ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაცია პანკისის სათემო რადიო WAY-მ გაავრცელა.
რადიო WAY-ს ინფორმაციით, მუსლიმები დღეს რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით კი რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა. მანქანაში მსხდომები კი სკანდირებდნენ – „ახმადი ძლიერია“. რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს. ამ ფაქტს კი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მდგომარეობა განმუხტეს სამართალდამცავებმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა კონფლიქტი და რის გამოც სოფელში სამართალდამცავები მივიდნენ.
“სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, – განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს შსს-ში.
რამადანის დასრულება მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია. რამადან ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება.