ევროპის საბჭოს დეპუტატები ჩეჩნეთში ლგბტ პირების მდგომარეობით შეშფოთებული არიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ბელგიელმა დეპუტატმა პიტ დე ბროინმა წაიკითხა საკუთარი მოხსენება „ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენელთა დევნა ჩეჩნეთში“, – იუწყება „ნოვაია გაზეტა“.
ნახევარი წლის განმავლობაში ის ამ დევნის მსხვერპლებს, ამ სიტუაციის გამოძიებაში მონაწილე ჟურნალისტებს და სხვა გათვითცნობიერებულ პირებს ხვდებოდა.
დე ბროინის მიზანს ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებათა ვითარების გამოძიებაზე მეტად, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლების დევნის ფაქტების დოკუმენტურად აღწერა წარმოადგენდა.
ჰომოფობია: არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ მთელ რუსეთში
თავისი კვლევის შედეგების მიხედვით, დე ბროინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმის მიზეზად, რაც ჩეჩნეთში ხდებოდა, საერთო რუსული სიტუაცია იქცა. ქვეყანა, რომელშიც ჰომოფობიური განწყობები სულ უფრო მასობრივი ხდება, სექსუალურ უმცირესობათა დევნა მით უფრო მოსალოდნელია, – მიაჩნია ბელგიელ დეპუტატს.
„2013 წელს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ფედერალური კანონის მიღების მომენტიდან ხელისუფლება შეტყობინებას აგზავნის იმის თაობაზე, რომ ლგბტ-ადამიანები მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბავშვებსა და საზოგადოებრივ მორალს საფრთხეს უქმნიან… კანონმდებლობა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შეტყობინებები და პოლიტიკური განცხადებები ჰომოფობიის ხელის შემწყობ კლიმატს ქმნიან. 2017 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ პირთა წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას რუსეთის ფედერაციის საზოგადოების მხრიდან მკვეთრი ოპოზიციური რეაგირება არ მოჰყოლია“, – ნათქვამია დე ბროინის მოხსენებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
მოხსენების წაკითხვის შემდეგ გამართული დებატებიდან ცხადი გახდა, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთსაათიანი განხილვის შემდეგ რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.
რეზოლუციაში დეპუტატებმა ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ დევნის ფაქტები აღწერეს. მათ ასევე დაგმეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ამ რეგიონში გეებისა და ლესბოსელების არსებობა უარყოს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს ამ სიტუაციის მიუკერძოებლად გამოძიებას მოსთხოვს, და თუკი ის არ შედგება, ასამბლეა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიციატივით გამოვა.
ერთი ღამის შედეგი: 27 მოკლული გეი
2017 წელს „ნოვაია გაზეტამ“ რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩეჩნეთში ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენელთა წამებისა და მკვლელობების შესახებ იყო მოთხრობილი. ერთი წლის წინათ გამოცემამ გამოაქვეყნა რესპუბლიკაში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში მოკლული 27 ადამიანის სია. გაზეთის მონაცემებით, ეს ადამიანები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დახვრიტეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ღამეს დაკავებულები დახვრიტეს და სხვადასხვა სასაფლაოზე გაანაწილეს, მათ შორის – ქრისტიანულზეც, და სახელდახელოდ გათხრილ საფლავებში დამარხეს.
დაკავებულთა სიების დაწვრილებით შესწავლას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ სასამართლოს გარეშე დასჯის გადაწყვეტილება ცენტრალიზებულად იქნა მიღებული, და თან, რა საოცარიც უნდა იყოს – სპონტანურად. თუმცა ჩეჩნეთში დღესდღეობით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ ასე მიიღება“, – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
“ნოვაია გაზეტას“ გამოძიება სულად — იხილეთ აქ
რუსეთის ხელისუფლება მთლიანად, და კერძოდ ჩეჩნეთის ხელისუფლება, გეების წამებისა და მკვლელობის ფაქტების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. მეტიც, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი საერთოდაც მიიჩნევს, რომ რეგიონში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არ არსებობენ.