დევნილთა ქალაქი
საქართველოში 260 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობს. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია – ქვეყნის მოსახლეობის 6% იძულებული გახდა, ომს გამოქცეოდა და ცხოვრება ნულიდან დაეწყო.
საქართველოში კარგად ახსოვთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი – ქვეყანაში პანიკა და არეულობა სუფევდა, როდესაც დევნილებს ახალ საცხოვრებლებში ათავსებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ “კომპაქტურად” დაასახლეს – სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
კომპაქტური ცხოვრება
სასტუმროს ნომერი ან საერთო საცხოვრებლის ოთახი დროებითი თავშესაფარი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა, ათეული წლებია, ასეთ პირობებში ცხოვრობს. ბევრისთვის კი ეს დროებითი თავშესაფარი სამუდამო საცხოვრებლად იქცა.
“როდესაც აქ მოვედით, არაფერი გვებადა, საერთოდ! ერთხელ ქმარმა ნაგავში ვიღაცის ჩანგალი იპოვა და სახლში მოიტანა,” – ამბობს მზია ქარდავა.
მზიას სახლი ერთი ოთახია, რომელიც დასავლეთი საქართველოს ერთი პატარა დასახლებული პუნქტის მრავალ საერთო საცხოვრებელთაგან ერთ-ერთში მდებარეობს.
ამ დასახლებულ პუნქტს ფოცხოეწერი ჰქვია, თუმცა ზოგჯერ დევნილთა ქალაქს უწოდებენ. აქ ჩამომსვლელს ეჩვენება, რომ აქ მხოლოდ გადმოსახლებულები ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სოფლის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენენ. უბრალოდ, მათ უფრო ადვილად ამჩნევენ.
აქ არის სკოლა, საბავშვო ბაღი და პოლიკლინიკა. ადგილობრივთაგან ყველაზე უფრო მოხერხებული ადამიანები პატარა მაღაზიებს ხსნიან, სადაც პროდუქტების შეძენა შემდგომი გადახდის პირობითაც შეიძლება. ქართულად ამას “ნისია” ჰქვია. ნისიის გარეშე, ფოცხოეწერში ვერაფერს იღონებ.
“მთელი თვის განმავლობაში ისე ვიღებთ, თითქოს უფასო იყოს – უბრალოდ, გამყიდველი ყველაფერს რვეულში იწერს. შეძენილი პროდუქტების ფასს მაშინ ვიხდით, როდესაც შემწეობას ვიღებთ.”
იძულებით გადაადგილებული პირის შემწეობა საქართველოში 45 ლარით განისაზღვრება, რაც დაახლოებით 20 დოლარის ტოლფასია. ფოცხოეწერის ფასები თბილისურს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ამ ფულით ბევრს ვერაფერს იყიდი.
“დევნილთა ქალაქი” ცარიელდება
ფოცხოეწერი სპეციალურად ენგურჰესის თანამშრომლებისათვის აშენდა. აღნიშნულ ელექტროსადგურს ქართული და აფხაზური მხარეები მოიხმარდენენ.
ჰესი დღემდე სამუშაო ადგილების მთავარ წყაროდ ითვლება სოფელში. თუმცა, საერთო საცხოვრებლის ბინადრებს შორის მუდმივი სამსახურის მქონეთა რიცხვი ძალიან მცირეა. იღბლიანად მიიჩნევა ის ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც მუშაობს.
დევნილის შემწეობის გარდა, ფოცხოეწერის ბევრი მცხოვრები სახელმწიფოსგან დამატებით ფულად სახსრებს იღებს, რადგან სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ამ შემწეობის ფულადი ოდენობა 60 ლარით (დაახლოებით 30 დოლარი) განისაზღვრება. ყველაზე “მდიდრები” კი 160-ლარიან პენსიასაც იღებენ.
ეს მცირე სახელმწიფო შემწეობები საერთო საცხოვრებლის ბინადრების უმრავლესობისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
ფოცხოეწერში სამუშაოს პოვნა თითქმის შეუძლებელია. სეზონური სამუშაოებიც კი იშვიათია. სწორედ ამიტომ, ბევრმა ეს სოფელი დატოვა.
უბრალოდ “ბევრმა” კი არა – უმრავლესობამ. თავიდან ფოცხოეწერში თითქმის 250 ოჯახი დაასახლეს, ახლა კი ოთხმოცზე ნაკლები დარჩა. ადამიანები ტოვებენ ამ ადგილს და საცხოვრებელს, რომელიც მათი გახდა.
