაა გაზრდილი ფასები და ამის ერთ-ერთი მიზეზი მანათის ლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურებაა. როგორც წესი, აზერბაიჯანელები შვებულების საქართველოში გატარებას დასვენების ეკონომიურ ვარიანტად მიიჩნევენ. აზერბაიჯანელი ტურისტები ამ ქვეყანას იმ შემთხვევებში სტუმრობენ, როდესაც ევროზონაში დასასვენებლად ფული არ ყოფნით.
სერგეი (37 წლის). წელს ოჯახთან ერთად ქართულ ბათუმს ეწვია. “მთლიანობაში ყველაფერი საგრძნობლად გაძვირდა. არამხოლოდ მანათის გამო. ფასები ლარშიც გაზრდილი იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის მიზეზი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების სიმრავლეა, რომლებმაც, სანქციების გამო, თურქეთში ჩასვლა ვერ შეძლეს. თუკი მომავალ წელსაც ასე გაგრძელდება და აზერბაიჯანში მდგომარეობა არ დარეგულირდება, ბათუმში აღარ ჩავალთ.”
ალექსანდრა (35 წლის): “ქვეყნის ეკონომიკრი მდგომარეობა ჩემზე საერთოდ არ ასახულა. ჩემზე აისახა ჩემი იპოთეკა, რომლის წყალობითაც, მხოლოდ საქართველოში თუ მოვახერხებ დასვენებას.”
ნიგიარი (32 წლის): “აგვისტოში ბათუმში ვაპირებთ ჩასვლას. წარმოდგენა არ მაქვს, რა სახსრებით, მაგრამ ვაპირებთ.” ამბობს, რომ მისი შემოსავლები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებლი. რატომ საქართველო? იმიტომ, რომ საქართველოში დაბალი ფასები და, აზერბაიანის რეგიონებთან შედარებით, მაღალი ხარისხის მომსახურებაა.
მშობლიური მიწა-წყალი
რა თქმა უნდა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მხოლოდ ქალაქის გარეუბნებში ჩადიან. ამის მიზეზად ისინი ბილეთების მაღალ ფასებს (მ.შ. საუბარია მატარებლის ბილეთებზეც, რომლებიც 1,7-ჯერაა გაძვირებლი) და არასტაბილურობას ასახელებენ. ქვეყანაში არსებული არაპროგნოზირებადი ეკონომიკური სიტუაციის გამო, ამ კატეგორიის ადამიანები უმჯობესად მიიჩნევენ, რომ ფული შავი დღისთვის გადაინახონ.
გრიგორი (50 წლის): “წელს, ჩვეულებისამებრ, აგარაკზე დავისვენებ და “იუთბზე” მოგზაურთა არხებს ვუყურებ. ჯერჯერობით საზღვარგარეთ წასვლას ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა, ჩემი შემოსავლები დოლართან მიმართებაში შემცირებულია.
დმიტრი (33 წლის): “ჩემი დასვენება წელს მშობლიური პლაჟით, ლუდით, ხილით, მზესუმზირითა და საზამთროთი განისაზღვრება. ოღონდაც ის დრო ნუ დადგება, როდესაც თავს ამის უფლებასაც ვერ მივცემ.”
ანარი (32 წლის): “ჩემი შემოსავლები არ შეცვლილა, მაგრამ ჩემი მსყიდველობითუნარიანობა დაეცა. დისკომფორტს ვგრძნობ. წელს სადმე წასვლას არ ვგეგმავ, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საკმარისი ფული მაქვს. უბრალოდ, ჩემთვის უმჯობესია, მარაგი მქონდეს.”
ვისაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად
ზოგიერთი მზადაა, ძვირადღირებულ ტურისტული მიმართულებებით დახარჯოს ფული. როგორც წესი, ასეთი ადამიანები, კრიზისის მიუხედავად, ფულის ეკონომიის საშუალებებს პოულობენ, ან უბრალოდ პრინციპულად ირჩევენ ასეთ ტურებს.
ვიქტორი (34 წლის): “ზაფხულში ევროპაში ჩავედით, რადგან Wizzair-ით ფრენა იმდენივე ჯდება, რამდენიც ბათუმში მატარებლით ჩასვლა.”
ლალა (34 წლის): “მაისში თბილისს ვეწვიეთ და რობი უილიამსის კონცერტს დავესწარით. იაფად გამოვედით – საკუთარი მანქანით ჩავედით, დიდი ბინა ვიქირავეთ – 6 მოზრდილი ადამიანისთვის და კონცერტის ბილეთები სასაცილო ფასად (20 ლარად) შევიძინეთ. ივლისში ბავშვთან ერთად 10 დღით ქემერში [თურქეთი] მივდივარ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა დამ (რუსი შუამავლის წყალობით) ერთი თვით იქირავა.
კოტეჯი. ამის შემდეგ მეუღლის ნათესავებთან ჩავალ მოსკოვში და იქ ორიოდე კვირით დავრჩები. ბილეთები ძვირი ჯდება. ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას მხოლოდ იმის გამო ვახერხებთ, რომ იქ საცხოვრებლად ხარჯის გაწევა არ მომიწევს. ვიდრე ორივე (მე და ჩემი მეუღლე) ვმუშაობთ, საშუალება გვაქვს, მცირე ფუფუნების უფლება მივცეთ თავს. მხოლოდ ჩემი ქმარი რომ მუშაობდეს, ალბათ, ვერსად ჩავიდოდით.”
ალიხანი (47 წლის). ყოველ წელს ოჯახთან ერთად ჩადიოდა ევროპაში. აბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნახევარი მოიარა. “წელსაც წავალთ – ალბათ, აგვისტოში. ვიმოგზაურებთ არსებული სიტუაციის მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში რაღაც ნათელი წერტილი მაინც გვქონდეს.”
ეგზოტიკური დასვენება
სტატიის ავტორს ეგზოტიკური დასვენების (კუნძულოვანი სახელმწიფოები, ამაზონიის მივარდნილი ქვეყნები) მოყვარულები არ შეხვედრია.
გამოქვეყნდა: 31.07.2016