შეტყობინება მისი გაუჩინარების შესახებ 112-მა კვირას, 5 იანვარს მიიღო. ტურისტს მაშველები ერთი დღე ეძებდნენ და სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მის ცხედარს თოვლის დიდ მასაში მიაკვლიეს.
დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული.
წინასწარი ინფორმაციით, რუსი ტურისტი გადაადგილებისთვის აკრძალულ ზონაში იმყოფებოდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა 2020 წელს გუდაურში ტურისტის გარდაცვალების.
31 დეკემბერს ზვავმა გუდაურში ფინელი ტურისტი იმსხვერპლა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ფინელი ცოლ-ქმარი საქართველოში ახალი წლის შესახვედრად იყვნენ ჩამოსული. ისინი გუდაურში, დედა ენის პლატოზე იყვნენ, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თოვლის მასიდან იგი ადგილობრივებმა ამოიყვანეს.
გუდაური საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტია, ყაზბეგის რაიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზასთან.
ყოველწლიურად გუდაურს ათასობით ტურისტი სტუმრობს. ბოლო წლებია, ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია რუს და უკრაინელ ტურისტებს შორის.
მთიანი რელიფის გამო, ხშირია ზვავსაშიშროება და ზვავით გამოწვეული უბედური შემთხვევები. ხშირად, გაფრთხილების მიუხედავად, ტურისტები ზვავსაშიშროების ადგილებში მიდიან, რაც უბედურ შემთხვევებს იწვევს.