2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.
დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი, ასევე მაშველები.
ძლიერი წვიმა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ვერე. სტიქიის ეპიცენტრად თბილისის ზოოპარკი და ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალი იქცა. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.
სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. ზოოპარკის გარეთ აღმოჩნდა ბეჰემოტი ბეგიც, მისი ფოტოები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბესო გულაშვილის ფოტო
17 ივნისს ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დიდი სამუშაო გასწიეს მოხალისეებმა. ისინი გაწმენდით სამუშაოებშიც მონაწილეობდნენ და პირველადი დახმარების ნივთებსაც აგროვებდნენ დაზარალებულებისთვის. მათი აქტივობები ფეისბუკზე იგეგმებოდა და ამ საქმეში ასობით ახალგაზრდა იყო ჩართული.
სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადასვლა გამოიწვია.