ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი მიძღვნილი ლექსის კონკურსი 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მის ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„პუტინზე ლექსი სამი ათასმა ადამიანმა გააგზავნა. მათ შორის 1,7745-მა ვიდეორგოლი ჩაწერა. ლექსებს აგზავნიდნენ არა მარტო ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან, არამედ დსთ-ს ქვეყნებიდანაც. ბევრი ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ლექსი იყო, თუმცა საბოლოოდ, ერთი შეირჩა – კონკურსის გამარჯვებული მესამეკლასელი ჩეჩენი გოგონა ჰედა იბაჰიევა გახდა, ნადტერეჩნის რაიონის სოფელ ბენო-იურტიდან“ , – უამბო ონლაინ –პორტალ „კავკაზსკი უზელს“ ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
გამარჯვებული გოგონას პუტინისადმი მიძღვნილ ლექსში ასეთი სიტყვებიცაა: “Скрипит Америка зубами, Но им, убогим, не понять, Что никогда вот этот парень, Не посрамит Россию-мать!”.
კადიროვს კონკურსის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ადგილობრივი გუნდის წევრებმა მას ახლადგამოსული iPhone X აჩუქეს. ჩეჩნეთის მეთაურმა გადაწყვიტა, საჩუქარი თავისთვის არ დაეტოვებინა და იგი პუტინზე საუკეთესო ლექსის ავტორისთვის გადაეცა.
კადიროვმა გამარჯვებული გოგონას ვიდეო თავის ინსტაგრამზე დადო.
კონკურსმა სოციალურ ქსელებში ბევრი კრიტიკაც გამოიწვია, ერთ-ერთი კომენტარის ავტორმა მას „პუტინიადა“ უწოდა.