მოსკოვი კმაყოფილი დარჩა ოფიციალური თბილისის რეაქციით, რომელიც ერთ-ერთი ქართული ტელეარხის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტ პუტინის გინებას მოჰყვა.
სანქციები უქმდება?
რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების შესაძლებლობას, განაცხადა წყარომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. „თუკი საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება, რუსოფობია შეწყდება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები იქნება, შესაძლო იქნება ავიამიმოსვლაზე საუბარი“, – თქვა მან.
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიაკავშირი მოსკოვის გადაწყვეტილებით შეწყდა. აკრძალვა ძალაში 2019 წლის 8 ივლისს შევიდა.
რუსეთის პარლამენტი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრების ინიციატივითაც გამოვიდა, კერძოდ, ღვინისა და მინერალური წყალის შეტანის აკრძალვის, ასევე, საქართველოს მიმართულებით ფულადი გზავნილების შეზღუდვის, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ასეთი ზომების წინააღმდეგ გამოვიდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, პუტინის განცხადების შემდეგ, სანქციების დაწესების შანსი ნულის ტოლია.
რა მოხდა: ვერსიები
რუსულ მედიაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსეთის პოლიტიკაში, რომელსაც საქართველოს მიმართ ახორციელებს.
თავდაპირველად არავინ იყო რუსეთში მზად საქართველოში მომხდარი მოვლენებისთვის, რომელსაც იმპულსი თბილისში დეპუტატ გავრილოვის ვიზიტმა მისცა. და როდესაც სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ სცადა მისი გამოყენება. მკაცრი ხაზის მომხრეებმა შემოგვთავაზეს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება, რათა რუსული საზოგადოების ყურადღება გადაეტანათ გამწვავებული შიდა პრობლემებისგან. შედეგი იყო პრეზიდენტის განკარგულება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ. მაგრამ შემდეგ, პუტინის გარემოცვაში უფრო ლიბერალური ხაზის მომხრეებმა დაარწმუნეს ის ამ გზაზე უარი ეთქვა.
საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება – ეს დეტალურად შემუშავებული გეგმაა. მისი მიზანია – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს რუსეთს კონსტიტუციის გადაწერის უფლებას მისცემს და კანონიერად აირჩევენ პუტინს პრეზიდენტად მეხუთე ვადით 2024 წელს.