26 მაისს საქართველოში პირველად გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა
გაზიარება
გაზიარება
როგორია საქართველოს სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, რა პრობლემები და გამოწვევები აქვს ქვეყანას თავდაცვის მიმართულებით; ისლამური სახელმწიფო და მისგან მომავალი საფრთხეები რეგიონისთვის, ომი სირიასა და ერაყში და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა; კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკური მდგომარეობა ნატოს წევრ ქვეყნებში. ასევე სოცილური მედიის რევოლუცია, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც თბილისში 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. ჩრდილოატლანტიკური კავშირის საპარლამენტო ასამბლეა აქამდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა არაწევრ ქვეყანაში.
სესიაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიიღებაა დაგეგმილი. ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ვიზიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები კონფლიქტური ზონების მიმდებარე სოფლებსაც ეწვევიან.
“ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სესიის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. ხვალ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლისთავი აღინიშნება.
თბილისში 600-მდე დელეგატია ჩამოსული. წევრი ქვეყნების პარლამენტარები, ასევე ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
სესიას ვერ დაესწრება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს ვიზიტი.