ვის იცავენ ლომები
სახელგანთქმული აბანო „ფანტაზია“ ბაქოში, ვიდადისა და საფარლის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ის 1897 წლის 13 იანვარს გაიხსნა. ამ მოვლენას გაზეთ „კასპიის“ თანამშრომლებმა პომპეზური სტატია მიუძღვნეს. სტატიის ავტორი ვარაუდობდა, რომ ინვესტორები დაბანდებული ფულის ამოღებას ვერ შეძლებდნენ, იმიტომ რომ „ფანტაზია“ ძალიან კეთილსინდისიერად აშენდა და შენობა მეტისმეტად მდიდრულად იყო მოწყობილი.
დღეს ადამიანს შეუძლია, დილით გაიღვიძოს, საშხაპეში შევიდეს, წყალი გადაივლოს, ყავა დალიოს და სამსახურში გაიქცეს. ადრე კი არც წყალგაყვანილობა იყო და არც კანალიზაცია, ამიტომ დაბანის პროცესი ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენდა. თუკი ორმოცი წლის ადამიანი არ ყარდა, ის წარმატებულად ითვლებოდა.
ქვის ლომის თავი დრომ გააშავა. მის ქვეშ მდგარ ქვისსავე პირსაბანში წყალი აღარ ასხია. ამ თასებში ახლა პლასტმასის ბოთლები, ხელსახოცები და შემოდგომიდან მორჩენილი დამპალი ფოთლები ყრია. ადრე აბანოსთან ხანში შესული ქალი მოდიოდა, რომელიც პატარა ცოცხით ასუფთავებდა აქაურობას. დიდი ხანია, ის მოხუცი აღარ გამოჩენილა.
როგორ იწყებოდა ყველაფერი
აბანოს მფლობელის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. შენობის პროექტი ქალაქის სამმართველოს წევრსა და შემდგომში ქალაქის თავს, არქიტექტორ ნიკოლაი ავგუსტოვიჩ ფონ დერ ნონეს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შენობა ქალაქის ბალანსზე ირიცხებოდა. ასეთ შემთხვევაში, სრულიად გასაგებია ის, რომ კერძო დამკვეთი „არ ჩანს“. მართლაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალაქის თავს, (რომელიც, როგორც წესი, საქმეებში იყო ჩაფლული) კერძო დაკვეთით დაეწყო მშენებლობა.
მანამდე ელექტროენერგია მხოლოდ სახელმწიფო უწყებების (მ.შ. სადგურის) შენობებსა და მდიდრულ სახლებში იყო გაყვანილი. ფოიეში მდგარ შადრევანს ფერადი ნათურებით ანათებდა. ” ეს გამოგონება თავად აბანოს მფლობელს ეკუთვნის”, – განმარტავდა გაზეთი „კასპიი“.
აბანო მთლიანად ელექტროენერგიით ნათდებოდა. კუთხეებში, ზემოაღნიშნული ლომების გასანათებლად, ფანარები იყო განთავსებული, სახურავზე კი დამონტაჟებული იყო ელექტროპროჟექტორი, რომელიც წინასწარ გათვლილ, ეფექტურ „ზედმეტობას“ წარმოადგენდა.
აბანოს სპეციალური დარბაზიც ჰქონდა, სადაც პროცედურების შემდეგ ჩაის დასალევად შედიოდნენ. ამასთან, ჩაის მაგიდები „ფანტაზიის შიდა ეზოშიც იდგა.
აბანოს ინტერიერი მთლიანად მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. იატაკის გასაწყობად სპეციალურად დამუშავებულ ქვას იყენებდნენ. ასეთ მარმარილოზე ფეხი არ ცურავს. იმ გლუვი ქვისგან განსხვავებით, რომელიც თანამედროვე, სწრაფად განვითარებად ბაქოშია დაგებული.
აბანო ნომრებად იყო დაყოფილი. სულ ოცი იზოლირებული საბანაო სივრცე არსებობდა. მაგრამ არა იმ მიზნით, რაც ახლა გაიფიქრეთ. „ფანტაზიაში“ საბანაოდ, საქმიანი გარიგების დასადებად და ფილოსოფიურ თემებზე სასაუბროდ დადიოდნენ. არავითარი გარყვნილება!