აი, როგორი ბედი ეწია ბევრს საქართველოში: დევნილებმა დაახლოებით ათი წელი დროებით საცხოვრებელში გაატარეს, ვიდრე სახელმწიფო გონს მოეგებოდა და საცხოვრებელს გადასცემდა. ყოფილ საბავშვო ბაღში ან პოლიკლინიკაში მდებარე პატარა ოთახის პრივატიზება არც ისე ბევრმა ადამიანმა შეძლო. “ლტოლილთა” უმრავლესობამ ხელისუფლებისგან სხვა წინადადება მიიღო. ბიუროკრატიის ენაზე ამას “ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება” ეწოდება, მაგრამ გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, “სხვაგან გადასახლება” გამოდის. როგორც წესი, ქალაქიდან პროვინციებში ასახლებდნენ და ამით დევნილებს ფაქტობრივად მოესპოთ სამსახურის პოვნის შანსი.
ეს არის დევნილების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია.
თავიდან მოშორება
“უბრალოდ სურთ, რომ თავიდან მოგვიშორონ”, – ამბობს გალინა სულავა. ოდესღაც ის გაგრაში ცხოვრობდა, შემდეგ ფოცხოეწერის საერთო საცხოვრებელი, ბოლო 7 წლის მანძილზე კი ის ბინას ქირაობს თბილისში.
“თავიდან გვიშორებენ, თვალში რომ არ ვეჩხირებოდეთ და არავის აღელვებს, შიმშილით დავიხოცებით, თუ არა. დევნილს 8 კვადრატული ფართობის ოთახში აგდებენ და არავინ ინტერესდება, რით გამოკვებავს ის ამ ოთახში თავის შვილებს.”
საქართველოში არსებობს სპეციალური სამინისტრო, რომელიც იძულებით გადასახლებული ადამიანების პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. როდესად “კომპაქტურ დასახლებებში” ჟურნალისტები ჩადიან, დევნილები ხშირად იწყებენ კამათს, თუ “ლტოლვილთა” რომელი მინისტრია ყველაზე ცუდი. როგორც წესი, საერთო აზრამდე მისვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე.
როდესაც საუბარია შემწეობასა და განსახლებაზე, ქართული მედია იძულებით გადასახლებულთა საქმეების სამინისტროს ახსენებს ხოლმე. ბოლო წლების განმავლობაში შემწეობის თანხა რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ მაინც უმნიშვნელო და სიმბოლურია. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა განსახლების მხრივაც – “ლტოლვილები” საცხოვრებლით უზრუნველყვეს, მაგრამ იქ ყველა ვერ იცხოვრებს.
ყურადღების გამოვლენა
“დედის დღეს სოფელში საჩუქრები ჩამოიტანეს. თქვენი აზრით, რამდენი? სამი! თითქოს ჩვენთან მხოლოდ სამი დედა ცხოვრობდეს,” – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც აღნიშნა, რომ ნადეჟდა ჰქვია. სინამდვილეში ეკონომიის გაკეთება არ უცდიათ (ეს რომ ასე იყოს, ისე ძალიან გულდასაწყვეტი არ იქნებოდა), უბრალოდ, ჩინოვნიკებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს ელემენტარული ყურადღების გამოჩენა.
ფოცხოეწერში ჩასახლებულთა მიმართ უგულისყურობის მაგალითია ისიც, რომ სოფლიდან მეზობლად მდებარე დაბა ჯვარში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ კვირაში სამჯერ დადის. ჯვარში უახლოესი აფთიაქი მდებარეობს – ანუ იქ ჩასვლის აუცილებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ვითარებაზე რეგიონულ ხელისუფლებასთან არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა, სახელმწიფო მოხელეების თქმით, ფოცხოეწერში იმდენი ადამიანი არ ცხოვრობს, რომ ამ სოფლის გავლით ყოველდღე ავტობუსი დადიოდეს.
სამეგრელოს რეგიონი, სადაც “დევნილთა ქალაქი” მდებარეობს, აფხაზეთს ესაზღვრება და ამიტომ, სწორედ ამ მხარეს მოაწყდა დევნილთა პირველი ტალღა ქართულ-აფხაზური ომისა და მის შემდგომ პერიოდში. ამჟამად ამ რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 30%-ია კონცენტრირებული.
გამოქვეყნდა: 27.05.2016