მოსკოვსა და პეტერბურგში „უკვდავი პოლკის“ აქციებზე აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციებმა იჩხუბეს
გაზიარება
გაზიარება
9 მაისს მოსკოვში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში მონაწილე სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს შორის მომხდარი კონფლიქტი არეულობაში გადაიზარდა. როგორც „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება, ვითარებაში პოლიცია ჩაერია, თუმცა ინფორმაცია დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება.
იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები სანქტ-პეტერბურგშიც. თუმცა, იქ აზერბაიჯანული დელეგაციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
9 მაისს რუსეთის დიდ ქალაქებში გამართულ “უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში რუსეთის აზერბაიჯანული ახალგაზრდული ორგანიზაციისა და აზერბაიჯანული კულტურის განვითარების ფონდის წევრები მონაწილეობდნენ. სომხეთის მხრიდან – რუსეთის სომეხთა კავშირისა და სომხეთის ახალგაზრდული ორგანიზაციების, მათ შორის პეტერბურგში მოქმედი ორგანიზაციის „ნორ სერუნდის“ წევრები.
სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა აქციაზე მთიანი ყარაბაღის დროშებიც მიიტანეს და სკანდირებდნენ – „არცახ!“ [მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება, რომელიც მიუღებელია აზერბაიჯანელებისთვის]. აზერბაიჯანელებმა მათ ყარაბაღის დროშების ჩამოღება მოსთხოვეს, რადგანაც ამ დროშებს „უკვდავი პოლკის“ აქციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ.
ამის შემდეგ „უკვდავი პოლკის“ მონაწილეებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
აზერბაიჯანული გამოცემა АПА-ს ვერსიით, სომხები „აზერბაიჯანელებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“. სომხური გამოცემა Times.am-ი კი, თავის მხრივ ირწმუნება, რომ “აზერბაიჯანელები სომხურ დელეგაციას მიუახლოვდნენ და ჩხუბის პროვოცირება მოახდინეს.
საბოლოოდ ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ გააჩერა. სამართალდამცველებმა აზერბაიჯანისა და სომხეთის კოლონები ერთმანეთს დააშორეს, რის შემდეგაც თითოეულმა დელეგაციამ ОМОН-ის თანხლებით გააგრძელა სვლა.
ვიდეოჩანაწერი მოსკოვში კონფლიქტის ადგილიდან არხმა InterAz-მა YouTube-ზე გამოაქვეყნა.
ვიდეოს პირველი წამებიდან ჩანს, რომ ადამიანები მაღალ ხმაზე კამათობენ, თუმცა კონკრეტული ფრაზების გარჩევა რთულია. შემდეგ გადაღების რაკურსი იცვლება: მთიანი ყარაბაღის დროშის ქვეშ მდგომი ადამიანები პოლიციის ალყაში არიან, ვიღაც ბოთლებს ისვრის. კამერას აზერბაიჯანის ხის ტარიანი დროშაც ხვდება, შეხლა-შემოხლის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ისვრიან.
იგივე სცენარი განვითარდა სანქტ-პეტერბურგშიც.
პეტერბურგის სომხური ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნორ სერუნდის“ თანათავმჯდომარე არშაკ ოგანესიანი ირწმუნება, რომ სანქტ-პეტერბურგის აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წარმომადგენლებმა, მათი თავმჯდომარის ზაქირ ნაბიზადეს მეთაურობით, სომხების წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.
„სიტყვიერი დაპირისპირება მცირე ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც ОМОН-ის თანამშრომლებმა დროულად აღკვეთეს. პეტერბურგის აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირის ყველა წევრი დააკავეს. ორი მათგანი გაიქცა“, – ციტირებს ოგანესიანის სიტყვებს სომხური სააგენტო „პანარმენიანი“.
კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ აზერბაიჯანული ორგანიზაციების წარმომადგენლები.