რუსეთის პეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი და რუსეთი ურთიერთანგარიშსწორებას ეროვნული ვალუტით დაიწყებენ
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი და სომხეთი ურთიერთ ანგარიშსწორებას ეროვნული ვალუტით დაიწყებენ – ანუ დრამებითა და რუბლებით, რაც ვაჭრობის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
ვლადიმირ პუტინი ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას ლაპარაკობდა.
სომხეთის პრეზიდენტი 14-16 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ამასთანავე, ჯერ კიდევ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის მომენტიდან განიხილება ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში ერთიანი ვალუტის დანერგვის მიზანშეწონილობა.
სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ორი წლის წინათ გახდა. ორგანიზაციის დანარჩენი წევრები არიან – რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.
სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი რუბენ მეგრაბიანი მიიჩნევს, რომ ერთიანი ვალუტის შექმნის მიზანი ეკონომიკური განვითრება კი არ არის, არამედ პოლიტიკური საკითხია – ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბჭოთა კავშირად გადაქცევის პუტინისეული იდეა.
ეკონომისტ ტატულ მანასარიანის აზრით, ერთიანი ვალუტა უნდა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც ეკონომიკური ინტეგრაციის უმაღლეს, მეოთხე დონეს მიაღწიეს. მანამდე უნდა ჩამოყალიბდეს: 1. თავისუფალი სავაჭრო ზონა; 2. საბაჟო კავშირი; 3. საერთო ბაზარი. ვიდრე ეკონომიკური,სოციალური, საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის უნიფიცირება არ მოხდება, ერთიან ვალუტაზე გადასვლა გაძნელდება.
ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მისნისტრს დმიტრი მედვედევსაც შეხვდა.
მევედევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პრობლემების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ იმატა. კერძოდ, გაიზარდა სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოცულობა. რუსეთის პრემიერის აზრით, სომხეთიდან ექსპორტის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ რესპუბლიკის ინტეგრაციას უკვე მოაქვს თავის ნაყოფი“. არსებითად, საუბარია სომხეთის მხრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობაზე.