უკვე ოც დღეზე მეტია, პარლამენტის შენობასთან მიტინგი იმართება, სადაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ამ მიტინგს ორგანიზატორები ანტისაოკუპაციოს უწოდებენ, რადგან მიტინგი საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. შემდეგ, კი, როდესაც აქცია 20 ივნისს სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაარბია, მიტინგის მთავარ მოთხოვნად შს მინისტრის გადადგომა იქცა.
ამ ხნის განმავლობაში მიტინგს 100 ზე მეტი გამომსვლელი ჰყავდა. მათ შორის იყო ლუკაც.
ვიდეო, სადაც შავკანიანი ბიჭი გამართული ქართულით რუსულ ოკუპაციაზე ლაპარაკობს, ათასობით ადამიანმა ნახა.
ტრიბუნიდან ლუკა ჰყვებოდა, რომ ლონდონში დაიბადა და არის ფინეთის მოქალაქე.
“მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მინდა, რომ დავრჩე აქ, ჩემს ქვეყანაში – საქართველოში” – თქვა მან.
აქ ლუკა ბაბუასთან ერთადაა. ბაბუა მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლუკა 14 წლისაა. გამოსვლის ტექსტი თვითონ დაწერა. ჯერ მობილურ ტელეფონში აკრიფა და შემდეგ ბაბუას წააკითხა.
“მის ნაწერში არავინ ჩავრეულვარ, თავისი იყო სათქმელი და თავისივე უნდა ყოფილიყო ფორმაც. ერთი ის ვუთხარი, მთავარია, არ ინერვიულო, აუდიტორია დიდი გეყოლება და არ აღელდე-თქო”, – ამბობს ლუკას ბაბუა.
როდესაც მომიტინგეებს მიმართავდა, ლუკა ტრიბუნასთან მშვიდი იყო. ხალხში იდგა მისი ბაბუაც, რომელიც ამბობს, რომ იმ წუთებში სიამაყით იღიმოდა.
ლუკას დედა ლონდონელია, წარმოშობით იამაიკელი. მამა კი, ქართველი.
8 წლამდე იგი ლონდონში იზრდებოდა. საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა, გიჟდებოდა ბებია-ბაბუაზე, აქაურ ატმოსფეროზე და თბილისის ანძაზე.
სწორედ ლუკას სურვილი იყო, რომ ოჯახი თბილისში გადმობარგებულიყო.
პირველი სიტყვაც, რაც მან ქართლად ისწავლა, ‘ანძა’ იყო. ახლა ლუკა ქართულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობს.
ჯერ სკოლაშია, მაგრამ უკვე ჩაერთო ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს.
“საქართველოსთვის ახლა თითქოს რეინკარნაციის პერიოდი დგას, რუსეთს რომ უნდა გაემიჯნოს და ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს,” – მსჯელობს ლუკა.
“ძალიან კარგია საქართველო, აქ მინდა ყოფნა და მიხარია, იმის იმედიც და ცოდნაც რომ მაქვს, რომ ცოტა ხანში, უკეთესიც იქნება აქაურობა იმიტომ, რომ აი, ეს პროტესტი ზუსტად მაგისთვისაა,” – ამბობს ლუკა.