მჭვრეტელი ანალიტიკოსები და მეჰმანი
და უცებ მეუბნება:
– იცი, რა არის ყველა ჩვენი პრობლემის საფუძველი?
– რა? – ვეკითხები. მართლა არ ვიცი.
– რა და ის, რომ საერთოდ არ გვყავს ოპოზიცია.
– როგორ არ გვყავს! – ვეუბნები მე მას, – ციხეში სხედან. ზოგიერთი გაათავისუფლეს.
– კი, მაგრამ ოპოზიცია დაქსაქსულია.
ლუდს ვსვამთ.
ამის შემდეგ კი ამბობს, რომ ჩვენთნ ჟურნალისტიკა არ არსებობს და მაგალითად მოჰყავს მეჰმანის იაღლიში, რომელიც მას ავტობუსი მძღოლთან მოუვიდა. მაშინ მეჰმანმა სრულიად უმიზეზოდ გათათხა საწყალი მძღოლი. .ნამდვილად იაღლიში მოუვიდა. არაა ეგ ვიდეო კორექტული.
ვინ არის მეჰმანი
ამის შემდეგ მამედოვსა და იბრაჰიმოვს ახსენებს – იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ალიევის ძეგლზე წარწერები დატოვეს და ამის გამო თითოეულ მათგანს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
– იდოტები არიან, – ამბობს ის.
– რატომ? – ვეკითხები.
– სხვანაირად უნდა ექნათ. ისე, რომ ვერ ეპოვათ. წინასწარ უნდა მომზადებულიყვნენ.
ამას გარდა, ის ზედმიწევნით კარგად ერკვევა რუსეთში მიმდინარე მოვლენებში – იცის, ვინ დააპატიმრეს და ვინ წავიდა ემიგრაციაში. იმასაც ამბობს, რომ ნორმალური ჟურნალისტიკა არ გვაქვს. .და წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ უკვე ერთი წელია, რაც ჰადიჯა თავისუფალია.
და ეს გამოგონილი ტიპური შემთხვევა არ არის. იგი ნამდვილი ადამიანია – ჩემი ახლო მეგობარი.
იგი მჭვრეტელი-ანალიტიკოსია, იმიტომ რომ ეს პოზიცია მოსახერხებელი და კომფორტულია. როგორც ძველი, ჭუჭყიან ჩუსტები. ის არ კითხულობს ადგილობრივ პრესას და არც პოლიტიკურ აქციებსა თუ ლექციებზე დადის. იგი უბრალოდ ინტუიციურად, რთული დასკვნების საფუძველზე ხვდება, რომ ოპოზიცია და ჟურნალისტიკა არ არსებობს.
სხვებიც არსებობენ. ისინი უფრო შორს მიდიან და აცნობიერებენ, რომ „ის თუ არა, სხვა ვინ იზამდა…“ ისინი ფიქრობენ, რომ „ალტერნატივა არ არსებობს“.
ზოგიერთ ადამიანს აინტერესებს, რატომ აღარ არიან თანამედროვე აზერბაიჯანში დიდი მეცნიერები, რეჟისორები, ან თუნდაც მომღერლები. ქალაქში ადგილობრივი სუნ ძიები და კლაუზევიცები, ფუკუიამები და ჰანტინგტონები დააბიჯებენ. ისინი რესტორნებში სხედან და ინტერნეტში აქტიურობენ. ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი. დიდი თეორეტიკოსები და დიადი მოაზროვნეები – ტელევიზორისა და განათლების სამინისტროს მცდელობების მიუხედავად.
გრიფინდორის მოწაფეებს (რომლებიც პრეზიდენტის ხსენებისას ცახცახებენ და დისკუსიებში მის სახელს ცვლიან სიტყვებით „იგი“, „პირველი“, „უფროსი“), დაშინებულ, დამცირებულ, სარდაფებში დამალულ ადამიანებს, სურთ, რომ საკუთარი თავის პატივისცემის უმცირესი საბაბი მაინც ჰქონდეთ.
გარკვეულწილად, მჭვრეტელ-ანალიტიკოსის პოზიცია ადამიანს საკუთარი თავის პატივისცემის საშუალებას აძლევს – ისე, რომ იგი პროცესისგან გამიჯნული რჩება.
ღია დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის არარსებობა საუკეთესო საკვებს წარმოადგენს მჭვრეტელ-ანალიტიკოსის ლოგიკური კონსტრუქციებისთვის, რომლებიც ზემოთ ნახსენები ჩუსტებივით მოსახერხებელი და კომფორტულია.
როდესაც, ბოლს და ბოლოს, დააპატიმრეს მეჰმანი, საზოგადოების ნაწილს გაახსენდა, რომ ის ხელისუფლების მიერ დაქირავებული თანამშრომელი და პროვოკატორია, სხვებმა კი დაასკვნეს, რომ „სწორად მოიქცნენ, რომ დააპატიმრეს“. რატომ? იმიტომ რომ მეჰმანმა თავის ოჯახზე არ იფიქრა.
აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ასეტ შემთხვევებში პოლიტპატიმრების ოჯახების მიმართ მზრუნველობას იჩენენ. და ის ადამიანები, რომლებიც ცალსახად ხვდებიან, რომ დაპატიმრებული ადამიანი პროვოკატორია – მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები და არც ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი.
და ის მოქალაქეები, რომლებიც სავჩენკოს გულშემატკივრობენ, მაგრამ არ იციან, რომ უკვე ერთი წელია, რაც ჰადიჯა თავისუფალია. ალბათ მოსახერხებელია იმის ცოდნა, რომ პროვოკატორები „ბლოგერობენ“, განგებ „აპატიმრებინებენ“ თავებს და მიტინგებზე ფულის მისაღებად დადიან. ალბათ, ადვილია იმის თქმა, რომ „ჩვენ ქვის ხანაში არ ვცხოვრობთ და კარგად ვიცით, რა როგორ კეთდება“.
და ახლა, როდესაც ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, ზუსტად იმის დროა, რომ ეს ყველაფერი ითქვას.