ნარკოდილერებო, ბოდიში მოუხადეთ ძეგლს
ყვავილების დღესასწაულზე, რომელიც აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეს ემთხვევა, მის ძეგლზე გაჩნდა წარწერა ‘გილოცავთ მონების დღეს.’
საქმე ისაა, რომ ‘ყვავილი’ (gül) და ‘მონა’ (qul) აზერბაიჯანულ ენაში მსგავსი ჟღერადობის სიტყვებია, ასე რომ, ერთგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვების თამაში გამოვიდა.
ძეგლი ცენტრალური ბანკის შენობის წინ დგას. 10 მაისს დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები სწორედ ამ ადგილას ტარდება – აქ ყვავილების ფიგურებს დგამენ ხოლმე.
11 მაისს ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს წევრი ბაირამ მამედოვი და საზოგადო მოღვაწე გიიას იბრაჰიმოვი დააკავეს. ახალგაზრდები ნარკოტიკების შენახვასა და ორგანიზებულად რეალიზებაში დაადანაშაულეს. ორივე დაკავებულს ბინების ჩხრეკისას თითო კილოგრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. ბაირამ მამედოვის ნათესავები აღნიშნავენ, რომ ჩხრეკა ყველა შესაძლო წესის დარღვევით ჩატარდა და ნარკოტიკები ბინაში გარეშე პირებმა შეიტანეს.
ხატაის რაიონის სასამართლოში დახურული სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულებს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატი ელჩინ სადიხოვი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში გიიას იბრაჰიმოვს აწამებდნენ და ითხოვდნენ, რომ ძეგლის წინაშე ბოდიში მოეხადა. ‘ბოდიში მოიხადეთ, ამ ეპიზოდს AzTV იღებს. ბოდიში მოიხადეთ, და გაგიშვებენ.’ [AzTV — სახელმწიფო ტელეარხი].
მედია
დამოუკიდებელი მედია, კერძოდ კი MeydanTV და ‘რადიო თავისუფლება’ ამ მოვლენას დაწვრილებით აშუქებს.
პროსახელისუფლებო მედიაში ამ მოვლენას ან არ იმჩნევენ, ან აღნიშნავენ, რომ უბრალოდ ორი დამნაშავე დააკავეს.
სოციალური ქსელები
იქიდან გამომდინარე, რომ ძეგლის მიმართ გამოვლენილი ვანდალიზმის ფაქტი პრესაში ფართოდ არ გაშუქებულა, სოციალურ ქსელებში ამ თემაზე დისკუსია ‘სხვაგვარად მოაზროვნეთა’ ვიწრო წრეში მსჯელობით შემოიფარგლა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ფორუმზე disput.az, სადაც ყველა აქტუალური საკითხი განიხილება, ეს სიახლე არ მოხვდა. ფეისბუკში კი ეს ამბავი ძირითადად ჟურნალისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გააშუქეს.
‘დროა, ჰეროინი ეროვნულ ღირებულებად ვაღიაროთ და ხატოვნად ‘თეთრი ოქრო’ ვუწოდოთ. დიდი ხანია, ბამბა ‘თეთრ ოქროდ’ აღარ მიიჩნევა.’
‘მონების ქვეყანაში ასეთი უწყინარი ხუმრობაც კი სერიოზულ საფრთხედ აღიქმება ხალხში.’
რადიო თავისუფლების ვებგვერდზე განთავსებული სტატიის კომენტარი:
‘ვანდალები! ამით საკუთარი კულტურის დონეს ავლენენ! არაუშავს – ციხეში ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ.’
გიიას იბრაჰიმოვი ცნობილია, როგორც ინტელექტუალური თამაშის, ‘ხამსას’ მონაწილე. მისი ნაცნობები სოციალურ ქსელებში ნაღვლიანად ხუმრობენ, – ალბათ, სწორედ ამ თამაშებით იშოვა კილოგრამი ჰეროინის საყიდელი ფულიო.
ყვავილების დღესასწაული, 2015. minval.az