გიგა ოთხოზორიას მკვლელობა
31 წლის გიგა ოთხოზორიას სიკვდილმა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად დაძაბა სიტუაცია. შემთხვევა 19 მაისს, გალის რაიონში მოხდა. სოციალური ქსელები ნეგატიური კომენტარებითა და დისკუსიებითაა გადაჭედილი და ადამიანების დიდი ნაწილი პრეტენზიას უყენებს ხელისუფლებას, რომელსაც არასაკმარისად მკაცრი რეაქციის გამოვლენაში ადანაშაულებს.
JAMnews გთავაზობთ მომხდარის დეტალურ სურათს ისე, როგორც ეს ორივე მხრიდან მოჩანს.
რა მოხდა 19 მაისს
ქართული მხარის ვერსია:
19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.
ოთხოზორიას ორი სამხედრო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა მიაყენეს. ერთი ტყვია მას შუბლში აქვს მოხვედრილი.
ამ მკვლელობის ვიდეოკადრებიც არსებობს, რომლებიც ქართულ საგუშაგოსთან დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. კადრები უკვე ამოიღეს ქართველმა სამართალდამცავებმა და ისინი მედიითაც გავრცელდა.
სწორედ ეს კადრები უჩვენეს სამართალდამცავებმა ადგილობრივებს ეჭვმიტანილების ამოსაცნობად.
ქართველი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათთვის უკვე ცნობილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა.
თვითმხილველთა თქმით, ეს არის აფხაზი მესაზღვრე, ტყვარჩელის მკვიდრი, რაშიდ კანჯი-ოღლი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი გარდაცვლილსა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის გამშვებ პუნქტთან დაიწყო.
ოთხოზორიას ოჯახის განცხადებით, იგი გალში ნათესავის ქელეხისთვის საჭირო სურსათის გადაგზავნას ცდილობდა, რისთვისაც აფხაზმა მესაზღვრეებმა მას ფული მოსთხოვეს, რაც შელაპარაკების მიზეზი გახდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, შელაპარაკების შემდეგ ოთხოზორია უკან, ქართული საგუშაგოს მიმართულებით გამოტრიალდა, თუმცა მას ორი აფხაზი მესაზღვრე დაედევნა – ცეცხლი მას უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუხსნეს. შემთხვევა დღის სამ საათზე მოხდა. საგუშაგოსთან იმ დროს ჩვეული ხალხმრავლობა იყო და ამდენად, მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავს.
აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 31 წლის იყო და ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მისი ნათესავები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ის ბავშვობაში დევნილად იქცა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არასდროს გადასულა.
პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო. გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
როგორც შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, 4-წლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთის მიმართულებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენის მიზნით, პირველი შეხვედრა ‘უახლოეს მომავალში გაიმართება’. თუმცა, კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველომ პასუხი – არა რუსეთისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან უნდა მოითხოვოს.
‘ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, რაც ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც აქამდე ხორციელდებოდა. თუმცა, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ, მაგრამ მოვითხოვთ, რაც შეიძლება, მკაცრად დაისაჯოს ის ადამიანი… რუსეთისგან რას უნდა მოველოდეთ, რუსეთი რას დასჯის? საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ… ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა და ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,’ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
‘არა ოკუპაციას’, ‘რუსეთი კლავს’ – ასეთი ტრანსფარანტებით აპროტესტებდნენ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას თბილისსა და ზუგდიდში მოწყობილ საპროტესტო აქციებზე.
რას წერენ სოციალურ ქსელებში:
ოთხოზორიას მკვლელობამ დიდი ხმაური გამოიწვია სოციალურ ქსელებში.
პირველი ტენდენცია: მომხდარში რუსეთია დამნაშავე
‘რაც საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე დადგა, მიმდინარეობს ომი რუსეთის იმპერიასთან, რომელსაც აქვს ცხელი ფაზები, ათასობით მოკლულითა და დასახიჩრებულით, ათიათასობით ლტოლვილით და შედარებით ნელ-თბილი პერიოდები, როცა ასე შეიძლება მოკლან ადამიანი ე.წ. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ყოველდღიურ ტერორზე არაფერფერი რომ არ ვთქვათ (და რომელზეც ისედაც ხმას არ ვიღებთ). საქართველო ომშია დაუძინებელ მტერთან, გვინდა ამის დანახვა თუ არა.’
‘პირდაპირ ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო ადამიანებს ვერ იცავს; კაციშვილი არაა ადგილზე მკვლელის შემაკავებელი. ვაღიაროთ, რომ მშვიდობა ვერ მოაქვს არსებულ ‘დარეგულირების’ პოლიტიკას. რუსეთი მოდის და პირდაპირ კლავს, აი, ასე სასტიკად.’
