იწყება!
დღეს პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენიში, უნიკალურ “სტად დე ფრანსზე”, საფრანგეთისა და რუმინეთის საფეხბურთო გუნდების მატჩით, სტარტს აიღებს ევროპის მე-15 ჩემპიონატი. საფეხბურთო ზეიმი ერთ თვეს გასტანს და 10 ივლისს იგივე სტადიონზე დასრულდება. მასპინძელმა საფრანგეთმა, იტალიასა და თურქეთს აჯობა, და გახდა ქვეყანა, რომელიც მესამეჯერ უმასპინძლებს ევროპის მთავარ საფეხბურთო ფორუმს 1960 და 1984 წლების შემდეგ.
თავად საფრანგეთი ორგზის ევროპის ჩემპიონია -1984 და 2000 წლებში. ალბათ ყველას გვახსოვს უკანასკნელი ფინალი, სადაც დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დევიდ ტრეზეგეს დაუვაწყარმა გოლმა ფრანგი გულშემატკივარი გაახარა.
ჩემპიონატის სიახლე
“ევრო 2016” პირველია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, სადაც 24 გუნდი ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყება.
სტადიონები
მატჩები საფრანგეთის 10 ქალაქში გაიმართება: ბორდო (“სტად დე ბორდო”), ლილი (“სტად პიერ მორუა”), ლანსი (“სტად ბოლერ-დელი”), მარსელი (“სტად ველოდრომი”), ნიცა (“ალიანს რივიერა”), პარიზი (“პარკ დე პრენსი”), სენ-დენი (“სტად დე ფრანსი”), სენტ-ეტიენი (“სტად ჟოფრი-გიშარი”), ტულუზა (“მუნიციპალური სტადიონი”) და ლიონი (“სტად დე ლუმიერი”)
სტად დე ფრანსი
ტურნირის თილისმა
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა საფრანგეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნაა, სახელად სუპერვიქტორი. სახელი მას თავად გულშემატკივრებმა ონლაინ კენჭისყრის შედეგად შეურჩიეს.
სუპერვიქტორს თავისი ისტორიაც აქვს: მისი მამა ფეხბურთელი იყო, მასაც ჰქონდა ფეხბურთის თამაშის სურვილი, თუმცა ნიჭი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ მეგობრების წრეში გასართობად თამაშობდა. საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს ბიჭუნას ბურთი მოედნის მიღმა გადაუვარდა და მის მოსატანად გაეშურა.
ბალახებში სკივრი იპოვა, რომელშიც სამი ნივთი აღმოჩნდა: წითელი მოსასხამი, ბუცები და ბურთი. მოსასხამი მას სწრაფად ფრენის საშუალებას აძლევს, ბუცების ჩაცმის შემდეგ გაცილებით ტექნიკური გახდა და ახალი ფინტების მოფიქრებაც დაიწყო, ბურთი კი ყველგან დააქვს და ფეხბურთის გულშემატკივრებთან თამაშობს.
ევრო 2016-ის ბურთი
ტურნირის ოფიციალური ბურთი პირველად 2015 წლის 12 ნოემბერს თავის ინსტაგრამ-გვერდზე ზინედინ ზიდანმა წარმოადგინა. ბურთი კომპანია Adidas-მა შექმნა და მას “Beau Jeu” ანუ “ლამაზი თამაში” ჰქვია.
ჩემპიონატის ჰიმნი
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი 13 მაისს წარადგინეს. ეს არის ფრანგი დიჯეის დევიდ გუეტას და შვედი მომღერლის სარა ლარსონის ერთობლივი სიმღერა “This One’s for You”
ვინ დარჩა ევრო 2016-ის მიღმა?
ევროფორუმის მთავარი დანაკლისი, უდავოდ, ჰოლანდიის ნაკრებია, რომელმაც შესარჩევი ტური ვერ გაიარა. ასევე საფრანგეთის ნაკრების მწვრთვნელის დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით, ევრო 2016-ში არ მიიღებენ მონაწილეობას ქარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენა, ასევე ტელეეკრანიდან მოუწევს თამაშების ყურება ჰატემ ბენ არფას (რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა ის მაინც განაცხადს მიღმა დატოვა, და მას ვესტ ჰემელი დიმიტრი პაიე და პატარა ვუნდერკინდი, კინგსლი კომანი ამჯობინა).
ქარიმ ბენზემა
ჩემპიონატს დააკლდება ფაბიო კოენტრაო და ესპანელი მარჯვენა მცველი, დანიელ კარვახალიც, რომელსაც “არსენალელი” ჰექტორ ბელერინი შეცვლის. ევროპის მოქმედი ჩემპიონის მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს ბელერინის წაყვანა აზრადაც კი არ ჰქონია, ის არც გაფართოებულ განაცხადში ყოფილა, რომ არა კარვახალის ტრავმა, ეს მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელი ევრო2016-ს მიღმა რჩებოდა.
დანიელ კარვახალი
ქომაგის სტატუსით მოუწევს ამ ტურნირში მონაწილეობა გერმანელ მარკო როისს, რომელმაც ვერც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა ტრავმის გამო, და ამჯერადაც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა.
დებიუტანტები
სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ ფეხბურთელები, რომელთა შესახებ ალბათ ფეხბურთის ყველაზე თავგადაკულ ქომაგებსაც კი არაფერი სმენიათ. ალბანეთის, ისლანდიის, უელსის, ირლანდიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები არიან, მათი ზოგერითი ფეხბურთელის ღირებულება სასაცილოც კია, თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებთან შედარებით.
მაგალითად, “ყარაბაღის” 33 წლის მცველის, ალბანელი ანსი აგოლის ღირებულება 300 ათასი ევროა. კონორ მაკლაფლინი, ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველი, 24 წლის მოთამაშე 250 ათასი ევროდ არის შეფასებული და ის ინგლისის მესამე დივიზიონის “ფლიტვუდის” მარჯვენა მცველია. ინგვარ იონსონი – ისლანდიის ნაკრების მეკარე, რომელიც ნორვეგიის მეორე დივიზიონში თამაშობს, “სანდეფიორდის” ღირსებას იცავს და მისი ღირებულება 100 ათასი ევროა. და კიდევ ბევრი სხვა, რომლებიც დებიუტანტი გუნდების შემადგენლობებში ირიცხებიან, და რომლებმაც ნამდვილი სასწაული მოუწყვეს საკუთარ ქვეყნებს.
უელსის ნაკრები
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ტურნირის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა (სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევრო), შემდეგ მოდის გარეტ ბეილი, უელსის ნაკრების თავდამსხმელი (80 მილიონი ევრო), მესამე ადგილზე კი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი თომას მიულერია (75 მილიონი ევრო).
ძვირადღირებულთა ათეულში არიან პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი, ფრანგები – ანტუან გრიზმანი და პოლ პოგბა, ბელგიელები – ედენ აზარი და კევინ დე ბრუინი, და ესპანელები – კოკე და სერხიო ბუსკეტსი. საინტერესოა, რომ ამ ათეულის სატრანსფერო ღირებულება ჯამში 730 მილიონი ევროა.
კრიშტიანუ რონალდუ
პროგნოზები
რაც შეეხება პროგნოზებს – ტოტალიზატორების ვარაუდით, ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი მასპინძელ საფრანგეთს აქვს. რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი – ამ გუნდის ნახევარდაცვა და შეტევის ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში – პოლ პოგბა, ლესტერში გაჩემპიონებული ნ’გოლო კანტე (რომელსაც ლეგენდარული მაკელელეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ), დიმიტრი პაიე, ბლეზ მატიუდი, ფრანგების მთავარი იმედი შეტევაში – ანტუან გრიზმანი და, რაღა თქმა უნდა, “არსენალელი” ოლივიე ჟირუ.
საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის შემდეგ მოდიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები. ესპანელები, წესით, არცთუ ისე კარგ ხასიათზე უნდა იყვნენ – მათ ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ წააგეს საკუთარ ქვეყანაში და ეს მარცხი მათ, ყველასაგან მოულოდნელად, საქართველოს ნაკრებმა აგემა.
ასევე, საკმაოდ დიდი იმედები აქვთ ინგლისელ ქომაგებს. მათი ახალგაზრდულ და მართლაც მშვენიერ შემადგენლობას სერიოზული პრეტენზია აქვს ევროპის ჩემპიონობაზე; თან, ინგლისის ნაკრების უკანასკნელი ტიტული ყველაზე მოხუც ფანსაც ბუნდოვნად ახსოვს. მათ პირველ რიგში ტოტენჰემელი ბიჭები – დელე ალი და ჰარი კეინი ეიმედებათ.
და რა თქმა უნდა, ბელგიის ნაკრები, რომელიც ცალკე გამოყოფის ღირსია. ეს მართლაც შესანიშნავი გუნდი, აგერ უკვე რამდენი წელია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს დასახული მიზნისკენ და თუ მათ მეკარეს, ტიბო კურტუას დავუჯერებთ, ბელგიის ნაკრებს არავიზე ნაკლები შასი არ აქვს, გახდეს ევროპის ჩემპიონი.
ბელგიის ნაკრები
თუმცა, ბელგიელებს აშკარად არ გაუმართლათ ჯგუფურ ეტაპზე. ისინი ე.წ. “სიკვდილის ჯგუფში” იტალიის, ირლანდიის და შვედეთის ნაკრებების გვერდით არიან.
რა შეიძლება ითქვას იტალიაზე? მხოლოდ ის, რომ ის იტალიაა და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია; თან მათ ისეთი კაცი თავკაცობს, ვისთვისაც მართლაც შეუძლებელი არაფერია. ანტონიო კონტეს ბიჭებს, რომელთაც მარკო ვერატის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჰყავთ, რაც კი აქამდე ჰყოლიათ. მაგრამ, ეს მაინც იტალიაა.
ტურნირი ისე როგორ დაიწყებოდა, რომ სპეციალისტებს პელესთვის არ ეკითხათ აზრი. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები არიან ინგლისი და ესპანეთი. ისედაც გაწბილებულ ინგლისელ ფანებს ეს ნამდვილად არ ესიამოვნებოდათ – პელეს პროგნოზები ხომ არასდროს მართლდება.
ფოტო ყდაზე: უკრაინელი ფანები. წყარო: uefa.com
10.06.2016