"თვითმკვლელთა რაზმი" - რა იქცა ფილმის მთავარ პრობლემად?
“თვითმკვლელთა რაზმს” კომერციული წარმატება ეწერა – ჯოკერის ახალი იმიჯი, უილ სმიტის დაბრუნება ბლოკბასტერებში, მშვენიერი მარგო რობი ჰარლი ქვინის, ჯოკერის შეყვარებულის როლში… შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ტრეილერმა “ააფეთქა ინტერნეტი”. თუმცა, პრემიერის შემდეგ ბევრმა დასვა შეკითხვა – “რა იქცა ფილმის მთავარ პრობლემად?”
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ფილმის სინოფსისი. მას შემდეგ, რაც სუპერმენი საჯაროდ გამოჩნდა, ხელისუფლება შეშფოთდა , რომ “მისნაირებმა” (მისნაირი ძალების, მაგრამ კარდინალურად განსხვავებული განზრახვების მქონე “სუბიექტებმა”) ჩრდილიდან გამოსვლა დაიწყეს. უკვე რეალობად ქცეული საფრთხის საპირწონეს შესაქმნელად ფედერალური აგენტი ამანდა უოლერი (ვიოლა დევისი) “სუპერბოროტმოქმედთა” გუნდს კრებს. და თუკი ამ მისიის შესრულების დროს ვინმე დაიღუპება, დანაკარგზე არავინ იღელვებს. სამყაროს სასწრაფო დახმარება დასჭირდა და ამიტომ პატიმრებს არავინ ელოლიავება.
მთელი ფილმი ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს – გმირების გამოჩენა და სუიციდური მისია. ყურადღებიანი მაყურებელი თავიდანვე შეამჩნევს ფილმის მთავარ პრობლემას, რაც სცენების ცუდ მონტაჟში გამოიხატება. შესაძლოა, ეს კიდეც მოეწონოს ვინმეს, მაგრამ ასეთი მიდგომა სრულიად არ შეესაბამება ფილმის შავბნელ სტილისტიკას. როგორც ჩანს, რეჟისორს “ზემოდან” უბრძანეს, რომ შედარებით მხიარული ფილმი გადაეღო. ორი კურდღლის მადევარი კი…
მეორე პრობლემაა გმირების არათანაბარი საეკრანო დრო. “თვითმკვლელთა რაზმში” კარგადაა გახსნილი შეუმცდარი ქილერის, დედშოტის (უილ სმიტი) ხასიათი, სრულადაა წარმოჩენილი არანორმალური ჰარლიც, რომელსაც განსაკუთრებული გრძნობები აქვს ჯოკერის მომართ. ამას გარდა, სრულყოფილადაა წარმოჩენილი ბანდიტი ელ დიაბლოც (ჯეი ერნანდესი), რომელიც, მერწმუნეთ, ამ უბედურებას რამდენადმე გამოასწორებს. მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ, თუ რატომ არიან მკვლელი კროკი და კაპიტანი ბუმერანგი იმდენად სახიფათო ბოროტმოქმედები, რომ მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებულ ციხეში ჩასვეს.
ამის შემდეგ კი ყველაფერი უარესდება. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება ერთ ქარიზმატლ ბოროტმოქმედზე გაემახვილებინა, რეჟისორმა დევიდ ეიერმა მაყურებელს ერთდროულად სამი “ვილანი” წარუდგინა! ერთია ძლევამოსილი ჯადოქარი (კარა დელევინი), რომელიც მხოლოდ კოცნის მსხვერპლს, ზომბიდ აქცევს და “დიდი საშინელი სხივის” სიახლოვეს ცეკვავს, აქვე არიან მისი ძმა – უბრალოდ უზარმაზარი, მოსაწყენი ახმახი და ჯოკერი.
გულწრფელად ვუთანაგრძნობ ჯარედ ლეტოს. იგი კარგი მსახიობია, მაგრამ ოსკაროსანი ჰიტ ლეჯერის შემდეგ ჯოკერის როლის თამაში წარმოდგენელ სტრესთანაა დაკავშირებული. ამასთან, დიდია იმის შანსი, რომ კომიქსების მოყვარულთა უზარმაზარი არმიის გულისწყრომა დაიმსახურო. ჩემი აზრით, მის მიერ განსახიერებული ჯოკერი არაერთგვაროვანი გამოვიდა. ნაკლები ხუმრობა, ნაკლები ფილოსოფია და მეტი აგრესია. იგი შეშლილი განგსტერია, რომელიც მთელ ქალაქს ატერორებს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჯარედ ლეტო ზედმეტად ცდილობს “როლში შესვლას”, მე კი ვიტყვი, რომ ეს ჯოკერია, რომელიც “როლებში შეჭრას” ითხოვს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯარედ ლეტომ აღიარა, რომ მისი მონაწილეობით იმაზე გაცილებით მეტი სცენა იქნა გადაღებული, ვიდრე ეს ფილმში ჩანს. სწორედ ეს იყო ნამდვილი დანაშაული მაყურებლის მიმართ.
ამის შემდეგ ყველაფერი შტამპების მიხედვით ვითარდება – გმირები ზოგჯერ ენაკვიმატობენ, ბევრს ისვრიან, მეგობრები ხდებიან და ყველაფერი აუცილებელი “ჰეფი ენდით” სრულდება. ეს სულაც არ არის სპოილერი -ფილმის დაწყებიდან პირველი ნახევარი საათის შემდეგ მაყურებელი უკვე ხვდება, როგორ დასრულდება ყველაფერი.
მაშ ღირს თუ არა ფილმის ნახვა? ღირს. თავად მშვენიერი ჰარლი ქუინისა და იმ არაამქვეყნიური, სადომაზოხისტური “სასიყვარულო ქიმიის” გამო, რომელიც მას ჯოკერთან აკავშირებს. უილ სმიტის გამო, რომელმაც, საზოგადოებაში გავრცელებული რასისტული განწყობის მიუხედავად, ნამდვილი მასტერკლასი აჩვენა. და ცეცხლოვანი ელ დიაბლოს გამოც, ეშმაკმა დალახვროს!
და მხოლოდ ერთი საკითხი გახდება ცხარე კამათის მიზეზი: ვინ უფრო სექსუალურია – კარა დელევინი, თუ მარგო რობი?
გამოქვეყნდა 04.09.2016