პატიმარ ქალებს უქმეების შვილებთან გატარება შეეძლებათ
კანონპროექტი “პატიმრობის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით 92 ხმით მიიღო. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 20 კანონში შედის.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება
პროექტის თანახმად, იქნება გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.
თუ მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დატოვებს გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას და არ გამოცხადდება მისთვის განსაზღვრული დროს, მას ეს ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად – თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდებად.
დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლა
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.
საჯელაღსრულების მინისტრის თქმით, შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს, ხოლო საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება.
საოჯახო პაემანი
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საოჯახო პაემნით ქალი მსჯავრდებული ისარგებლებს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში. საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებულმა წერილობით უნდა მიმართოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, საოჯახო პაემნის განხორციელებამდე ათი დღით ადრე.
ტელევიზორით სარგებლობის უფლება
კანონპროექტის თანახმად, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ენიჭებათ უფლება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით არ ირღვევა დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე.
კანონპროექტით რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენა საკუთარი ხარჯით ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეეძლებათ მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.
მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება
კანონპროექტის მიხედვით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების უფლება ქალი მსჯავრდებულბეისთვის
პროექტის მიხედვით, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომელიც მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.
ამანათის მიღების წესი
ფულადი გზავნილის მიღება/გაცემა მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ფულის სახით მიღებული ფულადი გზავნილი უკან დაუბრუნდება გამომგზავნს იმავე წესით.
მსჯავრდებულთა ფეხსაცმლით უზრუნველყოფა
პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება უზრუნველყოს ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლითაც და პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ინვენტარით.
განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან.