თურქეთში რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვს ანკარაში თავს დაესხნენ. ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა. ელჩის სიტყვით გამოსვლის დროს კაცმა დაიყვირა, – “ალაჰ აკბარ! თქვენ სირიაში უდანაშაულო ხალხს კლავთ, შენ კი აქ მოკვდები!” – და ელჩს ცეცხლი გაუხსნა. სხვადასხვა მონაცემით, მან 7-8-ჯერ გაისროლა. თავდამსხმელმა რამდენიმე ფოტოც დაამსხვრია.
62 წლის ანდრეი კარლოვი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა.
თავდამსხმელი თურქული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს. მისი ვინაობის შესახებ სარწმუნო მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ის თავს თურქული სპეცსამსახურების თნამშრომლად ასაღებდა, სხვა მონაცემებით, პოლიციის საკადრო თანამშრომელი იყო.
თავდასხმა მოხდა სირიის საგარეო საქმეთა მისნისტრის მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს, სადაც რუს და ირანელ კოლეგებთან ერთად სირიაში შექმნილ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ. მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ ჩაშლილა.
გარდაცვლილი ელჩი აღმოსავლეთი ალეპოს ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში იყო ჩართული, და ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ინციდენტის შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დარეგულირებაშიც.
აშშ-ში თურქეთის ელჩმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა: “ეს ტყვიები… რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის არის დამიზნებული”.