„ნომერი“ შედგებოდა ერთგვარი „გასახდელი ოთახისგან“ (სადაც ტანსაცმლის გახდა და ნივთების დატოვება შეიძლებოდა) და საკუთრივ სააბაზანოსგან, რომელშიც მთლიანი მარმარილოს ნაჭრისგან დამზადებული მდიდრული აბაზანა იყო ჩადგმული.
გარდა ამისა, აბანო ბარელიეფებით იყო შემკული. „ფანტაზიაში“ უამრავი დახვეწილი ბარელიეფის ნახვა შეიძლებოდა. კედლები ანგელოზების და ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების გამოსახულებებით იყო შემკული. ჭერი აღმოსავლური და რომაული სტილის ორნამენტებით იყო მორთული; ძვირფას ლარნაკებში კი ყოველთვის ცოცხალი ყვავილები ეწყო.
„ფანტაზიაში“ ოციოდე ლაქია და ოფიციანტი და ამდენივე მოახლე მუშაობდა. აბანოს კლიენტებს რუსულ, ფრანგულ და სპარსულ გაზეთებს სთავაზობდნენ. ამას გარდა, აქ ცოცხალ მუსიკასაც უკრავდნენ. 1900 წელს კონცერტები მოდური ფონოგრაფით ჩაანაცვლეს.
1914 წლამდე ბაქოში საერთოდ არ იყო წყალგაყვანილობა. აბანო წარმოუდგენელი რაოდენობის მტკნარ წყალს იყენებდა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით ჩაჰქონდათ ბაქოში. ასე რომ მარაგების შესავსებად „ფანტაზია“ ზოგჯერ რამდენიმე დღით იკეტებოდა.
ყურადსაღებია, რომ ფანტაზიაში საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები იყო დაწესებული – მინიმალური სერვისი, სულ რაღაც, 50 კაპიკი ღირდა. ანუ მუშას, რომელიც თვეში 20 მანეთს იღებდა, შეეძლო, თვეში ერთხელ მაინც მოსულიყო ამ აბანოში.
საბჭოთა პერიოდი
1920 წელს აბანო დაკეტეს. ყველაფერი, რის გატანა და გაყიდვაც შეიძლებოდა, გაიტანეს და გაყიდეს. აბანოს ნაწილი საერთოდ დაშალეს. მარმარილო მთლიანად ამოაცალეს და ამ შენობაში ჯერ სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყვეს, შემდეგ კი – სკოლა.
თუმცა, 20-იანი წლების ბოლოს „ფანტაზია“ მაინც დაბრუნდა. აბანო გაარემონტეს, ხალიჩებით მორთეს, რესტავრაცია ჩაუტარეს და აღადგინეს. თუმცა, რესტორნის ფუფუნება ზედმეტად ჩათვალეს და მოაშორეს. „ფანტაზია“ უბრალო აბანოდ იქცა, მაგრამ მაინც საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ ქალაქში.
«ჩემთვის“ფანტაზია“, პირველ რიგში, ბებიაჩემთან ასოცირდება. დიდი სამამულო ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში ბებია „ფანტაზიასთან“ იდგა და გაზირებული წყლით ვაჭრობდა. იქვე, ვიდადის ქუჩაზე ვცხოვრობდით», – ამბობს ძველი ბაქოელი ლატიფა. – საერთოდ, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე აბანო იყო გახსნილი – აბანო ნომერი 1, „სალდათების აბანო (სადაც ჯარისკაცები ბანაობდნენ) და ა.შ. მაგრამ საუკეთესო აბანოდ „ფანტაზია“ მიიჩნეოდა. 50-იანებში იქაურობას ჯერ კიდევ ეტყობოდა ლაზათი. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად დავდიოდი „ფანტაზიაში“ – იმიტომ რომ სახლში იშვიათად მოდიოდა წყალი.
