კორონავირუსი: იტალია კრიზისშია. ძირითადი ფაქტები და რიცხვები მსოფლიოში 10 მარტის მონაცემებით
ძირითადი წყარო – CNN-ის სპეციალური ანგარიში.
• 10 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 114 595 შემთხვევაა დაფიქსირებული მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში, ცენტრალურ ჩინეთში, პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
• 4 028 ადამიანი გარდაიცვალა.
• 64 046 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
• მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას თვალი შეგიძლიათ ამ გვერდზე ადევნოთ.
ამ დროისთვის ყველაზე მეტად ეს 10 ქვეყანა დაზარალდა:
• მატერიკული ჩინეთი: 80 756 შემთხვევა; 3 136 გარდაცვლილი.
• იტალია: 9 172 შემთხვევა, 463 გარდაცვლილი პაციენტი.
• სამხრეთი კორეა: 7 513 შემთხვევა; 54 გარდაცვლილი.
• ირანი: 7 161 შემთხვევა; 237 გარდაცვლილი.
• იაპონია: 1 210 შემთხვევა, 16 გარდაცვლილი (მათ შორის, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე დაფიქსირებული 696 შემთხვევა).
• საფრანგეთი: 1 412 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი.
• ესპანეთი: 1 235 შემთხვევა, 31 გარდაცვლილი.
• გერმანია: 1 225 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი.
• აშშ: 755 შემთხვევა, 26 გარდაცვლილი.
• შვეიცარია: 374 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი.
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
•ყველაფერი კორონავირუსის შესახებ
სიტუაცია კავკასიაში
• აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 11 დადასტურებული შემთხვევაა. ყველა მათგანი სამშობლოში ირანიდან ჩავიდა. აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა, მთელ ქვეყანაში დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
• სომხეთში ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებული მოქალაქე ქვეყანაში ირანიდან ჩავიდა. სომხეთმა ირანთან სავიზო რეჟიმი დააწესა, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
• საქართველოში 15 დადასტურებული შემთხვევაა. ორი ადამიანი ირანიდან ჩამოვიდა, დანარჩენებს კი იტალიასთან ჰქონდათ კავშირი. საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა, ასევე დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები. აქ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია – ვირუსის წყაროები და პოტენციური საფრთხეები.
ინფიცირების შემთხვევათა დრამატული ზრდა ევროპაში, იტალია კრიზისშია
დაცარიელებული მილანი, ქალი იღებს სელფის. 10 მარტიდან იტალია სრულად ჩაიკეტა კარანტინზე – ეს არის უპრეცედენტო ზომა ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად. 10 მარტი, 2020. REUTERS/Flavio Lo Scalzo
• 10 მარტიდან იტალიაში ყველა შესასვლელ-გასასვლელი დახურულია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა დიდი რაოდენობის გამო. გასული 24 საათის განმავლობაში, აქ 97 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით 463 ადამიანი გარდაიცვალა, 9 172 კი ინფიცირებულია.
კრიზისების კოორდინატორმა ყველაზე მეტად დაზარალებული ლომბარდიის რეგიონიდან CNN-ს განუცხადა, რომ ლომბარდიის ჯანდაცვის სისტემა „კოლაფსიდან ერთ ნაბიჯშია“, მიუხედავად საავადმყოფოებში საწოლების გათავისუფლების მცდელობისა.
• საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ის ჯერჯერობით საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
მხოლოდ ერთი დღის, 9 მარტის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. საერთო ჯამში, აქ 1 412 ინფიცირებული და 30 გარდაცვლილია.
• ესპანეთში სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. საერთო ჯამში, აქ უკვე 1 235 ინფიცირებული და 31 გარდაცვლილი პაციენტია. 10 მარტს ახალი შეზღუდვების შესახებ გაკეთდა განცხადება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულება და გასართობი ცენტრები.
სამხრეთ კორეაში ერთი ორგანიზაციის 50 თანამშრომელი დაინფიცირდა
• სამხრეთ კორეაში, სეულში, ერთ-ერთი საინფორმაციო ცენტრის ერთდროულად 50 თანამშრომელი დაინფიცირდა. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აშკარად შემცირების ფონზე მოხდა, როდესაც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ცოტა ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.
საერთო ჯამში, აქ 7 513 ადამიანია ინფიცირებული და 54 გარდაცვლილი.
კარგი ამბები ჩინეთიდან
• ჩინეთში, ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა, 10 მარტს ბოლო ორი „საველე“ საავადმყოფო დაიხურა მას შემდეგ, რაც იქიდან ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი გამოწერეს. უჰანი კვლავინდებურად სრულად ჩაკეტილია, მაგრამ უბეის პროვინციაში, რომლის დედაქალაქიცაა ეს ქალაქი, 10 მარტიდან ნელ-ნელა მგზავრობაზე შეზღუდვები მოიხსნა, ჯერჯერობით – მხოლოდ პროვინციის შიგნით გადაადგილებაზე.
ერთი დღეში, 9 მარტს, მთელ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 17 უბეის პროვინციაში. სულ ცოტა ხნის წინ, საუბარი დღეში ასეულობით ახალ ინფიცირებულ ადამიანზე იყო.
აშშ – პრეზიდენტი ტრამპი საფრთხის წინაშეა, მთავრობის წევრები თვითიზოლაციაში
• აშშ-ში ამბობენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ დგას, მიუხედავად თეთრი სახლის მტკიცებისა, რომ მას ტესტირება არ სჭირდება. დიაგნოსტირება ჩაუტარდა ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრს და მთავრობის რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ, მათ შორის, თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, მარკ მედოუზმა უკვე ამოირჩიეს თვითიზოლაცია, როგორც სიფრთხილის ფორმა.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 755 შემთხვევაა დაფიქსირებული, 26 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ყველა სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა, იგივე გააკეთა ბევრმა უნივერსიტეტმა.
• სამი უმსხვილესი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტი 125 მილიონ დოლარს გამოყოფენ კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად. ესენი არიან: ბილ გეიტსის ფონდი, Wellcome და Mastercard.