მოსაზრება: შორტებიანი ადამიანები
შორტიანი ადამიანები ყოველთვის უფრო წარმატებულები არიან. ნოუთბუქი, სმარტფონი, ან პლანშეტი, რომლითაც ამ ტექსტს კითხულობთ, შორტიანმა ადამიანებმა მოიგონეს.
შორტებში გამოწყობილმა ადამიანებმა შექმნეს მიკროპროცესორი, ვინჩესტერი და ოპერაციული სისტემა.
მათვე მოიგონეს ელექტრონული ფოსტა, მესენჯერები და სოციალური ქსელებიმანამდე კი – პენიცილინი, აცრები და უნიტაზები.
შორტიანების წყალობით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 წლით განისაზღვრება, და არა 25-ით.
შარვლიან ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერზე (განსაკუთრებით კი შორტზე) ეთქმით სიტყვა, არაფერი მოუგონიათ აფტაფას გარდა.
ფულტონმა თბომავალი შექმნა, ჟილეტმა – უსაფრთხო საპარსი, პრინცმა ალბერტმა მსოფლიო გამოფენა მოაწყო, ეიფელმა კოშკი აღმართა, არმსტრონგმა “ერთი პატარა ნაბიჯი” გადადგა “ადამიანისთვის”. შარვლიანებს კი აფტაფა ჰქონდათ.
ამას გარდა, როდესაც პირველი მსოფლიო გამოფენის ბროლის დარბაზში ბერძნული შიშველი ფიგურები გამოფინეს, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ძალიან აღშფოთდა და მრევლს შეგონებით მიმართა, მაგრამ მის ნათქვამს ყური არ ათხოვეს.
ამდენად, სეკულარული სახელმწიფო უფრო ეფექტურია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უღმერთო უნდა იყოს, რადგან “მებრძოლი ათეიზმი” იგივე რელიგიაა. უბრალოდ, ერთი ადამიანის საქმე არ უნდა იყოს ის, თუ რას იცვამს, რას ჭამს და ვისთან ერთად იძინებს მეორე ადამიანი. კაცობრიობამ მებრძოლი ქრისტიანობის, ისლამისა და ათეიზმის პერიოდები გადაიტანა. მხოლოდ “მებრძოლი აგნოსტიკოსები” არ გამოჩენილან ჯერჯერობით. ალბათ იმიტომ, რომ ქადაგება, რომელიც იწყება სიტყვით – “დაეჭვდით!” – იდიოტურად გამოიყურება.
ამდენად, თუკი ქვეყანა სეკულარიზმის გზიდან უხვევს,უბედურებას – შიმშილს, ოჯახურ ძალადობას, ტოტალურ შიშს, დამცირებასა და პოკემონების საჯარო დახვრეტას უნდა ველოდოთ.
თუკი რწმენა აბსტრაქტული ცნებაა, რელიგია (მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ) – პოლიტიკური ტერმინია. შორტები, ერთი შეხედვით, ნივთობრივი ცნებაა, მაგრამ სინამდვილეში აბსტრაქტულია. შორტები ადამიანის თავშია. თქვენ შეგიძლიათ შარვალი, ან კაბა ატაროთ, მაგრამ შორტები იუმორის გრძნობაა, გაბედულად განსჯისა და ცალხაზიან ფურცლზე გვერდითა კიდიდან წერის უნარია.
აშკარაა, რომ ფულტონს ძველისძველი, ოდინდელი შორტები ჰქონდა გონებაში. იგივე შეიძლება ითქვას ჟილეტზე და პრინც ალბერტზე, ბებერ არმსტრონს კი საერთოდ სკაფანდრის ქვეშ ეცვა შორტები – ჩვეულებრივი, არამეტაფიზიკური შორტები.
ასეთივე შორტები ჰქონდა თავში უსახელო ბიჭსაც, რომელმაც აფტაფა მოიგონა.
“მამაკაცის შორტები” – ტანსაცმლის სახეობა, რომელიც მუსლიმებსა და ყველა ტიპის უხუცესს აღიზიანებს. აზერბაიჯანში ცნობილია, როგორც “მემი”.
აფტაფა – ბიდეს წინაპარი – წყლით სავსე ტოლჩა.