რუსული ტელეარხების პოპულარობა იზრდება
რუსული ტელეკომპანია NTV და რუსეთის პირველი არხი (ORT) საქართველოში ყველაზე პოპულარული უცხოური არხებია.
ეს შედეგი აჩვენა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გასული წლის ბოლო კვარტალს შეეხება.
ქვეყნის მასშტაბით 2700 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა თითქმის ნახევარი (47.7%) ამბობს, რომ უცხოურ სატელევიზიო არხებს უყურებს და უმრავლესობა უცხოურ არხებში სწორედ რუსულ არხებს გულისხმობს. გამოკითხულთა 33 პროცენტი ამბობს, რომ უცხოური არხებიდან ყველაზე ხშირად NTV-ს უყურებს, 22 პროცენტი _ ORT-ს, 11 პროცენტი _ RTR-ს. ასევე, 12 პროცენტი ამბობს, რომ თითქმის ყველა რუსულ არხს უყურებს. ბიბისი–ს მაყურებელია 3 პროცენტი. 16 პროცენტი სომხურენოვან არხებს უყურებს.
GNCC-ის კვლევაში არ ჩანს, რა მიზნით უყურებენ ადამიანები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებს: ინფორმაციის მისაღებად თუ, მაგალითად, სერიალებს და გასართობ შოუებს უყურებენ – კვლევის ფოკუსი ეს არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, თბილისში ფიქრობენ, რომ რუსული ტელევიზიების ეს მზარდი პოპულარობა საგანგაშო შეიძლება იყოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი საზოგადოებრივი ინიციატივის საფუძველზე შექმნილი ონლაინ-პლატფორმის damoukidebloba.com-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს პლატფორმა საქართველოში რუსული პროპაგანდისა და ე.წ. “რბილი ძალის გავრცელების ანალიზითაა დაკავებული. ავალიშვილი ფიქრობს, რომ ზემოხსენებული კვლევის მონაცემები პრობლემურია:
“ამ კვლევის მიხედვით, საქართველოდან მაყურებლები ძირითადად NTV-ს და ORT-ს ჰყავს… ეს მედია არ არის. ეს არის რუსეთის სახელმწიფო აპარატის ერთ-ერთი განშტოება. ეს არის რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლირებადი ინსტუმენტი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს _ კრემლის ნარატივის გავრცელება და თავსმოხვევა.
ავალიშვილი ფიქრობს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა არა შეზღუდვებისა და კონტრპროპაგანდის მეშვეობით, არამედ დეზინფორმაციაში მხილებით, როგორც ამას, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები აკეთებენ.
GNCC-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა, რომელიც, ლევან ავალიშვილის აზრით, მოწმობს იმას, რომ მათი რუსული ტელეკომპანიების შეზღუდვა ეფექტური არ იქნება. გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ სატელევიზიო მომსახურების მისაღებად თანამგზავრული ტიპის მაუწყებლობას იყენებს, 31% _ საეთეროს, საკაბელოს _ 18.7%, ხოლო ინტერნეტტელევიზიას – 9.7%.
“მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციას სატელიტის მეშვეობით იღებს და სატელიტზე შეზღუდვების გავრცელება ფიზიკურად შეუძლებელია. მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი, განსაკუთრებით რეგიონებში, სატელიტს იყენებს, – ამბობს ლევან ავალიშვილი ‘ნეტგაზეთთან’ ინტერვიუში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ასევე ფიქრობს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა არა პირდაპირი აკრძალვის გზით.
“ ამ შემთხვევაში რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია შეიძლება იყოს მოთხოვნა, რომ ყველაფერს გაეცეს პასუხი. დავავალოთ ხალხის მიერ დაფინანსებულ პირველ არხს, რომ ყურადღებით შეისწავლოს რუსული პროპაგანდა და გამოყოს ცოტა დრო მასზე საპასუხოდ იმავე ენაზე. ქართული რუსულენოვანი არხი აშკარად საჭიროა. ასეთი გზა ჯობს მათ დახურვას, – ამბობს იგი და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
“შევხედოთ, როგორ იქცევა ევროპული საზოაგდოება. იქ გადის “რაშა თუდეი, მათ ენაზე, მაუწყებლობს. ამას ითმენენ, გადაწყვეტილება აქვთ, რომ დეზინფორმაცია ამხილონ და ფული დაიხარჯოს ამაზე, – ამბობს იგი.
- რუსულენოვანი არხების დიდი ნაწილის რეტრანსლირება საქართველოში მოქმედმა საკაბელო კომპანიებმა 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვიტეს.
- რუსეთის სახელმწიფო პირველი არხი (ОРТ ) სხვა რუსულ ტელევიზიებთან ერთად ქართულ საკაბელო ქსელებში 2014 წელს დაბრუნდა.
- 2014 წელს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ბარამიძე გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიების ტირაჟირების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვის ინიციატივით, თუმცა საბოლოო ჯამში ეს პროექტი ჩავარდა.
წყარო: netgazeti.ge
გამოქვეყნებულია:29.03.2016