აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მომაკვდავ დედასთან გამომშვიდობება "ქვეყნიდან გაუსვლელობის აკრძალვის" გამო ვერ შეძლო
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს ჰაჯიდა ისმაილს დაუგვიანეს პასუხი თხოვნაზე, რომ მისთვის ქვეყნიდან გაუსვლელობის აკრძალვა დროებით მოეხსნათ, რათა მძიმედ ავადმყოფ დედას გამომშვიდობებოდა. ჰაჯიდას დედა, ელმირა ისმაილოვა ანკარაში, ღამით, რვა მარტს გარდაიცვალა.
„დღეს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების განყოფილებაში მივედი და ვითხოვე, რომ ჩემთვის ქვეყნიდან გაუსვლელობის აკრძალვა დროებით მოეხსნათ. დედჩემი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით თურქეთში იმყოფება. მას იქ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მაინც ნაკლები შანსი არსებობს. ახლა კი ფილტვებზეც გრთულება აქვს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. კორუმპირებული და რეპრესიული რეჟიმის მხრიდან ჩემი გამოძიებებისთვის შურისძიების გამო, მე მასთან ერთად ყოფნა არ შემიძლია. აზერბაიჯანში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი იყო, ექიმებმა დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს. წერილობითი განცხადება და სამედიცინო დასკვნის ასლი წარვადგინე, განვმარტე, რომ ეს სასწრაფოა. სასამართლოს აღმასრულებელმა მითხრა, რომ ჩემს თხოვნას განიხილავდნენ და მთხოვა, მეორე დღეს დამერეკა“, – დაწერა ჰაჯიდა ისმაილმა Facebook-ში 6 მარტს.
ელმირა ისმაილი თურქეთში 2018 წლის იანვრიდან იმყოფება.
ჰადიჯა ისმაილი 2014 წელს დააპატიმრეს და მას 7,5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება, ძარცვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედებოდა. თავად ჟურნალისტი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის შეთითხნილი – აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციაზე მისი პუბლიკაციების გამო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მაისში ისმაილს პატიმრობის ვადა პირობითი სასჯელით შეუცვალეს და ამავდროულად, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ჟურნალისტმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს ქვეყნიდან გაუსვლელობის მოხსნის თაობაზე სარჩელით, მაგრამ ის მუდმივად უარს იღებდა.