კორონავირუსი კავკასიას მიუახლოვდა. როგორ რეაგირებენ ამაზე აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო
ირანში კორონავირუსის აფეთქებამ ძირეულად შეცვალა სიტუაცია კავკასიაში – რეგიონში, რომელიც ირანს ესაზღვრება.
სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან მჭიდრო კომუნიკაცია შეწყვიტეს. აზერბაიჯანი, რომელსაც სხვებზე დიდი კავშირი აქვს ირანთან, ჯერჯერობით საზღვრის დახურვას არ ჩქარობს.
JAMnews მოგიყვებათ, როგორი რეაქცია აქვთ კავკასიის ქვეყნებს კორონავირუსის მათ საზღვრებთან მიახლოებაზე.
• კორონავირუსი: ირანი – ხელისუფლება დაავადებულთა რეალურ რიცხვს მალავს?
საქართველო – ირანიდან ცარიელი თვითმფრინავები დაფრინავს
საქართველოს ირანთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა, ამ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური და ტურისტული კავშირებია. 2019 წელს საქართველო, დაახლოებით, 140 ათასმა ირანელმა მოინახულა. ყოველკვირეულად ქართული აეროპორტებიდან 14 რეისი სრულდება ირანის მიმართულებით.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 თებერვლიდან ავიამიმოსვლა შეიზღუდა. კერძოდ, შეწყდა ირანიდან საქართველოში და პირიქით მგზავრების გადაყვანა.
საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისკენ.
იმისათვის, რათა სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოში მყოფი ირანელი ტურისტები, ავიაკომპანიებს შეუძლიათ საქართველოში ცარიელი თვითმფრინავები გამოგზავნონ, რომლითაც ტურისტებს სახლში წაიყვანენ.
პირველი მსგავსი რეისი საქართველოში თეირანიდან უკვე ჩავიდა და დაახლოებით, 130-მა ირანელმა დატოვა თბილისი ამ თვითმფრინავით. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, საქართველოში ირანიდან კიდევ რამდენიმე ცარიელ თვითმფრინავს ელოდებიან.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, ანუ საქართველოში შემოსასვლელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც, თავის მხრივ, ირანს ესაზღვრებიან.
თუმცა, ქართველები არ გამორიცხავენ, რომ ირანიდან სახმელეთო გადაადგილებაც შეიზღუდოს.
„საქართველოს ხელისუფლება აკვირდება სიტუაციის განვითარებას, ასევე, აგრძელებს მუშაობას სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუკი ასეთი აუცილებლობა დადგება, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, რომ უმჯობესია თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან, ირანში მყოფ მოქალაქეებს კი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს“, – ნათქვამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში.
ირანში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციამ შეცვალა ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რიტორიკა.
მათი განცხადებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი კვლავინდებურად დაბალია, თუმცა, „ერთმნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს პრევენციული ზომები, რადგან ირანი აქვე, გვერდითაა“, – მიაჩნიათ ქართველ სპეციალისტებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, თეირანი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, ვიდრე ჩინეთი.
აზერბაიჯანი – ირანთან საზღვარი ღიაა
აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში, რომელმაც არ დაკეტა საზღვარი თავის მეზობელ – ირანთან.
ამ ქვეყნებს შორის მგზავრთა დიდი მიმოსვლაა. 2019 წელს, აზერბაიჯანის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ – სწორედ ირანში ჩავიდნენ. ძირითადად ისინი სამკურნალოდ, სავაჭროდ ან მუსლიმური სიწმინდეების მოსალოცად მიდიან.
თავის მხრივ, ირანიდანაც ბევრი ტურისტი ჩადის აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანიდან ირანში პირდაპირი რეისები თეირანისა და თავრიზის მიმართულებით სრულდება. ავტომობილითა და ავტობუსით კი საზღვრის გადაკვეთა, რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება.
დღეისათვის აზერბაიჯანსა და ირანს შორის გრძელდება როგორც სახმელეთო, ის ავიამიმოსვლა, თუმცა, საზღვარზე შემოწმება ტარდება – მათ შორის, სანიტარული და დეზინფექცია.
„ამოღებულია ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქცია, რომელიც სპეციალური შეფუთვისა და თერმული დამუშავების გარეშეა. ცხოველური პროდუქციის ბარგით იმპორტი აკრძალულია“, – აცხადებს აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელი ნატიგ ახუნდოვი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ ირანში მოგზაურობის დროს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართონ აზერბაიჯანის საელჩოს.
აზერბაიჯანის მთავარი ინფექციონისტი, ჯალალ ისაევი, ურჩევს მოქალაქეებს, საერთოდ უარი თქვან ირანში მოგზაურობაზე, თუკი ამის განსაკუთრებული საჭიროება არ იქნება.
აზერბაიჯანელი ეკონომისტი, გუბად იბადოღლუ, ვარაუდობს, რომ ირანში კორონავირუსის გავრცელება ნეგატიურად აისახება აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც.
სომხეთმა ირანთან საზღვარი დაკეტა, მაგრამ არა მთლიანად
სომხეთმა, რომელსაც სამხრეთით ასევე უშუალოდ ესაზღვრება ირანი, 23 თებერვალს, ორი კვირით დახურა ირანთან საზღვარი. ასევე, შეიზღუდა, მაგრამ სრულად არ გაუქმებულა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა.
ასეთი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის შექმნილი ეროვნული კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს.
ეკონომიკური თვალსაზრისით ეს სომხეთისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა, რადგან ახლა ქვეყანას მხოლოდ ერთი ღია საზღვარი რჩება – საქართველოსთან.
ამის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დეტალური განმარტების გაკეთება მოუწია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ის წერს, რომ დაკეტილი საზღვარი ხელს არ შეუშლის ირანთან ტვირთგადაზიდვას. ის შეზღუდვის გარეშე განხორციელდება და მხოლოდ სატვირთოების მძღოლები შემოწმდებიან საზღვარზე გადასვლისას უფრო დეტალურად.
ასევე, მან დაამშვიდა სომხეთისა და ირანის მოქალაქეები და დაწერა, რომ არავის არანაირი შეზღუდვა არ ექნება სამშობლოში დაბრუნებაზე.
სომხეთის პრემიერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ვირუსით დაავადებული არც ერთი ადამიანი არ არის და „ყველა აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული რესურსი მობილიზებულია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის“.
მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში, სომხეთის ხელისუფლება აპირებს მჭიდრო კონტაქტში იყოს ირანის ხელისუფლებასთან და გააანალიზოს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები სამომავლო ქმედებების დასაზუსტებლად.