პომიდორს პარიზში არ უნდა
ფერმერი მუსა, ექსპერიმენტატორი
ფერმერი მუსა აბასოვი სოფელ ალგეთში ცხოვრობს, რომელიც მარნეულის რაიონული ცენტრიდან მანქანით სულ 10 წუთის სავალზეა. ბოლო სამი წელია, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა _ სამუშაო მოემატა. ადრე ისიც, თავის მეზობლებივით, ბაღჩაში პომიდორს ახარებდა და მარნეულის ბაზარზე ყიდდა; გასულ წელს კი გადაწყვიტა, ნამდვილი ბიზნესის დაწყება ეცადა.
მუსა ერთ–ერთი პირველი იყო საქართველოში მცხოვრებ იმ ფერმერთაგან, რომლებმაც აგროკრედიტი აიღეს და სოფლის მეურნეობისთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები გახდნენ. შეიძლება ითქვას,რომ მუსამ საკუთარი ნებით ჩაიყენა თავი სახელმწიფო ექსპერიმენტის ‘საცდელი ბაჭიას’ მდგომარეობაში. იგულისხმებოდა, რომ სოფლის მოსახლეობისთვის იაფი კრედიტების გაცემით ეს დარგი შემოსავლიანი და პერსპექტიული უნდა გამხდარიყო.
რასაკვირველია, ბევრ ფერმერს უნდა მეურნეობის გაფართოება და თავის პროდუქციის მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გატანა, თუმცა, მათივე თქმით, ეს ყველაფერი საწვალებელია _ განსაკუთრებულ ცოდნას, დიდი ძალისხმევას და ფინანსურ ინვესტიციას საჭიროებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ილია კვიტაშვილმა ახლახან საჯაროდ აღიარა, რომ „საქართველოს სოფლის მეურნეობას დაბალი მწარმოებლურობა და … ტექნოლოგიებსა და ფინანსირებაზე შეზღუდული წვდომა ახასიათებს. შედეგად კი სოფლის სიღარიბის მაღალ პროცენტს ვიღებთ“.
სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად და სოფლის მეურნეობაში ცივილიზაციის შემოტანის მიზნით ჩაიდო ინვესტიცია ფერმერებისთვის შეღავათიანი კრედიტის გაცემის პროგრამაში.
მუსა აბასოვის შემთხვევაში,პროგრამამ შედეგი გამოიღო.მიღებული ფულით მან ათას ჰექტარზე სამი დიდი სათბური გააშენა, სადაც, პომიდორის გარდა, კიტრი და ბადრიჯანიც მოჰყავს. მუსამ რვა თანასოფლელიც დაასაქმა; მოსავლის აღების დროს კი დამატებით მუშახელსაც ქირაობს.
„ამ სათბურების გახსნამდე ჩვენს სოფელში სამუშაო ადგილები საერთოდ არ იყო, ახლა კი მუდმივი სამუშაო გვაქვს და ხელფასსაც დროულად ვიღებთ“, _ ამბობს მუსას სათბურის ერ-ერთი თანამშრომელი,სეიმურ რაჰიმლი.
მუსას პროდუქციის რეალიზაციის გეოგრაფიული არეალიც გაფართოვდა. პარიზსა და ლონდონს ჯერჯერობით ვერ მიაღწია, მაგრამ ბოსტნეულს, მარნეულის გარდა, თბილისშიც ყიდის. ‘ეს სახელმწიფო პროგრამა რომ არა, არაფერი გამომივიდოდა’, _ ამბობს მუსა.
თუ ვინმეს ეს ამბავი იმის შესახებ ჰგონია, რომ ქართული სოფლის მეურნეობა ევროპულ ბაზარს წარმატებით უახლოვდება _ ცდება. გასული სამი წლის მანძილზე შეღავათიანი აგროსესხებით არც ისე ბევრმა მეწარმემ ისარგებლა. მიზეზი სხვადასხვაა. სხვათა შორის, მივარდნილ, შორეულ სოფლებში ამ შესაძლებლობის შესახებ საერთოდ არ სმენიათ.
მაგალითად, სოფელ ალგეთში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს _ ძირითადად, აზერბაიჯანელები. მოსახლეობა მეტწილად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული _ მოჰყავთ ყურძენი, ნესვი, თამბაქოო, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, კომბოსტო და მარცვლოვანი კულტურები.თითქმის ყველა ეზოში გაშენებულია სათბური და ფერმერები ხილსა და ბოსტნეულს ყიდიან _ ძირითადად, მარნეულის ბაზარში, ან უბრალოდ გზისპირას, მანქანებიდან.
ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, რომ მუსა აბასოვი ერთადერთია სოფელში, რომელმაც აგროკრედიტი აიღო. ზოგი ფიქრობს, რომ ასეთ პროგრამაში ჩართვა ძალიან სახიფათოა, სხვებმა კი საერთოდ არაფერი იციან პროექტის შესახებ.
