„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვა: რუსები ყველაზე მეტად სამამულო ომში გამარჯვებითა და ყირიმის შემოერთებით ამაყობენ
გაზიარება
გაზიარება
რუსები ყველაზე მეტად დიდ სამსამულო ომში გამარჯვებითა და ყირიმის რუსეთისათვის მიერთებით ამაყობენ, ყველაზე მეტად სიღარიბისა და მოუწესრიგებლობის რცხვენიათ და ყველაზე დიდ დანაკლისად საბჭოთა კავშირის დაშლას მიიჩნევენ.
ასეთია საზოგადოებრივი მოსაზრების შემსწავლელი დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. შეკითხვაზე „ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელი მოვლენები იწვევს თქვენში სიამაყის გრძნობას“, რესპოდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 83 პროცენტმა – აღნიშნა, რომ ასეთ მოვლენად 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებას მიიჩნევს, გამოკითხულთა 43 პროცენტი „ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნებით„ ამაყობს .
ამას გარდა, რუსებს სიამაყეს ჰგვრის ის ფაქტიც, რომ კოსმოსის ათვისების საქმეში ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებს. ეს გარემოება რესპოდენტთა 41%-მა აღნიშნა. პუტინის მმართველობის პერიოდში ქვეყნის მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 18% მიიჩნევს სიამაყის საფუძვლად.
შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რა იწვევს მათში სირცხვილსა და სინანულს, გამოკითხულთა უმრავლესობამ – 54 %-მა – აღნიშნა, რომ ასეთი გრძნობები იმ „მუდმივი სიღარიბისა და მოუწესრიგებელი გარემოს გამო“ ეუფლებათ, რომელიშიც „დიადი ხალხი და მდიდარი ქვეყანა ცხოვრობს“. საბჭოთა კავშირის დაშლა რესპოდენტთა 33 პროცენტის სინანულს იწვევს; 24%-ს კი ადამიანების უხეშობა, უტიფრობა და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება აწუხებს. რეპრესიები, ტერორი და ხალხთა გადასახლება რესპონდენტთა მხოლოდ 22 პროცენტს ჰგვრის სინანულს, ქრონიკული ჩამორჩენა დასავლეთთან მიმართებით გამოკითხულთა 20%-ს აწუხებს.
კვლევა 2017 წლის 20-23 იანვარს, ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის რეპრეზენტიული გადარჩევით, პირდაპირი წესით გამოკითხვის მეთოდით გაიმართა და მასში მონაწილეობა 48 რეგიონის 1600-მა მკვიდრმა მიიღო.