ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში შეიჭრნენ ადამიანები, რომლებმაც იქ შეკრებილებს სოსისები და მწვადი დაუშინეს, აგინეს, მიმტანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ჭურჭელი დაამსხვრიეს.
“ქართველები არა ხართ, ხორცი ჭამეთო, ყვიროდნენ,” – გვიამბო მარიმმა, დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა და გვთხოვა, მისი გვარი არ გაგვემხილა.
თავდამსხმელებს შეუერთდნენ მეზობლებიც, რომლებმაც კაფეს მფლობელებისა და კლიენტების დრედები და პირსინგები რომ დაინახეს, აყალმაყალის ამტეხებად ისინი მიიჩნიეს და სკანდალი კიდევ უფრო გაამძაფრეს. “ არც კი უკითხავთ, რა ხდებოდა; გვემუქრებოდნენ, რომ ყელებს გამოგვჭრიდნენ,” – გვიყვება კაფეს კიდევ ერთი თანამშრომელი, გიორგი გეგელაშვილი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმაც, რომლებიც ადგილზე მალევე მივიდნენ, სხვების მსგავსად, მომხდარში დაზარალებულები მეტად დაადანაშაულეს:
“გვითხრეს, რომ ჩვენ თვითონ ვიწვევთ გამვლელებს,” – თქვა ერთ-ერთმა კლიენტმა, – არადა, არაფერი უნახავთ და იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ დაახლოებით მაინც გაერკვიათ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
კაფეს მეპატრონეებმა და მუდმივმა კლიენტებმა თავდამსხმელებს შორის ძველი ნაცნობები ამოიცნეს – ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ამ დაწესებულებაში ზოგჯერ ადრეც შედიოდნენ ხოლმე.
”იცოდნენ, რომ ვეგანები და ანტიფაშისტები ვართ, მათ კი ასეთები სძულთ. [დარბევის დროს] გვემუქრებოდნენ, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენს ოჯახებსაც მიადგებოდნენ,” – თქვა გიორგი გეგელაშვილმა.
ქართველი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების დაჯგუფებაზე ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ სოციალური ქსელებში ამ ადამიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ.
“საქართველოში ნაციონალისტების ორი კატეგორია არსებობს. უმრავლესობა პრორუსულადაა განწყობილი, მაგრამ არსებობენ ანტიდასავლურად განწყობილი იზოლაციონისტებიც,” – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია, რომელიც აზრით, კაფეზე თავდამსხმელები მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან.
ფეისბუკის დისკუსიაში მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში ქართველი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების მსვლელობას შეესწრნენ.