იმ პერიოდში „ფანტაზიასთან“ (იმ მხრიდან, რომელიც გორკის ქუჩაზე გადის) ტრამვაი გადიოდა. შემახინკის რაიონს გადიოდა და პირდაპირ აბანოსთან ჩერდებოდა. შიმშილის ეპოქაში ეს გაჩერება სარფიანი ადგილი იყო ვაჭრობისათვის – ერთი მხრივ, ტრამვაიდან ჩამოსულ მგზავრებს ხვდებოდი, მეორე მხრივ კი – „ფანტაზიდან“ გამოსულ ადამიანებს».
საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში აბანოში გაზირებული წყლის ავტომატები და ტკბილეულის ბუფეტი გაჩნდა. აქ ბავშვებთან ერთად დადიოდნენ. წინასწარ ყიდულობდნენ აბონემენტს და გრძელ, ტრადიციულ საბჭოთა რიგში დგებოდნენ. ერთ ადამიანისთვის ერთი საათი ერთი მანეთი ღირდა.
შიდა ეზოს შადრევანი ცუდად მუშაობდა, ამიტომ ცოცხალი ყვავილები პლასტიკატის „მცენარეებით“ შეცვალეს.
«აქვე ვცხოვრობდით, ვიდადის ქუჩაზე. მე და ჩემი ძმა „ფანტაზიაში“ დავდიოდით. დედას დავყავდით, – იხსენებს ისმაილი. – ექვსი წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – ათის. ჩემს ძმას ხელში ავყავდი და გაზირებული წყლის ავტომატში მონეტას ვაგდებდი. ჩვეულებრივი ლიმონათი, გაზირებული წყალი და ნაღების სასმელი ჰქონდათ».
მთელი ამ პერიოდის მანძილზე აბანო „დროსტარების“ (ერთგვარი „ტუსოვკის“) ადგილად ითვლებოდა – აქ არამხოლოდ საბანაოდ, არამედ დასასვენებლად და სასაუბროდაც მოდიოდნენ. „ფანტაზიას“ დიდი ოჯახებითა და სამეგობროებით სტუმრობდნენ ხოლმე.
აბანოში ქალებისა და მამაკაცების დღეები იყო დაწესებული, მაგრამ ეს შეზღუდვა მხოლოდ საერთო დარბაზს შეეხებოდა. „ნომრებში“ კანონიერ მეუღლეებსაც უშვებდნენ, მაგრამ შესვლის წინ წყვილებს პასპორტები უნდა წარედგინათ. თუმცა, მრუში კაცები ამ წესს არღვევდნენ და მიზანს მაინც აღწევდნენ – საყვარლებს ცოლების პასპორტებით ატარებდნენ. იმ პერიოდის პასპორტებში ფოტოსურათებს არ აკრავდნენ.
თანამედროვე ისტორია
2000-იანებში და 2010-იანი წლების დასაწყისში „ფანტაზია“ ჯერ კიდევ მუშაობდა, მაგრამ იმ პერიოდისთვის აქაური ფუფუნება უკვე ძალიან იყო შელახული და ამ აბანოში მხოლოდ საბანაოდ მოდიოდნენ – ისიც მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ვინმეს სახლში შხაპი არ უმუშავებდა.
«ძველი რემონტი იყო შენარჩუნებული. მთავარ დარბაზი ვიტრაჟებით იყო გაწყობილი. დეკადენტური ატმოსფერო სუფევდა. შეგეძლო, ნომერში ჩაი და მურაბა შეგეკვეთა. სასაცილო ურიკებით მოჰქონდათ. უბრალოდ მისვლა და მთავარ დარბაზში დაჯდომაც შეიძლებოდა. ამას გარდა, აბანოში პატარა ორანჟერეა და შადრევანიც იყო მოწყობილი.
