“ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა სტავროპოლელ პოლიციელებსა და ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას შორის არსებული კავშირის შესახებ მათ მიერ ჩატარებული გამოძიების თაობაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მიიღეს. ამ პასუხის თანახმად, კანონდარღვევა აღმოჩენილი არ არის.
რამდენიმე ხნის წინათ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სტავროპოლში ადგილობრივი სამშენებლო კომპანია „იუგსტროიინვესტი“ პოლიციის თანამშრომლებს ბინებს ჩუქნის. ამის შესახებ ღიად არის ნათქვამი ამ კომპანიის ვებგვერდზე.
ამავდროულად, რუსეთის კანონმდებლობა სახელმწიფო მოხელეებს, მათ შორის პოლიციელებს, $50-ზე ძვირად ღირებული საჩუქრის მიღებას უკრძალავს. „იუგსტროიინვესტის“ ბინების ფასი კი $16 000-დან იწყება.
გარდა ამისა, „იუგსტროიინვესტის“ თანამშრომლები გარეულები არიან მოსკოველ ბლოგერ ილია ვარლამოვზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელმაც სტავროპოლის პრობლემებზე დაწერა. მას „ბრილიანტის სიმწვანე“ გადაასხეს და სცემეს. თავდამსხმელებს ორი დღე-ღამით დაკავება და 500 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მიესაჯათ.
სტავროპოლში ასევე აღინიშნა იმ ადგილობრივ აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევებიც, რომლებიც „იუგსტროიინვესტის“ მიერ ნაკრძალის ტერიტორიაზე წამოწყებული უკანონო მშენებლობის საქმეს იძიებდნენ. ერთ-ერთ მათგანს გონების დაკარგვამდე სცემეს, მეორე ტრავმატული იარაღიდან გასროლით მოკლეს. დამნაშავეები არ უპოვნიათ.
„ნოვაია გაზეტამ“ მის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად სამშენებლო კომპანიასა და პოლიციას შორის აღმოჩენილი კორუფციული კავშირების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა მიიღო პასუხი, რომელშიც ნათქვამია: „კანონიერება არ დარღვეულა“.