პოლიციამ აზერბაიჯანელ მეწარმეებს შიმშილობა ძალის გამოყენებით შეაწყვეტინა
გაზიარება
გაზიარება
პოლიციამ ძალით შეაწყვეტინა შიმშილობის აქცია მეწარმეებს, რომლებიც ქალაქ სუმგაითის ხელისუფლებისგან სუმგაითის ბულვარის კეთილმოწყობისთვის ვალად აღებული ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ.
შიმშილობის თერთმეტივე მონაწილე ბაქოს ბინაგადის რაიონის პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ბიზნესმენები გაათავისუფლეს, თუმცა მათ დაპატიმრების მუქარით შიმშილობა აუკრძალეს.
მეწარმეები ირწმუნებიან, რომ ქალაქის ბულვარის მშენებლობის წინ ქალაქ სუმგაითის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მათგან ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის სესხი აიღო. ამავდროულად ხელშეკრულება არა უშუალოდ მერიასთან გაფორმდა, არამედ კერძო ფირმასთან – კონტრაქტორთან. ბულვარის გახსნის შემდეგ მათ ფულის ნაწილი დაუბრუნეს, ხოლო დანარჩენი თანხის (დაახლოებით ოთხი მილიონი მანათის (ოთხი მილიონი ევროს)) დაბრუნებას შემდეგ დაჰპირდნენ, მაგრამ მეწარმეებს ამ ფულის მიღება არ ეღირსათ, რადგან კონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელმა მუგაის ვერდიევმა თავი ბანკროტად გამოაცხადა და ის თაღლითობისთვის გაასამართლეს. ახლა ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ დარჩენილი თანხა მათ ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა დაუბრუნოს.
„ქალაქ სუმგაითის აღმასრულებელი ხელისუფლება არ წარმოადგენს იმ პირებთან დადებული შეთანხმების მხარეს, რომლებიც ვალის დაბრუნებას ითხოვენ. ამ ვალებზე პასუხისმგებელი ადამიანი დაპატიმრებულია“, – განუცხადა სუმგაითის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეივაზ ორუჯევმა სააგენტო „ტურანს“.
მეწარმეთა ადვოკატი ელჩინ სადიგოვი შიმშილობის აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქნედებას უკანონოდ მიიჩნევს.
„სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არავის აქვს მოქალაქის სახლში შესვლის უფლება. პოლიციის მხრიდან შიმშილობის მონაწილეების დაშინება და მათზე ზეწოლა უფლებამოსილების გადამეტებად უნდა განვიხილოთ. ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ გენერალურ პროკურატურასა და შესაბამის ორგანოებს მივმართავთ“, – უთხრა სადიგოვმა ვებ-გვერდxeberman.com.
სუმგაითის ზღვისპირა ბულვარი 2016 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.