მხოლოდ საბჭოთა წარმოების ძველი გორგოლაჭებიანი მაგიდები ჰქონდათ. ზოგჯერ მომსახურებაზე უარს ამბობდნენ, ყველა მაგიდა დაკავებულია და შეკვეთას ვერ მივიღებთო, გვიცხადებდნენ – ამბობს ფარიდი – ეს აბანო ყოველთვის მერჩივნა სხვებს. კედლებსაც კი ეტყობა, რომ აქაურობა უამრავ საიდუმლოებას ინახავს».
2012 წელს „ფანტაზიაში“ გადაიღეს სცენა ფილმიდან „ნუ გეშინია, შენთან ვარ! 1919“, რომელიც ცნობილი საბჭოთა ფილმის გაგრძელებას წარმოადგენს. ვიდეორგოლში „ნომრების“ კაფელით გაწყობილი კედლები (აქა-იქ კაფელი ჩამოყრილია) და ბარელიეფებითა და შადრევნით დამშვენებული მთავარი დარბაზი მოჩანს.
«ბოლოს ფანტაზიაში 2010 თუ 2011 წელს ვიყავი. მინდოდა, ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის მეჩვენებინა, თუ რა მდგომარეობაში იყო აბანო და როგორი ფასები იყო დაწესებული, – ამბობს ნაილია. – კედლებზე ძველი საბჭოთა კაფელი იყო გაკრული, იატაკზე კი დაბზარული მეტლახი ეფინა. ბარელიეფების ნარჩენებს ემულსიის სქელი ფენა ჰქონდა წასმული. ბავშვობიდან მახსოვს, რომ 80-იან წლებში ეს აბანო რესტავრაციის მიზნით დახურეს. სწორედ მაშინ გააწყვეს კაფელით კედლები, რასაც ფრესკები და ბარელიეფები შეეწირა».
მცირე ხნის წინ სოციალური ქსელების მომხმარებლებს „ფანტაზია“ იმავე რაიონში მდებარე სხვა (უკვე დანგრეეულ) აბანოში აერიათ და ხმაურიანად დაიტირეს. როდესაც გაირკვა, რომ „ფანტაზია“ არ დანგრეულა, საზოგადოება შეშფოთებამ მოიცვა. ხალხს ეშინოდა, რომ ამ აბანოსაც დაანგრევდნენ. და ამ შფოთვას აძლიერებდა ის, რომ 2016 წლის ბოლოს „ფანტაზია“ დახურეს. ამჟამად შენობის კარს ბოქლომი და მრავლისმეტყველი დაფა ამშვენებს, რომელზეც აღნიშნულია, რომ ეს აბანო არქიტექტურული ძეგლია, რომელსაც სახელმწიფო იცავს.
დაახლოებით ასეთივე კომენტარი („ობიექტს სახელმწიფო იცავს“) გააკეთა აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ელბაი ყასიმზადემ, რომელმაც 1news-ს განუცხადა: “ ერთი წლის წინ ბატონ პრეზიდენტს გადაეგზავნა მიმართვა, რომელსაც მხატვართა, არქიტექტორთა, კომპოზიტორთა და მწერალთა კავშირების თავმჯდომარეები აწერდნენ ხელს. მიმართვის ტექსტში ბაქოს არქიტექტურული ძეგლების ნგრევაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ ასეთი ნაგებობების ნგრევა შეწყდა. ვფიქრობ, „ფანტაზიის“ შენობას არავინ შეეხება”.
ჩვენს შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა „ფანტაზიას“, ვერც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უპასუხა, და ვერც კულტურის სამინისტრომ.
თუმცა, ჩვენმა ანონიმურმა წყარომ, რომელიც ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს, დაადასტურა, რომ აბანოს დაანგრევს კერძო ინვესტორი, რომელმაც ეს ტერიტორია შეიძინა.
ამჟამად „ფანტაზია“ მინებჩამსხვრეული, ხარახურით გატენილი ერთსართულიანი შენობაა – გაშავებული და გაქუცული, როგორც ბებერი კატა. და ამ ნაგებობას მხოლოდ სამი ლომი იცავს, რომლებიც შენობის კუთხეებში დგანან და ქვის ნავებში პლასტიკატის ბოთლებსა და შაურმის ქაღალდებს აგროვებენ.