მახაჩყალის ხელისუფლებამ მოსახლეობას მაწანწალა ძაღლების "თვითნებურად დახოცვის" შეწყვეტისკენ მოუწოდა
გაზიარება
გაზიარება
მახაჭყალას მერიამ დაღესტნის დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა, “შეწყვიტონ მაწანწალა ცხოველების უკანონო განადგურება”.
ასე უპასუხა ქალაქის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მახაჭყალის ქუჩებში უპატრონო ძაღლებს ხოცავენ. თავის ოფიციალურ განცხადებაში მერია გაემიჯნა ამ კამპანიას და აღნიშნა, რომ ქალაქის ადმინისტრაციას მომხდარში მონაწილეობას არ მიუღია და არც ცხოველების დახოცვის ნებართვა გაუცია, “გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ შედის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში და პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას“.
დაღესტნის დედაქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას შეახსენა, რომ ცხოველების ხოცვით სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლი (“ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება”) ირღვევა.
19 თებერვალს მახაჭყალას გარეუბანში 9 წლის გოგონას გვამი აღმოაჩინეს. ბავშვი, სავარაუდოდ, ძაღლების ნაკბენებისგან გარდაიცვალა. რეალური მიზეზი უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში ააგორა მაწანწალა ცხოველებზე ნადირობის სტიქიური ტალღა, რომელსაც, წინასწარი შეფასებებით, ასობით ძაღლი ემსხვერპლა. მახაჭყალაში არსებულმა სიტუაციამ ცხოველების უფლებების დამცველებისა და რუსეთის საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.