რას ვუყუროთ ზაფხულში
1. კბილების კაწკაწით. “შტამი”
ზაფხული საერთოდ არ გვანებივრებს თრილერებითა და საშინელებათა ჟანრის სერიალებით. მხოლოდ აგვისტოში გამოვა ორი ახალი ეპიზოდი სერიალისა “გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების” და, თითქოს, მორჩა.
მაგრამ არა. ივლისში გილიერმო დელ ტორო სერიალ “შტამის” ახალ, მესამე სეზონს გამოუშვებს. ამ შოუში ელეგანტურადაა შერწყმული ვამპირული კინოს, “ზომბიაპოკალიფსის”, მუტანტებზე გადაღებული საშინელებებისა და ისტორიული თრილერის ელემენტები. უცნაურია, მაგრამ ჰარმონიული გამოვიდა.
დელ ტორომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი საკულტო ფილმი – “მუტანტები” და “ბლეიდი” გვაჩუქა, ამ სურათების ესთეტიკა ოსტატურად შეუხამა ერთმანეთს თავის ლიტერატურულ ტრილოგიაში “შტამი”. დიახ, რეჟისორმა ჯერ წიგნი დაწერა, რაც უკვე კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიალი არ გაგრძელდება მანამდე, ვიდრე სრულ ერთფეროვნებად გადაიქცევა და დაბალი რეიტინგების გამო დახურავენ. დიდებულია, რომ მას დასასრული თავიდანვე აქვს.
2. ცოტაოდენი მისტიკა. “ფიჭვები”
ამ ზაფხულს ნამდვილი, კლასიკური მისტიკა, თითქმის, არ არის. სამაგიეროდ, ტელერახმა FOX-მა, იმ იმედით, რომ NBC-ს დაეწევა და გაუსწრებს, მ. ნაით შიამალანი სამალავიდან გამოიყვანა და სერიალ “ფიჭვების” გადაღება დაავალა.
საქმე ის არის, რომ ორი წლის წინათ კიდევ უფრო ღრმა უფსკრულიდან, დროის უკუნეთიდან და დავიწყების ფერფლიდან ამოყვინთა თავად დევიდ ლინჩმა და NBC-ს ახალი “ტუინ პიქსის” გადაღება შესთავაზა; ხოლო თავად კაილ მაკ-ლაჰლენმა აგენტ კუპერის როლის კიდევ ერთხელ შესრულება ისურვა.
FOX-მა გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და თავისი ვერსია შემოგვთავაზა – ბლეკჯეკითა და აგენტებით.
ივნისში სერიალ “ფიჭვების” მეორე სეზონის ტრანსლაცია დაიწყო და უნდა ითქვას, რომ აქ უცხოპლანეტელებიც არიან და მუტანტებიც, ნახავთ საზარელ ექსპერიმენტებს და ჭეშმარიტების ძიებას, სივრცით ანომალიებსა და დროის სარტყლებსაც. და ეს ყველაფერი პატარა ქალაქ უეიუორდ პაინსში, სადაც აგენტი ბიორკი უგზო-უკვლოდ დაეხეტება.
საგულისხმოა, რომ ორიგინალური ტრილოგიის, “ფიჭვების” ავტორმა, ბლეიკ კრაუჩმა თავად აღიარა, რომ ამ ნაწარმოების შექმნისას შთაგონება ცოტა უფრო მეტად ორიგინალური “ტუინ პიქსიდან” მიიღო. თუმცა, დრო სარტყელშია მოქცეული.
3. ნამდვილი დეტექტივი. “მერწყული”
ამ ზაფხულს გრძელდება ძალიან კარგი ვინტაჟური სერიალის,”მერწყულის” მეორე სეზონი, რომელშიც დევიდ დუხოვნი მაგარი დეტექტივის როლს თამაშობს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სერიალი რეალურ და საკმაოდ ცნობილ მოვლენებზეა დაფუძნებული, კერძოდ კი ჩარლზ მენსონის ბიოგრაფიაზე. მენსონმა თავის ადეპტებთან ერთად საზარელი, რიტუალური მკვლელობების სერია ჩაიდინა. ამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის მსხვერპლად იქცა რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი, შერონი.
რა თქმა უნდა, სერიალში ბევრი მხატვრული გამონაგონია, მაგრამ ამის გამო, ის ნაკლებად რეალისტურად არ გამოიყურება.
4. თქვენთვის, მევარსკვლავეებო. “შავი მატერია”
ტელეარხმა Sy-Fy არაერთი თინეიჯერული შოუ გვაჩუქა, მათ შორის ზოგიერთი უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაც საინტერესოა, მაგალითად: “ვარსკვლავური კარიბჭე”, “ვარსკვლავური კრეისერი “გალაქტიკა”, “სამყაროს კიდეზე” და ა.შ.
წელს ამ ტელეარხმა ინფანტილური ბუნების ადამიანები “ქილჯოისა” და “შავი მატერიის” მეორე სეზონებით გაგვახარა. თუმცა, “ქილჯოიმ” უკვე მოახერხა “საი-ფაის” ფანების გაწბილება. ეს სერიალი უდროოდ დასრულებულ “ციცინათელას” უნიჭო პაროდიაა.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ “ქილჯოის” გმირები ცდილობენ, იხუმრონ.
ამ მხრივ “შავი მატერია” ბევრად უკეთესად გამოიყურება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სერიალში უკბილოდ არ ხუმრობენ (“შავი მატერიის” პირქუში გმირები ზოგადად შორს არიან იუმორისგან) და, თან აღსანიშნავია ისიც, რომ თავიდანვე კარგად არის აგებული მთავარი ინტრიგა.
პირველი სეზონი იწყება იმით, რომ ექვს გმირს ხომალდზე ეღვიძება. მათ არ ახსოვთ, ვინ არიან და როგორ მოხვდნენ იქ; თანაც, ხომალდი ერთდროულად რამდენიმე ფათერაკში ეხვევა. გმირებს ემუქრებიან და მათი მოკვლა სურთ. ყველა რაღაცას ითხოვს მათგან. ხომალდში მყოფი გმირები ერთმანეთს არ ენდობიან და, საბოლოოდ ახერხებენ იმის დამტკიცებას, რომ ერთ-ერთი მათგანი იტყუება, როდესაც საკუთარ ვინაობას ასახელებს.
მეორე სეზონი, რომლის პირველი სერია რამდენიმე დღის წინათ გამოვიდა, ინტრიგასა და “სასპენსის” მაღალ დონეს ინარჩუნებს.
5. “ნერდებისთვის”. “შეჩერდი და დაიწვი”
საოცარია, მაგრამ სერიალი “შეჩერდი და დაიწვი”, რომელსაც თავიდანვე დაბალი რეიტინი ჰქონდა, წელს კიდევ გაგრძელდა. ამჟამად ამ შოუს მესამე სერიალი გამოდის. როგორც ჩანს, სამყაროში საკმარისად ბევრი “ნერდი” აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ეს სერიალი ტელეეკრანებზე დარჩენილიყო.
სერიალში მოქმედება 1980 წელს იწყება იმით, რომ IBM-ის პატარა, მაგრამ მამაცი კონკურენტი საკუთარი, პერსონალური კომპიუტერის შექმნას ცდილობს.
ამ შოუში ბევრი ნამდვილი ამბავია გადმოცემული იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მაგიდის პერსონალური კომპიუტერების ბაზარი. მსახიობები თამაშობენ ბრწყინვალედ. უყურებ და ნამდვილ, მაგარ მენეჯერს, გენიალურ “გიკ” ინჟინერსა და ახალგაზრდა გენიოს კოდერს ხედავ.
რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს პატარა შედევრი, მაგრამ ახალი შთაბეჭდილებებისა და განათლების მისაღებად ნამდვილად ღირს მისი ნახვა.
6,7. კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალები. “მქადაგებელი”,”შეჩვენებული”
წელს კომიქსების მიხედვით ორი ახალი სერიალი გამოდის და, სავარაუდოდ, ორივე საინტერესო იქნება – თუნდაც იმიტომ, რომ ორივე მათგანი უცნაურია.
“მქადაგებელი” კომპანია Vertigo-ს იმავე სახელწოდების კომიქსის ეკრანიზაციაა. ეს არის სერიალი მღვდლის შესახებ, რომელიც ზეციდან გამოქცეულ ანგელოზთან და ირლანდიელ ვამპირთან ერთად უფალს დაეძებს; უბრალოდ კი არ დაეძებს, არამედ მისი მოკვლა სურს.
“შეჩვენებულის” ნახვა თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ეს სერიალი რობერტ კირკმანის კომიქსის მიხედვით არის გადაღებული. ეს კირკმანი ის ბიჭია, რომელმაც “მოსიარულე მკვდრები” მოიგონა. ახალ სერიალში კი მოთხრობილია ერთი ბიჭის ისტორია, რომელიც ცდილობს, დემონებისგან შეპყრობილი დედა დაიცვას და თავადაც გადარჩეს.
8,9 და ვინტაჟი. “გასტროლიორები”, “გართობა”
მარტინ სკორცეზესა და მიკ ჯაგერის ერთობლივი სერიალი, რომელიც ტელეარხ HBO-ზე გადიოდა და შოუბიზნესის ისტორიას ეხებოდა. ამ შოუს კარგი სარეიტინგო მაჩვენებლები ჰქონდა, მაგრამ, უზარმაზარი ბიუჯეტის გამო, მეორე სეზონის გადაღება აღარ დაუწყიათ.
სამაგიეროდ, ამ ზაფხულს გამოვიდა იმავე თემაზე შექმნილი ორი სრულიად ახალი სერიალი – Showtime-ის “გასტროლიორები” და Netflix-ის “გართობა” (The Get Down).
ორივე შემთხვევაში სტუდიებმა ყურადღება, მსახიობთა დასზე მეტად, რეჟისურაზე გაამახვილეს. “გასტროლიორებს” იღებს კემერონ კროუ, რომელსაც “ჯერი მაგუაიერი”, “ვანილის ცა” და “თითქმის ცნობილი” აქვს გადაღებული. “გართობის” რეჟისორია ბაზ ლურმანი, რომელიც ცნობილია ფილმებით – “რომეო+ჯულიეტა”, “მულენ რუჟი” და “დიდი გეთსბი”.
“გასტროლიორები” როკკონცერტების ორგანიზატორების თავგადასავალია, “გართობა” კი დისკოს ეპოქის შესახებ გადაღებული მოხდენილი, ლამაზი მუსიკალური კომედია უნდა იყოს.
ერთი სიტყვით, ამ ზაფხულს სანახავი მართლაც ბევრი გვაქვს.
გამოქვეყნდა 14.07.2016