როგორია სოციალური მდგომარეობა სამხრეთ ოსეთში
როგორ ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთში ჩვეულებრივი ადამიანები, კერძოდ კი, რა ვითარებაა საბაზო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნებთან დაკავშირებით: საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, საავადმყოფოებთან? ჩვენ შევისწავლეთ, თუ რა ერგებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ბიუჯეტის მიხედვით და რისი მოგვარება უწევთ თავიანთი ხარჯებით.
სამხრეთ ოსეთში განათლება და ჯანდაცვა კანონით უფასოა, მაგრამ ამ დაწესებულებების ხარისხი და რაოდენობა არასაკმარისია და ბევრი რამისთვის თავად მაცხოვრებლებს უწევთ ფულის გადახდა.
სკოლები და საბავშვო ბაღები
2018 წლის იანვრიდან გაიზარდა ერთჯერადი შემწეობა, რომელსაც სამხრეთ ოსეთში 18 წლამდე ასაკის ყოველი შვილისთვის უხდიან. წინათ ის 70 ევროს ექვივალენტს შეადგენდა. ახლა კი, 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული თითოეული შვილისთვის ოჯახი 10 ათას რუბლს (დაახლოებით $160) იღებს.
საბიუჯეტო საბავშვო ბაღები უფასოა, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობის. კერძო საბავშვო ბაღები სამხრეთ ოსეთში არ არის.
სკოლები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასევე უფასოა. მაგრამ არსებობს ორი კერძო კომერციული სკოლა, რომლებშიც სწავლა ფასიანია. მართლმადიდებლურ გიმნაზია „რუხს“-ში სწავლის ფასი წელიწადში დაახლოებით $500-ის ექვივალენტს შეადგენს; სკოლა „ალბიონი“ – წელიწადში $250 ღირდა, ახლახან კი ის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდა და ფასი დაახლოებით $40-ის ექვივალენტამდე შემცირდა.
საბავშვო ბაღებშიც და სკოლებშიც ბავშვებს უფასო სადილებით კვებავენ.
თუმცა, ყოველთვიურად საბავშვო ბაღებშიც და სკოლებშიც მშობლები შეგროვილ ფულს იხდიან – ყველგან სხვადასხვა რაოდენობას, რაც საყოფაცხოვრებო საჭიროებებს ხმარდება. მაგალითად, ბევრი საბავშვო ბაღი ამ შეგროვილი თანხით ბოთლებში ჩამოსხმულ სასმელ წყალს ყიდულობს – ადგილობრივი ონკანის წყალი არცთუ კარგი ხარისხისაა. ასევე, მშობლები ფულს მასწავლებლებისა და აღმზრდელების საჩუქრებისთვისაც აგროვებენ.
„თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია – ეს არაოფიციალურად შეგროვილი ფული და აღმზრდელებისა და მასწავლებლების საჩუქრები ოჯახის ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად აისახება“, – ამბობს სამი შვილის მამა ასლან გიგოლაევი.
„სასკოლო ფოტოალბომებისთვის – ფოტოსესიები. კიდევ დღესასწაულები – 8 მარტი, მასწავლებლის დღე, ახალი წელი და ასე შემდეგ. ამას თვეში დაახლოებით ორი ათასი რუბლი სჭირდება(დაახლოებით $40) – რესპუბლიკაში არსებული საშუალო ხელფასის პირობებში 15 ათასი რუბლი (დაახლოებით $240)“.
შემწეობა ბავშვებზე
მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ის მაცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ერთჯერად ეგრეთ წოდებულ „დედის კაპიტალს“ იღებენ. ეს დაახლოებით 6,5 ათასი ევროს ექვივალენტია, რომლის დახარჯვაც მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის არის შესაძლებელი, მაგალითად, ბავშვის განათლების ან მკურნალობის მიზნით, ანდა – ბინის საყიდლად.
მედიცინა და წამლები
სამხრეთ ოსეთში პოლიკლინიკები და საავადმყოფოები უფასოა, მაგრამ გარკვეულ მომსახურებაში ფულის გადახდაა საჭირო.
„თუკი მკურნალი ექიმი პაციენტს გამოკვლევაზე უშვებს“ – რენტგენზე, ანალიზებისთვის, მაშინ ეს უფასოა. თუკი ადამიანი ექიმის მიმართვის გარეშე, დამოუკიდებლად მიდის გამოკვლევაზე პოლიკლინიკაში, მაშინ მას ამისთვის ფულის გადახდა უწევს“, – ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ასლან ბეკოევი.
ქირურგიული ოპერაციები ოფიციალურად უფასოა, მაგრამ როგორც ბეკოევმა თქვა, არაოფიციალურად გადახდა მაინც უწევთ.
„თანაც სამხრეთ ოსეთში ეს ბევრად ნაკლები თანხა ჯდება, ვიდრე, მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში. ვთქვათ, თუკი ჩემს ნაცნობს ვლადიკავკაზში საშუალო სიმძიმის ოპერაციაში 50 ათასი რუბლის (დაახლოებით $800) გადახდა მოუხდა, ცხინვალში იგივე ოპერაცია 20 ათასი რუბლი (დახლოებით $300) დაუჯდება. სტომატოლოგის ყველანაირი მომსახურება კი ფასიანია“.
თუმცა, პრაქტიკაში ყველაფერი არც ისე უნაკლოდაა
60 წლის ურუზმაგი (სახელი შეცვლილია) საავადმყოფოში გულის მწვავე შეტევით მოხვდა. ის ამბობს, რომ ექიმები საკმაოდ კვალიფიცირებულები იყვნენ და პაციენტებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ ბევრ რამეში ფულის გადახდა მოუხდა.
„მედდას, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მივლიდა, 1000 რუბლი (დაახლოებით $15) გადავუხადე. მკურნალ ექიმს სამი ათასი (დაახლოებით $50) გადავეცი. კიდევ წამლებისა და ნემსების ყიდვა მომიხდა – რაც , წესით, უფასოდ უნდა მოეცათ, მაგრამ საავადმყოფოში ეს ყველაფერი, უბრალოდ, არ იყო“.
პენსიები და შეღავათები
სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, და შესაბამისად, უფლება აქვთ მიიღონ რუსული პენსიები, რაც სამხრეთოსურ პენსიას ბევრად აღემატება. სამხრეთ ოსეთში სოციალური პენსია 80 ევროს ექვივალენტზე ოდნავ მეტს შეადგენს, რუსული კი 200 ევროს აღწევს.