იტალია, ირანი და კორონავირუსის გავრცელების სხვა ცენტრები - რიცხვები, ანალიზი და პროგნოზი
მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელებადი კორონავირუსი, რომელიც ჩინეთიდან მოდის და ამ ქვეყნის ათეულობით ათასი მოქალაქე დააინფიცირა, 28 თებერვლისთვის, დაახლოებით, 50 ქვეყანაში გავრცელდა.
კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა 28 თებერვლის მონაცემებით
28 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 83 774 შემთხვევაა დადასტურებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კვლავინდებურად ჩინეთის უბეის პროვინციაზე მოდის. დანარჩენ 50 ქვეყანაში, დაახლოებით 4 300 ადამიანი დაინფიცირდა.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ვირუსით მსოფლიოში 2 867 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 36 654. მსოფლიოში დაავადების გავრცელებას შეგიძლიათ თვალი ამ ონლაინრუკაზე ადევნოთ.
28 თებერვლის ჩათვლით მსოფლიოს ძირითადი მონაცემები
ჩინეთის გარდა კორონავირუსის გავრცელების ძირითად წყაროებად რჩებიან – სამხრეთი კორეა (2 337 დაავადებული), იტალია (655 დაავადებული) და ირანი (338 დაავადებული).
ირანი
ბევრი სპეციალისტი შეშფოთებულია იმ სტატისტიკით, რომელსაც ირანი აქვეყნებს. ფიქრობენ, რომ რიცხვები საგრძნობლადაა შემცირებული, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში.
ირანში, რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაი ჰარირჩი დაინფიცირდა, რომელმაც მანამდე მტკიცედ უარყო ქალაქ ყუმის დეპუტატის, აჰმად ამირაბადი-ფარჰანის განცხადება, თითქოს, ირანის ხელისუფლება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბის შესახებ იტყუებოდა.
ასევე დადასტურდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ ირანის ვიცე-პრეზიდენტი ქალთა და საოჯახო საქმეთა საკითხებში, მეჯლისის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი და ხელისუფლების კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი. ადგილობრივმა სააგენტო IRNA-მ დაწერა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში, ჰადი ჰოსროუშაჰი.
ირანი გახდა მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების ათეულობით შემთხვევის წყარო, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ამ სიაში ასევე შედიან ავღანეთი, ბაჰრეინი, ერაყი, ქუვეითი, ომანი და პაკისტანი.
ირანის ბევრმა მეზობელმა მასთან დამაკავშირებელი საზღვარი ჩაკეტა, მათ შორის, საქართველომ და სომხეთმაც.
იტალია
იტალიაში საგანგებო ზომები მიიღეს, რათა ვირუსის სამომავლო გავრცელება აღარ დაუშვან.
კარანტინი გამოცხადდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის 11 ქალაქში, რომლებიც ეპიდემიის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. იქ, საერთო ჯამში, დაახლოებით, 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დასახლებებში დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები, კინოთეატრები, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები.
რამდენიმე ქვეყანამ – ალჟირმა, დანიამ, რუმინეთმა და ესპანეთმა, 28 თებერვალს კი საქართველომაც, გააკეთეს განცხადება საკუთარ ტერიტორიაზე იტალიიდან ჩამოსული ადამიანისთვის კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ.
იტალიის ხელისუფლება კვლავინდებურად ვერ ახერხებს ზუსტად თქვას, როგორ მოხვდა კორონავირუსი ქვეყანაში.
ჩინეთი
ჩინეთში გამოცხადებულ მკაცრ კარანტინს ნელ-ნელა შედეგები მოაქვს – აქ ყოველდღიურად დაინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობამ იკლო. ამ კვირაში რიცხვები ასობით ითვლება და არა ათასობით, როგორც ეს თებერვლის პირველ ნახევარში, ვირუსის აფეთქების დროს იყო.
ქვეყნები, სადაც პირველი დაინფიცირებულები გამოჩნდნენ
მიმდინარე კვირაში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ევროპის ტერიტორიაზე – ავსტრიაში, ხორვატიაში, საბერძნეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ბელარუსში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში დაავადების გამოვლენის პირველი შემთხვევების შესახებ განაცხადეს.
ლათინურ ამერიკაში პირველად ბრაზილიაში განაცხადეს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის აღმოჩენის შესახებ.
აფრიკაში პირველი შემთხვევები დადასტურდა – ალჟირში, ეგვიპტესა და ნიგერიაში.
ასევე, პირველი დაინფიცირებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ახალმა ზელანდიამ.
ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ განაცხადეს.
• აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
• როგორ გადაარჩინეს ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მიტოვებული ათასობით შინაური ცხოველი აქტივისტებმა
რას უნდა ველოდოთ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით გლობალური პანდემიის ვითარებას არ აცხადებს. მაგრამ საუბრობს „გლობალურ საფრთხეზე“ და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას აუცილებელი ზომების მიღებისა და სერიოზულად მომზადებისკენ მოუწოდებს.
2020 წელს, კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკის დანაკარგი, წინასწარი პროგნოზით, 1 ტრილიონი დოლარი იქნება.
უკვე გაუქმებულია მსოფლიო კომპიუტერული ფორუმი ბარსელონაში და რაგბის მატჩი იტალიისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. საფრთხის წინაშე დგას იაპონიაში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
ამავდროულად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახალი კორონავირუსი ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე „ფრინველისა“ და „ღორის“ გრიპი და ატიპური პნევმონია. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადებამ, შესაძლოა, აშკარა სიმპტომების გამოვლენის გარეშე გადაიაროს.
თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამას თავისი მინუსი აქვს – ბევრ პაციენტში სიმპტომების არარსებობა ართულებს მათი რეალური რაოდენობის დადგენას.