მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
გაზიარება
გაზიარება
დღეს 50-მდე რუსმა ბაიკერმა საქართველოში შესვლა ვერ მოახერხა. მათ უარი საქართველოს მესაზღვრეებმა უთხრეს. რუსი ბაიკერები საქართველოში შეღწევას გვიან ღამით ცდილობდნენ, თუმცა მათ პასპორტში ჩაურტყეს ბეჭედი წარწერით: “ანულირებულია”.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ მესაზღვრეს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და გასვლის შესახებ.
“მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოიკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია, და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ხუციშვილმა.
ეს ინფორმაცია ბაიკერებმაც დაადასტურეს. ირაკლი ყიფიანმა, რომელიც საქართველოში რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელია, ერთერთი ბაიკერის პასპორტის ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით “ანულირებულია”. როგორც ზოგიერთმა ბაიკერმა დაწერა სოციალურ ქსელში, არსებობს შეტყობინება, რომ მაისის ბოლომდე რუსი მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია.
“ვინც საზღვარზე დგას, დაბრუნდით ვლადიკავკაზში”, – წერს ერთ-ერთი მათგანი დიმიტრი ხრიპკოვი
“არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში”, – ამ მოთხოვნით ქართული საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა ხელმოწერებს აგროვებენ.
რუსი ბაიკერების დაჯგუფება “ღამის მგლები” კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთან, მათი ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი ხშირად გამოჩენილა საჯაროდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად. ისინი 9 მაისს საქართველოში შემოსვლას და ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავდნენ. მათი მოგზაურობა ხშირად კონფრონტაციებით მთავრდება. ისინი ე.წ. “გიორგის ლენტებით” გადაადგილდებიან, რაც იმპერიალისტური რუსეთის სიმბოლოა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი – საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირდება.