როგორ მდიდრდებოდნენ ქართველი ჩინოვნიკები: დეპუტატების და მინისტრების ელიტური სახლები
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიაგნო მმართველი პარტიის მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების ქონებას, რომელიც მათ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
ფეშენებელური სახლების ახალგამომცხვარი მფლობელების სიაში აღმოჩნდნენ პარლამენტის დეპუტატები, სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელი, მოსამართლე, და ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი – ადამიანი, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს წინა პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ელიტური კორუფციის არსებობაში სხვებზე მეტად ადანაშაულებდა.
რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, პრაქტიკულად ყველა ამ ძვირფასი სახლის მფლობელები ჩინოვნიკების ცოლები ან სხვა ნათესავები არიან.
„რუსთავი-2“-მა მდიდრული სახლები დრონის მეშვეობით უჩვენა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხელისუფლებაში მოსვლამდე მისი დედის სახელზე გაფორმებული მხოლოდ ორი ბინის მფლობელი იყო. მის დეკლარაციაში ასევე მითითებული იყო მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის რაიონში, რომელიც ცოლის სახელზე ჰქონდა გაფორმებული.
ამჟამად ის ბევრად უფრო მდიდარი ადამიანია: მინისტრის ცოლის, ლანა მანჯგალაძის სახელზე გაფორმებულია დიღომში მდებარე ფეშენებელური ორსართულიანი სახლი, დამატებითი მანსარდული სართულით, დიდი ეზოთი და სპორტული ინვენტარით. საბუთების თანახმად, იზორიამ ეს სახლი მაშინ ააშენა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა – 2015 წლამდე.
და ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ერთი, უფრო მდიდრული, 386 კვადრატული მეტრის ზომის სახლის მშენებლობა დიღომში (თბილისის უბანი) 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. ის ასევე თავდაცვის მინისტრის მეუღლის სახელზეა გაფორმებული.
დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ არქიტექტორმა, მინისტრის თხოვნით, სახლის პროექტი რამდენჯერმე შეცვალა – შეიცვალა ფასადი და, შეღებვის ნაცვლად, სახლი ქვით მოპირკეთდა, – აღნიშნავს „საქართველო ონლაინი“.
2012 წელს, როდესაც იზორიამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, მან განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენდა.
ახალი სახლი მთავრობაში ყოფნის დროს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემაც აიშენა.
თბილისში, ძმები კარბელაშვილების ქუჩაზე კერძო სახლის მშენებლობა ჯანელიძემ დაიწყო 2014 წელს, როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ყოფილ მინისტრს თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში აქვს კიდევ ერთი ბინა, რომელიც ასევე ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთების გადაღების უფლება ჟურნალისტებს არ მისცეს. სახლს სადღეღამისო სახელმწიფო დაცვა იცავს. გომელაურის სახლი და მიწის ნაკვეთები ასევე ჰაერიდან გადაიღეს.
გომელაურის ქონების დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს მას თბილისში ორი ბინა ჰქონდა.
დღეს ეს სია შესამჩნევად გაფართოვდა. ერთ-ერთი ახლად შეძენილი სახლი თბილისის მახლობლად, პრესტიჟულ სააგარაკო დაბა ტაბახმელაში მდებარეობს. უძრავი ქონება ასევე მეუღლის სახელზეა გადაფორმებული. გარდა ამისა, იქვე არის კიდევ – 858 და 2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ორი დიდი მიწის ნაკვეთი, რომლებიც, მეზობლების თქმით, ასევე გომელაურის საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე დაბაში, ოღონდ უფრო მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს მოსამართლე მანანა კობახიძე – 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი. ქალაქგარეთ მდებარე სიმპათიური სახლი და მიწის ნაკვეთი კობახიძემ შეიძინა 2017 წელს, როდესაც პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სამუშაოდ გადავიდა.
სოლიდური ახლად შეძენილი ქონება აღმოაჩნდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს. მას ეკუთვნის 310 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი, რომელიც 1 ათას კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე დიღომში (თბილისის უბანი) მდებარეობს. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჰაერიდან გადაღების მიხედვით, სესიაშვილს „ყველაზე მდიდრული აპარტამენტები აქვს“ – ეზოში არის აუზი, სახლს კი რამდენიმე დიდი ვერანდა აქვს.
მას არ ჩამორჩება მისი კოლეგა პარლამენტიდან, დეპუტატი ფრაქცია „კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური.
2012 წლამდე ერთადერთი უძრავი ქონება, რასაც ძიძიგური და მისი ოჯახი თბილისში ფლობდა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე 130 კვადრატული ფართობის ბინა იყო. 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა დედაქალაქში 685 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლი აიშენა.