თბილისში საპროტესტო აქცია "ნუ მომკლავ" გრძელდება. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა
18:06
რუსთაველის გამზირზე 11 ივნისს დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
18:05
17:30
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში. ის ამბობს, რომ შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ყველა დაკავებული პირის შესახებ.
“ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ ამ დროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
16:10
პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, პარლამენტის წევრი ნიკა მელია, ასევე და აქციის სხვა მონაწილეები დააკავა.
პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ კარვებს შლის.
15:30
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 11 ივნისს აქციის მონაწილე 6 პირი დააკავა. ქართული მედიის ცნობით, მათ შორის აქციის ორგანიზატორები, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძეც, არიან. დაკავება სავარაუდოდ იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეთა მიერ წინა დღეს განთავსებული კარვები საფეხმავლო ბილიკზე გადაიტანა.
შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ეს პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. ამის გამო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობაში ედებათ ბრალი, ერთ-ერთ მათგანს კი შს სამინისტრო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. შსს-ს ცნობით დაკავებულთაგან ერთერთი ძებნილი აღმოჩნდა, ერთი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
სამართალდამცავებმა კარვებისგან რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დღის 1 საათისთვის გაათავისუფლეს, რასაც აქციის მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა.
10 ივნისის აქცია
აღნიშნული კარვები გზის სავალ ნაწილზე 10 ივნისს დემონსტრანტებმა დადგეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და პანკისში სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პროტესტის ამ ფორმით ითხოვდნენ დამნაშავეთა დასჯას. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე კი არ გეგმავდნენ კარვების აღებას რუსთაველის გამზირიდან.
აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას, ყოფილი მთავარი პროკურორისა და საქმის პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას და მთავარ პროკურორად არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატურის დანიშვნას ითხოვენ.
“მე და ზაზამ [სარალიძემ] ის სიმწარე ვიგემეთ და ვდგავართ აქ, რომ იმ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, როგორც ჩვენ გაგვამწარეს, ისე თქვენ არ გაგამწარონ. ჩვენ ამას მივაღწევთ. ყველა დამნაშავე ჯგუფი უნდა დაისაჯოს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
“აქ ვიდგები მანამ, სანამ არ დასჯიან ჩემი შვილის მკვლელებს, თუ არადა გამოიყვანონ ბეტეერები და გადამიარონ”, – ამბობს ზაზა სარალიძე.