მეორე ტენდენცია: აფხაზები არ იმსახურებენ კეთილმოსურნე ურთიერთობებს
‘სამაგიეროდ ჩვენ ველაქუცოთ აფხაზებს, ველაპარაკოთ ძმობაზე, უფასოდ ვუმკურნალოთ, ვახარჯოთ ბიუჯეტიდან თანხები, ეგება მოწყალე თვალით გადმოგვხედონ მაინც! ჰო, იქნებ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებს მაინც დათანხმდენ… ამავე დროს გვაგინონ, გვხოცონ, გვეძახონ ‘ძაღლები’ და ლაჩრები… ‘
‘ჩვენ რომ თავმოყვარე სახელმწიფო ვიყოთ, ამ ძაღლებს ჩვენი სპეცსამსახურები იპოვნიდნენ და სამაგალითოდ დასჯიდნენ,’ – წერენ ფეისბუკის ქართველი მომხმარებლები.
მესამე ტენდენცია: აგრესია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, პაატა ზაქარეიშვილის მიმართ
განსაკუთრებული აჟიოტაჟი ფეისბუკზე გამოიწვია პაატა ზაქარეიშვილის კომენტარმა, რომელმაც ხურჩის მკვლელობაზე საუბრისას გამოიყენა სიტყვები – ‘არა სისტემური, არამედ გამონაკლისი მკვლელობა.’ სოციალური ქსელის მომხმარებლები სიტყვა ‘გამონაკლისმა’ გააღიზიანა.
‘წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი მოკლეს ოკუპანტებმა და ზაქარეიშვილი ამ კომენტარს აკეთებს. შემდეგ გაიხსენეთ ისიც, რომ ამ კაცს თქვენვე უხდით ხელფასს და შეაფასეთ.’
‘რას ნიშნავს გამონაკლისი? ყველა ადამიანის სიცოცხლე გამონაკლისი და ერთადერთია, როგორ შეიძლება მინისტრი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებდეს!’
ექსპერტების შეფასება
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და მომხდარ მკვლელობაზე უფრო მძაფრ რეაგირებას ითხოვენ.
‘თავისუფალი დემოკრატების’ ლიდერი ირაკლი ალასანია:
‘ეს ყველაფერი რომ მოხდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამან საშინლად გამაცოფა. სასწრაფოდ, საგანგებოდ მისაღებია ზომები. თუ იქ პოლიციელი იდგა, მისი ვალი იყო, სასწრაფო რეაგირება მოეხდინა და ცეცხლი გაეხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც საქვეყნოდ დახვრიტა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე.’
სალომე სამადაშვილი, ‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრი:
‘ჩვენი ხელისუფლების სრულიად უპასუხისმგებლო და გაუაზრებელ პოლიტიკას შეეწირა ჩვენი თანამოქალაქე. ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, თუ რა მოეწონებათ კრემლში და არა იმის მიხედვით, თუ რა შედის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებში. ქართულმა მხარემ უნდა გამოაცხადოს, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები წყდება, სანამ საქმის გამოძიება არ დაიწყება. უნდა დასრულდეს თავის მოტყუების პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და მოიქცეს ისე, როგორც იქცევა სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლება.’
ვერსია სოხუმიდან
19 მაისს გალის რაიონის სოფელ ბათაიგუარაში, აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ‘ნაბაკიას’ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა კონფლიქტი აფხაზ მესაზღვრეებსა და საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორიას შორის.
ოთხოზორია თავის ამხანაგთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე პროდუქტებით დატვირთული საზიდრის გადატანას ცდილობდა. თუმცა, მას არ ჰქონდა აფხაზეთში შესვლისათვის საჭირო საშვი, რომელსაც ადგილობრივი ადმინისტრაცია გასცემს. ამის გამო, მას სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.
ამხანაგი, რომელიც ოთხოზორიას ახლდა, აღარ შეკამათებია მესაზღვრეებს და უკან, საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა.
ოთხოზორია კი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოითხოვდა, რომ მისთვის აფხაზეთში გადასვლის საშუალება მიეცათ. იგი ხმამაღლა იგინებოდა, მესაზღვრეს ემუქრებოდა და დებოშის მოწყობას ცდილობდა. ოთხოზორიას სათანადო პასუხი გასცეს, რის შემდეგაც ის უკან გაბრუნდა. აფხაზი მესაზღვრე დაეწია ოთხოზორიას და ტაბელური იარაღიდან მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ, აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის (‘წინასწარ განზრახული მკვლელობა’) საფუძველზე, აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სამესაზღვრეო რაზმის სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამას გარდა, აფხაზეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს იმისთვის, რათა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოპოვებული მასალების მიღებისა და მათი გამოძიების პროცესში ჩართვის საშუალება მიეცეთ. ამისათვის შესაძლებელია ჟენევის დისკუსიის ფორმატის გამოყენება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურიბის უზრუნველყოფის მიზნითაა შექმნილი.
ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა.
‘მწუხარებას გამოვხატავთ იმ ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელსაც მცირე ხნის წინ ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად, სამწუხაროა ისიც, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადაწყვიტა, ესარგებლა ამ შემთხვევით იმისთვის, რომ დაეძაბა მდგომარეობა და კიდევ ერთხელ ეცადა, პოლიტიკური ქულები მოეპოვებინა საინფორმაციო ომში იმით, რომ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა ‘სრულიად უკონტროლოდ’ გამოაცხადა და ინციდენტთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, რომელსაც ‘საოკუპაციო ძალა’ უწოდა.’
