თბილისში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს აპროტესტებენ
„რუსეთი – ოკუპანტია“ – აქცია ამ ლოზუნგით თბილისის ცენტრში, სასტუმრო „ვერე პალასის“ წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები საქართველოში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ დაფინანსებული, რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით საერთაშორისო ფორუმის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან. მათ მიაჩნიათ, რომ ღონისძიების მიზანს რუსული პროპაგანდის გავრცელება წარმოადგენს.
„რუსეთი – ოკუპანტია, რუსეთი კლავს“, – ასეთი სიტყვებით მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „სამხრეთი კავკასიის მედიაფორუმის“ წარმომადგენელს, რუს ჟურნალისტს დმიტრი კოსირევს. რაზეც კოსირევმა უპასუხა, რომ ის საქმის კურსში არ არის, თუ „ვინ ვის მიერ არის ოკუპირებული“.
სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი – ოკუპანტია“ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ „რუსეთის რბილ ძალას“ საქართველოში თავს თავისუფლად აგრძნობინებენ, და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი პროპაგანდისტული ფორუმების ჩატარების უფლებას აძლევენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე ჩაატარეს თეატრალიზებული პერფორმანსი, რომელიც მათი თქმით, წარმოადგენდა შარჟს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომლებიც „პუტინის პოლიტიკის გამტარებელ“ ადამიანებს სიხარულით ეგებებიან.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფორუმში, სახელწოდებით „მასობრივი საინფორმაციო საშუალებების როლი ნდობის აღდგენის საქმეში“, მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი თბილისში 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. მედიაფორუმის ყურადღების ცენტრშია: „რეგიონული პოლიტიკური კულტურის თავისებურებები, ტრადიციები და აქტუალური ტენდენციები სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოების მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობაში, ასევე მედია-საზოგადოებრიობის პოტენციალი კონფლიქტების გადალახვასა და რეგიონში სტაბილურობის გამყარების საქმეში“.
მედია-ფორუმის ორგანიზატორები არიან – რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, პრეს-კლუბი „თანამეგობრობა“, და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ანტიდასავლური გამოცემა, რომელიც ასევე რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ ფინანსდება.
თუმცა, ფორუმის დღის წესრიგში უკე შევიდა რაღაც ცვლილებები – საქმე ის არის, რომ წინა დღეს რუსეთის დელეგაციის მოსკოვიდან ჩამოსულ სამ წევრს, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში შესვლაზე უარი განუცხადეს.
საქართველოს დედაქალაქის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს გაზეთ „იზვესტიასა“ და სააგენტო ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველმა ვიქტორ ლიტოვნიკმა, რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს (АИРО-XXI) პრეზიდენტმა გენადი ბორდიუგოვმა, და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთეირთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის გლობალური პრობლემების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსეი ტოკარევმა.
ეს უკანასკნელი საქართველოში გამგზავრების წინ სოციალური ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე იმის შესახებ ხუმრობდა კიდეც, რომ „სტერეოტიპების“ სახით, თან არაყი და ხიზილალა მიჰქონდა.
მმართველ პარტიაში საქართველოში ამგვარი ფორუმების ჩატარებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, საქართველოს ხელისუფლების კურსზე რუსეთიდან ჩამოსული ვერანაირი ექსპერტები და ჟურნალისტები გავლენას ვერ მოახდენენ:
„არავითარი საფრთხე არ არის. ჩვენი ეროვნული პოზიცია კარგად მოგეხსენებათ. და ვერავითარი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს. და თუკი რაიმე მცდელობები იქნება ამ ფორუმზე,რომელზე დასწრებასაც, სხვათა შორის, არ ვაპირებ, ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ“, – გადმოსცემს ვოლსკის სიტყვებს „ეხო კავკაზა“.
ოპოზიცია სულ სხვა აზრისაა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის თქმით, ახლანდელი ხელისუფლების პირობებში „კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას“ საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს რუსული პროპაგანდის წარმომადგენლები საქართველოში უპრობლემოდ იმყოფებიან, ისინი თბილისში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. და , რასაკვირველია, თუკი მათ შორის ისეთები არიან, ვინც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, ასეთები კი ამ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს შორის არიან, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან“.
• 2017 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ქვეყნის მთავარ საფრთხეებზეა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი და მის მიერ გატარებული „მცოცავი ოკუპაცია“ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. დოკუმენტში აღიარებულია ის საფრთხეც, რაც ქვეყნისთვის რუსეთის „რბილ ძალას“ და ჰიბრიდულ ომს მოაქვს.