უკრაინა რუსეთს პოლიტპატიმრების გაცვლას სთავაზობს. რუსეთიც არ არის უარზე
უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი სასამართლოზე ქალაქ როსტოვში, რუსეთი, 2015 წლის 21 ივლისი. ფოტო: REUTERS/ სერგეი პივოვაროვი
უკრაინა მზადაა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების გათავისუფლების სანაცვლოდ, უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები გაათავისუფლოს, – იუწყება უკრაინული გაზეთი „Сегодня“.
პატიმართა შესაძლო გაცვლის შესახებ განცხადებები უმაღლესი რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა და დონბასთან დაკავშირებული სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინის წარმომადგენელმა ირინა გერაშენკომ გააკეთეს.
გერაშენკომ წარმოადგინა რუსეთის იმ 23 მოქალაქის სახელობითი სია, რომელთა გადასაცემადაც უკრაინა მზადაა. მან ასევე განაცხადა, რომ „კიევი მოსკოვისგან სენცოვის, კოლჩენკოს, სუშჩენკოს, გრიბას, ბალუხას, პანოვის, და ასევე იმ უკრაინელი ბიჭების გადმოცემას ელოდება, რომლებიც ოკუპირებულ დონბასში ჰყავთ დაკავებული“.
რუსეთის ფედერაციის საბჭოში ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ და სენცოვის რუს პატიმრებში გაცვლა დაუშვეს.
„ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ სენცოვი გაცვლით სიაში მოხვდეს. მისი გაცვლის თემა უკრაინის მხარეს არაერთხელ წამოუწევია, მისი გვარი (გაცვლისთვის) კვლავაც აქტუალურია“, — თქვა ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი კონდრატიევმა.
• ვინ არის ოლეგ სენცოვი, უკვე თვენახევარზე მეტია რუსეთის ციხეში შიმშილობს
2015 წელს ის ერთადერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ტერაქტების მომზადებისა და მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს.
რუსეთის მთავრობა სენცოვის შიმშილობას იგნორირებას უკეთებს.
სენცოვი რუსეთში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების სიაში შედის. სიაში სულ 70 ადამიანია.
რუსი პატიმრების ზუსტი სია უკრაინაში ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, პატიმრობაში რუსეთის დაახლოებით სამასი მოქალაქე იმყოფება. „სამხედრო“ მუხლების მიხედვით მსჯავრდებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 19-დან რამდენიმე ათეულის ფარგლებში მერყეობს, – წერს რუსული „ნოვაია გაზეტა“.
„ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი ესაუბრა უკრაინული უფლებადამცავი ორგანიზაციის „მედიის ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“ კოორდინატორს ოლგა რეშეტილოვას, რომელიც ატარებს აქციებს ლოზუნგით „თქვენები წაიყვანეთ – ჩვენები დაგვიბრუნეთ!“.
მისი თქმით, უკრაინული სპეცსამსახურები უკრაინაში მსჯავრდებული რუსების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვას ცდილობენ. რეშეტილოვა ამას იმით ხსნის, რომ, ხელისუფლების აზრით, ამ სიტუაციაში ინფორმაციის გახსნილობა და გამჭვირვალობა მოლაპარაკებების პროცესს მხოლოდ ზიანს მოუტანს.
რეშეტილოვა ასეთ პოზიციას არ იზიარებს. მას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საჯაროობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გათავისუფლებას დაეხმარება. რეშეტილოვას მტკიცებით, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება დიდწილად მისმა ცნობადობამ განაპირობა.
მას შემდეგ, რაც უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები ლიუდმილა დენისოვა და ტატიანა მოსკალკოვა ორივე ქვეყანაში 34 პატიმრის მონახულებაზე შეთანხმდნენ, „მედიის ინიციატივას“ მეტი ინფორმაცია გაუჩნდა. როგორც რეშეტილოვა ამბობს, თუკი მანამდე 22 რუსი პატიმრის გვარი და მათი სისხლის სამართლის საქმეების დეტალები იყო ცნობილი, ახლა მათი რაოდენობა უკვე 25-ია, და ეს სია იზრდება.
„მედიის ინიციატივების“ მთავარი ამოცანა უკრაინაში რუსი პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაა, რათა მოლაპარაკებების დროს კიევის პოზიციები გამყარდეს. რეშეტილოვა ჰყვება, რომ მისი ორგანიზაციის ხელთ არსებული სია ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შედგა და სხვადასხვა უკრაინელ დიპლომატს გადაეგზავნა.
უფლებადამცველები ცდილობდნენ, რომ ეს სია არ გაესაჯაროებინათ, თუმცა ამჟამად, როდესაც სიტუაცია კრიტიკული ხდება, აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გახმაურდეს.