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავშეკავებულობა გამოიჩინოს და უარი თქვას შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებაზე მანამდე, ვიდრე უახლოეს მომავალში, ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმების ფარგლებში შესაბამისი განხილვა არ შედგება და, ამას გარდა, აფხაზეთში მიმდინარე გამოძიების შედეგები არ გაცხადდება.
სოციალური ქსელების მიმოხილვა
პირველი ტენდენცია. მოკვლა არ შეიძლება
‘როგორც უნდა მოიქცეს მთვრალი ქართველი, ეს მისი მოკვლის საფუძველი ვერ გახდება – იმიტომ, რომ ოთხოზორია შეიარაღებული არ იყო.’
მეორე ტენდენცია. ‘აჯობებს, ქართველებმა საკუთარ თავებს მიხედონ’
‘ასეთი ყოველისმომცველი ხმაური ატეხეს ქართველებმა მთვრალი დებოშირის მკვლელობის გამო. ისინი აფხაზებს ყველა ცოდვაში ადანაშუალებენ. თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და არავინ აპირებს, ეს საქმე ჩაფარცხოს. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე მათი დივერსანტები გადმოდიოდნენ და ჯგუფებად ხოცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რატომღაც კანონი და მორალური კატეგორიები არავის ახსენდებოდა საქართველოში. პირიქოთ – მკვლელებს ეროვნულ გმირებად აქცევდნენ. ახლა კი შეიგრძენით განსხვავება.’
ექსპერტთა შეფასება
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნარდაია:
‘საქმეს აფხაზეთის პროკურატურა იძიებს. გასაგებია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები და დამოკიდებულებები არსებობს, მაგრამ არსებობს სამართალი და კანონი. ამ ვიდეორგოლში [რომელიც სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა ატვირთეს] ინციდენტის მხოლოდ ერთ ნაწილს ვხედავთ. თუმცა, არ ჩანს ის, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი – კერძოდ კი მთვრალი ადამიანის თავდასხმა მესაზღვრეებზე და ფიზიკური ძალადობა.
აფხაზი მესაზღვრეების ბრალი ისაა, რომ არ დააპატიმრეს ადამიანი, რომელმაც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებთან იჩხუბა. ასე რომ მოქცეულიყვნენ, მკვლელობა არ მოხდებოდა.
ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ. ყოველდღიურად საზღვარზე რამდენიმე დამრღვევს აკავებენ, შესაბამის ადგილას გადაჰყავთ და აჯარიმებენ. ზოგიერთის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება ხოლმე. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი.
მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენმა მესაზღვრემ მართლაც გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებებს და ადამიანი მოკლა, რის გამოც, მან პასუხი უნდა აგოს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ირკვევა, ადგილობრივები ყველაზე ყურადღებიან და გაწონასწორებულ თანამშრომლად სწორედ ამ სამხედრო მოსამსახურეს ახასიათებენ.’
თემურ ნადარაია
‘ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის’ უფლებადამცველი ასიდა შაკრილი:
‘საქმის დეტალური (და არა სხვების დასანახად ჩატარებული ზედაპირული ) გამოძიება და ამ გამოძების შედეგად გამოვლენილი დამნაშავის დასჯა აფხაზი სამართალდამცველების ღირსების საქმეა.
იმიტომ, რომ საქმე არ ეხება რაღაც კერძო შემთხვევას – როგორიცაა მაგალითად, ბაზარში დაწყებული ჩხუბი. ამ შემთხვევაში ინციდენტი მოხდა საზღვარზე და ამის შედეგად აფხაზმა მესაზღვრემ ადამიანი მოკლა. სწორი დასკვნების გაკეთება და დამნაშავის სამართლიანად დასჯა გვჭირდება არა იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ქულები დავიწეროთ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი საკუთარი სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და ნორმალური, სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ.’
JAMnews დოსიე
- ცამეტთვიანი ომი 1992-93 წლებში მიმდინარეობდა – იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აფხაზეთი კი თავის მხრივ მოითხოვდა დამოუკიდებლობას საქართველოსგან. 1993 წლის სექტემბერში აფხაზურმა ძალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს აფხაზეთის ტერიტორია. აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარმა (ძირითადად ქართველებმა) საკუთარი სახლები დატოვა.
- 1994 წლის მაისში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც ომი დაასრულა. თუმცა, რეგიონში მშვიდობამ და სტაბილურობამ მაინც ვერ დაისადგურა
- 19 მაისის ინციდენტს ქართველ სამართალდამცავებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც სწავლობენ.
- აშშ-ს საელჩომ მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე. ამას გარდა, განცხადებაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ‘აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.’
ფოტო გარეკანზე: საპროტესტო აქცია თბილისში. 2016 წლის 22 მაისი