რას წარმოადგენს შღავათიანი კრედიტის პროგრამა
პროგრამა 2013 წელს, რვა კერძო ბანკის თანადაფინანსებით დაიწყო და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი საკრედიტო პროდუქტის შეთავაზებას ითვალისწინებს:
1.ხუთი ათას ლარამდე ნახევარი წლის ვადით და საპროცენტო განაკვეთის გარეშე
2.ხუთიდან ას ათას ლარამდე თანხას, ორ წლამდე ვადით, 8 პროცენტიანი განაკვეთით
3.სამოცი ათასი ლარიდან მილიონ ლარამდე თანხას შვიდ წლამდე, სამპროცენტიანი განაკვეთით
მუსა აბასოვმა მესამე ვარიანტი აირჩია _ 250 ათასი ლარი აიღო ხუთი წლით. ამ ფულით მან ხილისა და ბოსტნეულის გადასატანი მინიტრაილერი და რამდენიმე სათბური იყიდა; კრედიტით მიღებული თანხითვე შეიძინა თანამედროვე აღჭურვილობა. ამბობს, რომ პროცენტების გადახდა არ უჭირს, რადგან ტექნოლოგიებისა და საკუთარი შრომის წყალობით, წელიწადში, სულ ცოტა, სამ მოსავალს იღებს ხოლმე.
რატომ არ მუშაობს პროგრამა
უნდა ითქვას, რომ მუსა აბასოვის წარმატება მხოლოდ ბიზნესთან არ არის დაკავშირებული. მას ქართული ენა ესმის და შეღავათიანი კრედიტის მიღების შესაძლებლობის შესახებ ადვილად შეიტყო.
ქვემო ქართლში თითქმის 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანელია. ზაურ ხალილოვი, არასამთავრობო ორგანიზაციაა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ქვემო ქართლში კრედიტების აღებას და სოფლების განვითარებას განათლების დაბალი დონე და ქართული ენის არცოდნა აფერხებს.
“ადგილობრივები სრულ საინფორმაციო ვაკუუმში არიან _ არც საკუთარი უფლებები იციან, და არც შესაძლებლობები. ადამიანებს არ ესმით ქართული ენა და ამიტომ მხოლოდ აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ ტელეარხებს უყურებენ. შედეგად, ქვეყანაში არსებულ ვითარებას ან საერთოდ ვერ იგებენ, ან არაზუსტი ინტერპრეტაციით გადმოცემულ სიუჟეტებს ეცნობიან. სწორედ ამიტომ არ იციან, რომ შეღავათიანი აგროსესხების მიღების საშუალება არსებობს .
კიდევ ერთმა მარნეულის გარეუბანში მცხოვრებმა ექსპერიმენტატორმა ფერმერმა, გაჯი ბაირამოვმა გააშენა თავისი პირველი სათბური შეღავათიანი აგროსესხის საშუალებით. ამჟამად მას პომიდორი მოჰყავს და, მარნეულის ბაზარზე საბითუმო და საცალო ფასადაც პირდაპირ საკუთარი მანქანიდან ყიდის. შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყენებენ იაფი კრედიტს სხვა ფერმერები, გაჯი პასუხობს, რომ ხალხმა ან არ იცის აგროსესხის არსებობის შესახებ, ან ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარის ინფორმაციას არ ფლობს.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლსა და,სავარაუდოდ სამცხე-ჯავახეთშიც,სახელმწიფო ენის არცოდნა დიდ სირთულეებს ქმნის, ქვეყანის საერთო სურათი იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერი არ არის.
“ქვემო ქართლი და კახეთი ის ორი რეგიონია, სადაც შეღავათიანი აგროსესხზე გარკვეული მოთხოვნა არსებობს. დასავლეთ საქართველოში ეს პროექტი სრულიად არ არის პოპულარული; არადა, ქვეყნის დასავლეთი ნაწილის მოსახლეობაც ხომ ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ამ რეგიონში მესაქონლეობაც განვითარებულია და თხილიც მოჰყავთ. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს ბიზნესის სესხით გაფართოების ეშინიათ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გლეხები ამ პროგრამას არ ენდობიან,ინფორმაციის არქონაა, _ ამბობს ეკონომისტი ირაკლი ურუშაძე.
ურუშაძის მოსაზრებას იზიარებს სოფელ ცურტავში მცხოვრები ფერმერი ჯამალ ნაბიევიც, რომელსაც კარტოფილი მოჰყავს. ბიზნესის განვითარებისთვის მან მცირე სესხი აიღო და საკუთარი მეურნეობის მდგომარეობა გააუმჯობესა. ჯამალი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს იმიტომ არ სურთ სახელმწიფოსგან თანხის აღება, რომ ფულის დაბრუნების შეღავათიანი პირობების შესახებ არაფერი იციან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარების პროგრამაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სათესლე და სანერგე მეურნეობების განვითარებას. პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ასევე ფერმერული კოოპერატივებისა და ასოციაციების შექმნა. ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს ,ასევე _ გრანტებისა თუ შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის სურვილი უკვე რამდენიმე დონორმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოთქვა
შეიძლება ითქვას, რომ შეღავათიანი აგროსესხების პროგრამა, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ამ პროექტის მიხედვით, ფერმერებისთვის 29,6 მილიონი ლარის გადაცემა იყო შესაძლებელი. 2015 წლის ბოლოს, პროგრამის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, მთლიანობაში, მხოლოდ 25 ათასი კრედიტი გაიცა და გაცემული თანხა, დაახლოებით,სულ ერთ მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც ფერმერი ჯამალ ნაბიევი ამბობს, ‘ადამიანებს ეშინიათ, იმიტომ რომ არ იციან’. მათ კი, ვინც ქვეყნის ევროპულ ბაზარზე გასვლის სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებს, როგორც ჩანს, არ იციან, რომ ხალხმა არ იცის.
- საქართველოში ქვეყნის ტერიტორიის 43,4 პროცენტი (სამ მილიონ ჰექტარზე მეტი) სოფლის მეურნეობისთვის ვარგისია. თუმცა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია. ამ სფეროში მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტია ჩართული, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9,2 პროცენტს აწარმოებს.
11.03.2016