აზერბაიჯანული ქალაქი გიოიჩაი ბროწეულის სამშობლოდ მიიჩნევა.
7 ნოემბერს ამ გემრიელი და სასარგებლო ხილის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღესასწაული 2006 წელს აღნიშნეს.
ფესტივალზე სხვადასხვა ჯიშის ბროწეულით დამზადებული მრავალნაირი პროდუქცია იყო წარმოდგენილი: ბროწეულის წვენი, ნარდანჩა (ბროწეულის მარცვლებისგან დამზადებული სოუსი), ნარშარაბი, გასუფთავებული ბროწეული და ამ ხილით დამზადებული ტორტები.
ნარშარაბი მჟავე სოუსია, რომელსაც თევზთან ერთად მიირთმევენ ხოლმე. მის მოსამზადებლად ბროწეულის წვენსა და რბილობს სასურველ კონსისტენციამდე ადუღებენ, ამ სოუსს მუქი წაბლისფერი შეფერილობა აქვს.
წელს დღესასწაულში 15 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილობა.
გიოიჩაის მთავარ მოედანზე გამოფენილმა ექსპონატებმა არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეები, არამედ უამრავი ტურისტიც დააინტერესა.
დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რომელმაც აღნიშნა, რომ გიოიჩაი აზერბაიჯანის ბაზარზე წარმოდგენილი ბროწეულის ერთ მესამედს აწარმოებს. წელს გიოჩაიში 47 ათასი ტონა ბროწეული მოვიდა. მოსავლის ნახევარი ექსპორტზე გასატანი პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენება.