ისრაელი-პალესტინა: პიკი შესაძლოა 15 მაისს დადგეს
ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე – ღაზას სექტორში – ორი სასტიკი შეტაკების შემდეგ სიმშვიდეა. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე პალესტინელებიცა და ისრაელის ჯარისკაცებიც თავ-თავიანთ მხარეს ძველებურად დგანან. ღია შეტაკებები არ ხდება 6 აპრილის შემდეგ, როდესაც 9 პალესტინელი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა.
თუმცა, პალესტინელები ამბობენ, რომ არაფერი დასრულებულა. ისინი საზღვრიდან არსად წასვლას არ აპირებენ. პირიქით, იმუქრებიან, რომ მომდევნო კვირეების განმავლობაში საზღვართან ბევრად მეტი ადამიანი მივა და ახალი ძალით შეუტევენ, – წერს The New York Times.
ის, რაც საზღვარზე მოხდა, ექვსკვირიანი, ძალადობრივი აქციის – „დაბრუნების მარშის“ შედეგია, რომელიც პალესტინამ 30 მარტს აამოქმედა.
„მსოფლიომ, შესაძლოა, იფიქრა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი სტაბილურ ფაზაში გადავიდა და მისი იგნორირება შეიძლება. ჩვენი პროტესტები მოწოდებულია იმის მისათითებლად, რომ თუკი მსოფლიო ასე ფიქრობს, ის ძალიან ცდება, – უთხრა The New York Times-ს პალესტინელმა პოლიტოლოგმა ომარ შაბანმა, – ეს არის ისრაელის მიერ მიტაცებული პალესტინის ტერიტორიების დაბრუნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები”.
„მსოფლიომ პალესტინელი ხალხის ხმა უნდა გაიგონოს და მისი ტკივილი შეიგრძნოს“, – ირწმუნება ახმედ არტემა, ბლოგერი ღაზადან, რომელიც არაძალადობრივი პროტესტის იდეის ავტორია.
ღაზას სექტორი – ეს არის ისრაელისა და პალესტინის გასწვრივ მდებარე ხუთი რაიონი, რომლებსაც ორგანიზაცია „ჰამასი“ აკონტროლებს. ისრაელმა, ევროკავშირმა და აშშ-მ ეს ორგანიზაცია ტერორისტულად აღიარეს.
აქცია „დაბრუნების მარში“ – ეს არის ექვს პარასკევზე გათვლილი მასობრივი პროტესტები საზღვართან, რომელთა დროსაც პალესტინელები საზღვრის გადალახვას ცდილობენ. გასული კვირის პარასკევი – 6 აპრილი – „საბურავების პარასკევი“ იყო. პალესტინელმა მეამბოხეებმა საზღვართან ათასობით საბურავი დაწვეს. ნამწვის სუნი იერუსალიმშიც იგრძნობოდა. ამის შემდეგ ისრაელმა პალესტინაში საბურავების შეტანა აკრძალა.
მომდევნო სამი პარასკევი გამოცხადებულია როგორც „ყვავილების პარასკევი“, „კუბოების პარასკევი“ და „ფეხსაცმელების პარასკევი“.
ბოლო, “ფეხსაცმელების პარასკევს” პალესტინელი მეამბოხეები აპირებენ ფეხსაცმელები ესროლონ ისრაელ ჯარისკაცებს. ამით ისინი ღაზას ბლოკადას და მისი ორმილიონიანი მოსახლეობის გაღატაკებას გააპროტესტებენ.
„დაბრუნების მარშის“ დაწყებამდე ისრაელის არმიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში პროტესტის მონაწილეთა მიმართულებით საბრძოლო ვაზნებს გამოიყენებდნენ. ასეც მოხდა. ერთ პარასკევს – 30 მარტს, 22 პალესტინელი მოკლეს, მეორე პარასკევს – 6 აპრილს კი – ცხრა. ამ ორ დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიჭრა და დაზიანება მიიღო.
პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობაში მოკლულების და დაჭრილების ასეთი დიდი რაოდენობის გამო, საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა ისრაელის მიმართ – რამდენად პროპორციულად ხდება ძალის გამოყენება? ეს კითხვა დასვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარმომადგენელმა ელიზაბეტ ფროზელმაც.
პალესტინის წარმომადგენელმა გაეროში რიად მანსურმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ გაერო ვერ ახერხებს აღკვეთოს ისრაელის უკანონო ქმედებები. მან ასევე დაგმო ის ფაქტი, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზას სექტორში ისრაელის ჯარის ქმედებების გამამტყუნებელი განცხადების პროექტი არ მიიღო. პროექტი 7 აპრილს განიხილებოდა. ის აშშ-მ დაბლოკა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ყველა ბრალდებას უარყოფს. მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის არმიის ქმედებების გამოძიების აუცილებლობა არ არსებობს, ხოლო მოკლული პალესტინელების ძირითადი მასა – რადიკალური დაჯგუფებების წევრია.
პალესტინელი ლიდერები გაჩერებას არ აპირებენ და არც მალავენ თავიანთ ტაქტიკას, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობაც უჭერს მხარს. პალესტინელები აპირებენ, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიქციონ და თავიანთ რიგებში მსხვერპლის რაოდენობაც არ აშინებთ.
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორა აილენდმა NYT-ს განუცხადა, რომ მას სერიოზულად აშფოთებს ის, თუ რა მოხდება 15 მაისს. სწორედ ამ დღეს, პალესტინელი ლიდერების გეგმით, პროტესტში მონაწილეთა რაოდენობამ პიკს უნდა მიაღწიოს. ეს თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ – 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლისთავი აღინიშნება.
აილენდი შიშობს, რომ ისრაელისა და პალესტინის საზღვრის გადალახვას ბევრად მეტი ადამიანი შეეცდება, ვიდრე 30 მარტს ან 6 აპრილს. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ პროტესტი ქალებმა და ბავშვებმაც გამოხატონ, რაც ისრაელის არმიისთვის ძალიან არასასურველ სიტუაციას შექმნის.