რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესახებ
20 ივნისს პარლამენტმა დაამტკიცა მმართველმა პარტიის „ქართულმა ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.
„ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის პერიოდში ბახტაძე რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრი გახდება.
JAMnews მოკლედ ჰყვება, თუ ვინ არის ის, და რა არის მის შესახებ ცნობილი:
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცოლო კურსდამთავრებული
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი 36 წლისაა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მაგისტრის ხარისხი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო МВА – INSEAD-ის ბიზნეს-სკოლასა და საფრანგეთში. ბახტაძე დაუქორწინებელია.
მან მაღალ თანამდებობებზე ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს დაიწყო მუშაობა: 2010-დან 2012 წლამდე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავიდან ოთხი წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ნოემბერში კი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
ქართული პრესა განსაკუთრებით აქტიურად იხსენებს ბახტაძის რკინიგზაში მუშაობის წლებს, და ამ პერიოდს წარუმატებელს უწოდებს, რადგან მისი ხელმძღვანელობის დროს კომპანიის ბრუნვა ორჯერ შემცირდა.
არცთუ ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში
მაისის ბოლოს, ბახტაძის კანდიდატურის პრემიერის თანამდებობაზე წარდგენამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნებული IRI-ს სოციალური გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 55 პროცენტს მისი გვარი გაგონილიც კი არ ჰქონდა.
ასეთივე შედეგები უჩვენა NDI-ს აპრილის გამოკითხვამ — გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა არ იცოდა, თუ ვინ არის მამუკა ბახტაძე, და რომ ის ქვეყნის ფინანსთა მინისტრია.
ივანიშვილის რჩეული
რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი პრემიერ-მინისტრი ტოვებდა თანამდებობას, პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია ბახტაძის შესაძლო გაპრემიერებაზე.
საქართველოში ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანია.
ქართული პრესა წერს, რომ ის ივანიშვილის ოჯახის უახლოესი მეგობარია, კერძოდ კი, მის ვაჟთან მეგობრობს.
ყოფილმა პრემიერმა და ქვეყნის ფაქტობრივმა ლიდერმა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს უწოდა ბახტაძეს „კარგი ბიჭი“ და „საინტერესო პიროვნება“, რომელიც შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე “ერთ-ერთი ვარიანტადაც განხილულიყო”.
სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი
მას შემდეგ, რაც ბახტაძე პრემიერად წარადგინეს, სოციალური ქსელების ბევრმა ქართველმა მომხმარებელმა გაიხსენა, თუ რა ხშირად გაიელვებდა ხოლმე მათ თვალწინ ბახტაძის ფოტოები, რომლებსაც ის ინსტაგრამზე აქვეყნებდა, და მათი რეკლამისთვის ფულს იხდიდა. ფოტოები აშკარად პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული, რომლის წინაშეც მინისტრი სიამოვნებით პოზირებს. თუმცა, ამ ფოტოებს არც იმდენი „მოწონება“ აქვს , რამდენიც თუნდაც კახა კალაძეს, თბილისის მერს, რომელიც სოციალურ ქსელებში ასევე ძალიან აქტიურია.
on.ge-ს ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა სახსრები იხარჯება სოციალურ ქსელებში მამუკა ბახტაძის აქტივობების რეკლამირებისთვის. ჟურნალისტებმა ფინანსთა სამინისტროდან მიიღეს პასუხი, რომ რეკლამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.
ახლახან ტვიტერზე გამოქვეყნებულმა ბახტაძის ერთ-ერთმა პოსტმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. ბახტაძემ გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც ტყიბულში დაღუპული მაღაროელების ოჯახებს უსამძიმრებდა. აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მაღაროელების ოჯახებისადმი მიმართვა ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი.
მომავლის გეგმები
პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის კანდიდატის რანგში თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ აპირებს ბოლომდე მიიყვანოს ქართველი ხალხის „ისტორიული არჩევანი, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს“. ასევე მან საკუთარ პრიორიტეტად დაასახელა „მცირე და ეფექტური მთავრობის“ შექმნა, რაც სხვა რეფორმებთან ერთად სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირებას ნიშნავს.
მთავარ პრიორიტეტად მან ასევე ადამიანის უფლებები დაასახელა. მისი თქმით, „ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტი“.
ახალი პრემიერი ასევე აპირებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს განათლებას, ინოვაციებსა და ქვეყნის ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვას.
„სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე, და რაც ყველაზე მთავარია, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რაც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვში საქართველოს შესვლას ნიშნავს. და სწორედ ასეთი საქართველო წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო წინადადებას ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის – მათ საერთო ოჯახში დასაბრუნებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რამდენ ხანს გაძლებს ის?
მთავარი, რის გამოც ოპონენტები მმართველ ძალას აკრიტიკებენ, ის არის, რომ კადრების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპათიების მიხედვით ხდება.
ქართველი ექსპერტები მას ტექნოკრატად მიიჩნევენ, და არა – პოლიტიკოსად.
თუმცა, მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენ ხანს გასტანს პრემიერის თანამდებობაზე მისი ყოფნა. ექსპერტების პროგნოზები ბახტაძის სასარგებლოდ არ მეტყველებს. პოლიტიკური კომენტატორები უკანასკნელი ექვსი წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელდასხმულები პოლიტიკური სცენიდან ისევე მოულოდნელად ქრებიან, როგორც ჩნდებიან.
- „ქართული ოცნებიდან“ პირველი პრემიერი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. 13 თვის შემდეგ ივანიშვილი ამ თანამდებობიდან გადადგა, და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდიოდა.
- მომდევნო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ თანამდებობაზე ორ წელიწადსა და ერთ თვეს მუშაობდა, და 2015 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე უეცრად გადადგა.
- „ქართული ოცნების“ მესამე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ თანამდებობაზე ორ წელიწადსა და 6 თვეს გაძლო. 14 ივნისს გადადგომისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება ჰქონდა.