ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტისაგან – სიმინდისა და ყველისაგან შედგება.
მაგრამ არ იფიქროთ, რომ მისი მომზადება იოლია. თუ რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს არ დავიცავთ, არაფერიც არ გამოგვივა. ყველა აუცილებელ წვრილმანს ჩვენი ზუგდიდელი ავტორი ნათია კანკია გაგვიზიარებს.
3 ულუფა ელარჯისათვის დაგჭირდებათ:
1 კგ სიმინდის ღერღილი
200 გ სიმინდის ფქვილი
1,5 კგ სულგუნი
მნიშვნელოვანი დეტალები
სიმინდის ღერღილი კარგად უნდა გავცრათ, შემდეგ კი გულმოდგინედ გავავლოთ. კეთილსინდისიერი მეგრელი დიასახლისები ღერღილს 25-ჯერ მაინც ავლებენ, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ მასა თეთრია.
გარეცხილ ღერღილს ვასხამთ წყალს და მიგვყავს ადუღებამდე. ღერღილს აუცილებლად უნდა ვურიოთ ხის კოვზით, თუმცა უკეთესია ბრტყელი ნიჩბით. სხვათა შორის, თუ ღომისა და ელარჯის კეთებას ხშირად აპირებთ, კარგი იქნება, თუ სპეციალურ ხის ნიჩაბს – ჩოგანს შეიძენთ. სამეგრელოში ის ყველა სამზარეულოში აქვთ. ამ ჩოგნით მუდმივად უნდა ვურიოთ ღერღილის ფაფას, რომელიც დაბალ ცეცხლზე იხარშება (ხომ არ დაგავიწყდათ ალის დაკლება მას შემდეგ, რაც წყალი ადუღდა?).
პროცესს გულმოდგინედ უნდა მივადევნოთ თვალი, სანამ ღერღილი სრულად არ მოიხარშება – ანუ, დაახლოებით 45 წუთი.
მალე მიეჩვევით თვალით მიხვედრას, როდის არის მოხარშული ღერღილი – მასა სქელდება და მისი მორევა უკვე ძნელია. სწორედ ახლა უნდა დავუმატოთ სიმინდის ფქვილი (გახსოვთ? 200გ). ვურიოთ სწრაფად, ფქვილი რომ არ მიიწვას. უნდა მივიღოთ სქელი სიმინდის ფაფა. დავუკლოთ ცეცხლს კიდევ უფრო და დავტოვოთ ფაფა კიდევ 30 წუთამდე. შედეგად, ამისაგან კიდევ ერთი კერძი – ღომი გამოგვივა.
ახლა დროა ყველს მივხედოთ. დასაწყისისათვის ცოტათი უნდა დავამარილოთ – ერთი მწიკვი მარილიც ეყოფა. ვდგამთ ცეცხლზე ტაფას, ვასხამთ ზედ ნახევარ ჭიქა წყალს. როგორც კი ადუღდება, ვდებთ მასში სულგუნის ნაჭერს, რათა გავიგოთ, მზადაა თუ არა ყველი. ამისათვის იგი უნდა დავსრისოთ ხის კოვზით – თუ ყველი დნება და იწელება, ე.ი. მზადაა.
მზა ღომში ვდებთ ყველის ნაჭრებს და კარგად ვურევთ. ვტოვებთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთს და ხელახლა შევზელთ.
თუ სიმინდის მასა კარგად იწელება, ე.ი. თქვენი ელარჯი მზადაა! გადმოგვაქვს თეფშებზე და სუფრაზე ცხლად მიგვაქვს.
გირჩევთ, კიდევ ერთხელ ნახოთ ვიდეო, რომ არაფერი გამოგრჩეთ. და თუ კითხვები გაგიჩნდებათ, აუცილებლად დაგვისვით ამ მასალის კომენტარებშივე. წარმატებებს გისურვებთ!