ნიკა მუსავი, ბაქო
როდესაც ამერიკელმა ჰომოსექსუალებმა ქორწინების უფლება მიიღეს, აზერბაიჯანელმა ჰეტეროსექსუალებმა ლამის ერთმანეთი დახოცეს იმაზე კამათით, თუ რამდენად სწორია ეს ახალი წესი.
მოდით, გვერდზე გადავდოთ სოციალური ქსელების მომხმარებელთა (და მთლიანად მოსახლეობის) ის ნაწილი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება – მათი აზრი და დამოკიდებულება გასაგებია. ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც “ავატარებად” (ანუ პროფილის სურათი) ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი დროშა “გამოფინეს” და გულწრფელად ხარობდნენ ამერიკელი გეებისა და ლესბოსელების გამო – მიუხედავად იმისა, ამ ცხოვრებისეულ ზეიმში თავად მონაწილეობდნენ თუ არა. მოსალოდნელი იყო, რომ ამერიკული რეალობის განხილვის შემდეგ მსჯელობის საგნად აზერბაიჯანის რეალობა იქცეოდა და ეს საკითხი დიდხნს არ კარგავდა აქტუალურობას.
დღესაც მცირე ნაპერწკალია საკმარისი, რომ ამ თემაზე გაცხარებული კამათი გაჩაღდეს.
თავისთავად, ეს ძალიან მისასალმებელია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალური უმცირესობის უფლებები, ისევე როგორც -ქალების, ბავშვების, ჟღალთმიანებისა და ცაციების უფლებები, რეალურად, ადამიანის უფლებებს წარმოადგენს, და ამ უფლებებისთვის ბრძოლაა საჭირო. მაგრამ იქნებ არ ღირდეს ბრძოლა აქ და ახლა?
ამჟამად აზერბაიჯანში ჰომოსექსუალების უფლებებზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან მათ შესაბამისი უფლებები უნდა მიიღონ, მაგრამ მანამდე რიგში უნდა ჩადგნენ და დაახლოებით 50 წელიწადს დაიცადონ – ვიდრე თავად ჰეტეროსექსუალები მოიპოვებენ უფლებებს, რადგან, რეალურად, აზერბაიჯანში არც ჰეტეროსექსუალებს აქვთ რაიმე უფლებები. და ეს აშკარა გახდება, თუკი პუნქტებად ჩამოვთვლით ყველა იმ ძირითად მოთხოვნას, რასაც LGBT თემი აყენებს და ჰეტეროსექსუალის თვალით შევხედავთ ამ ყველაფერს.
პარტნიორ მამაკაცზე დაქორწინების უფლება
ყოველი მესამე აზერბაიჯანელი მოკლებულია უფლებას, საკუთარ პარტნიორ ქალზე იქორწინოს. უფრო სწორად, ამის იურიდიული უფლება კი აქვთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში დედას გული წაუვა, მამა კი დაემუქრება შვილს, რომ ანათემას გადასცემს. საბოლოოდ, ვაჟი იმ გოგონასთან “შეუღლდება”, რომელსაც ოჯახი შეურჩევს.
იგივე შეიძლება ითქვას ქალებზეც, რომლებსაც ხშირად მათი სურვილის გარეშე ათხოვებენ – იმ ადამიანზე, რომელსაც თავად შეარჩევენ. აღმოსავლურ საზოგადოებაში ქალის სპეციფიკური მდგომარეობის გამო კი, არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მახინჯი იერი ეძლევა.
ამ შემთხვევაში ტრადიციები, საზოგადოების აზრი და მშობლების დამოკიდებულება კანონმდებლობაზე წინ დგას; რადგან, სურვილის შემთხვევაში, აზერბაიჯანელებს შეუძლიათ თვალი დახუჭონ კანონმდებლობაზე, მაგრამ მშობლებისა და საზოგადოების აზრს არასდროს უგულებელყოფენ.
გრძნობების ღიად გამოხატვის უფლება, და არა კუთხეებში შეყუჟვა, როგორც ამას ჰომოფობები სთავაზობენ
ძალიან ბუნებრივი სურვილია. აზერბაიჯანელ ჰეტეროსექსუალებსაც ძალიან უნდათ, რომ ეს უფლება ჰქონდეთ; მაგრამ საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილი “გაიზარდა” საიმისოდ, რომ ეს უფლება ბუნებრივად აღიქვან.
დანარჩენები კი არათუ ქორწინებამდე სექსს (ღმერთო, დაგვიფარე!), არამედ რომანტიკულ-პლატონურ ურთიერთობებსაც კი უარყოფითად აფასებენ. მშობლები ცდილობენ, გოგონები მაქსიმალურად დაიცვან მამაკაცების სამყაროსგან. შედეგად, ახალგაზრები მშობლებისა და მეზობლებისგან მალულად აბამენ რომანებს.
სრულებით არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებრივ ადგილზეას “კოცნაობისათვის” პოლიციელმა საყვედური გამოგიცხადოთ. აღარაფერს ვამბობ ალმაცერ მზერაზე. და თან კრიმინალური ქრონიკა აჭრელებულია ცნობებით “ოჯახის ღირსების შელახვის” საფუძველზე ჩადენილი მკვლელობების შესახებ; მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება კი ჰიმენოპლასტიკაა (იგულისხმება საქალწულე აპკის აღდგენის პლასტიკური ქირურგია).
“ქამინგ აუთი” აზერბაიჯანულად იმ შემთხვევებს არ გულისხმობს, როდესაც ბიჭი მშობლებს უცხადებს, რომ, პირობითად, მამედი უყვარს და მასთან ერთად უნდა ცხოვრება.
აზერბაიჯანული “ქამინგ აუთი” ის შემთხვევაა, როდესაც ამას გოგონა აკეთებს.
და რა იქნება ამის შემდეგ? საერთო ქონება და სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ადამიანების სხვა “საერთოობები”?
ეს რაღაა? აზერბაიჯანში ამის შესახებ არაფერი სმენიათ. 30 წელიც რომ იცხოვროთ თქვენს პარტნიორთან ერთად, ის მაინც სრულიად უცხო ადამიანად დარჩება. და საერთოდაც, სამოქალაქო ქორწინებაზე, როგორც მოვლენაზე, საზოგადოება მორცხვად დუმს.
ალბათ, რაღაც გამომრჩა. მაგრამ მგონია, რომ ზემოაღნიშნულიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ თანამედროვე აზერბაიჯანში LGBT თემის უფლებებზე სერიოზულად საუბარი გულუბრყვილობაა. ევოლუციის საფეხურს ვერ გადაახტები. ქვეყნებში, სადაც დღეს ჰომოსექსუალების უფლებებზე დავობენ, ჰეტეროსექსუალების უფლებები დიდი ხნის მოგვარებულია.
და ისევ, საქმე კანონმდებლობას, ხელისუფლების დამოკიდებულებას ან მის ქმედებებს კი არ ეხება, არამედ საზოგადოების, ადამიანების მსოფლმხედველობას. ურთულესია პირადული და ოჯახური საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტა. და ვიდრე აზერბაიჯანელი ჰეტეროსექსუალები კონსერვატიული საზოგადოების წინააღმდეგობას არ დაძლევენ, ჰომოსექსუალების უფლებებისათვის ბრძოლა უბრალოდ გულისამაჩუყებლად გამოიყურება.
გამოქვეყნდა: 04.11.2016